რას გვთავაზობენ ძვირადღირებული ქართული კერძო სკოლები - ფასები და პირობები

 რას გვთავაზობენ ძვირადღირებული ქართული კერძო სკოლები - ფასები და პირობები

კარგი სკოლის შერჩევა ნებისმიერი მშობლის მთავარი ამოცანაა მას შემდეგ, რაც მისი შვილი ბაღში სიარულის პერიოდს ამთავრებს. მშობელი ცდილობს საკუთარ კრიტერიუმებს მოარგოს არსებული საჯარო თუ კერძო სკოლებიდან ერთ-ერთი, რაც საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე აყენებს მას. თუ მშობელი საჯარო სკოლას ირჩევს, მას უამრავი დეტალის გადამოწმება უწევს: სკოლის სახელი (იმიჯი), მასწავლებლების კვალიფიკაცია, სკოლადამთავრებულების განათლების ხარისხი და ა.შ. ხოლო თუ მშობელს კერძო სკოლაში სურს შვილის მიყვანა, ყველა სხვა კრიტერიუმთან ერთად, მას ფინანსური მხარის განხილვაც უწევს: მთავარი აქ ერთი ფაქტორია: გაწვდება თუ არა მშობლების ბიუჯეტი კერძო სკოლის გადასახადს.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2013-1014 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 244 კერძო სკოლა იყო. იმავე მონაცემებით, კერძო სკოლებში წლის დასაწყისისთვის მოსწავლეთა რაოდენობა, დაახლოებით, 51 ათასია. ambebi.ge დაინტერესდა, რა უჯდება მშობელს შვილის კერძო სკოლაში ტარება. როგორც აღმოჩნდა, სკოლებში წლიური გადასახადი 1000 ლარიდან 17 000 ლარამდე მერყეობს. რა იწვევს ფასების ამხელა სხვაობას და რას სთავაზობენ, რეალურად, კერძო სკოლები მშობლებს?

ერთ-ერთ კერძო მრავალპროფილიან საშუალო სკოლაში აღნიშნავენ, რომ 1-8 კლასების ჩათვლით სწავლა 1200 ლარი ღირს, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში კი მშობელს 1500 ლარის გადახდა მოუწევს წლის განმავლობაში. აღნიშნული სკოლა მოსწავლეს სთავაზობს: ინგლისური და რუსული ენის გაძლიერებულ სწავლებას პირველი კლასიდან; გერმანული ენა მეხუთე კლასიდან; მათემატიკის გაძლიერებულ სწავლას; უნარ-ჩვევების სპეციალურ კურსს; ხალხური სიმღერების და საგალობლების შესწავლას, ხატწერას; რელიგიის და კულტურის სწავლა მესამე კლასიდან; ჭადრაკის გაკვეთილები პირველი კლასიდან; კარატე; აერობიკა; მხატვრული ტანვარჯიში; სწავლების მესამე საფეხურზე (X, XI, XII კლასები) ქართულის, მათემატიკის, უცხო ენების და უნარ-ჩვევების გაძლიერებულ სწავლებას; და, მოთხოვნის შემთხვევაში: საქართველოს ისტორიის და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებული სწავლას. ასევე გახანგრძლივებულ ჯგუფებს უმცროსკლასელებისთვის.

შედარებით მაღალი წლიური გადასახადის მქონე, ევროპული სასწავლებელი მოსწავლეს ორ, ქართულ და ფრანგულ სექტორს სთავაზობს: მოსწავლე პირველი კლასიდან სწავლობს ინგლისურს, მე-9 კლასში მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში სწავლობს საფრანგეთში, კოლეჯში; მეთერთმეტე კლასში ერთი თვე სწავლობს საფრანგეთში, ლიცეუმში; სკოლაში გაიცემა ორი, საქართველოში აპრობირებული და საფრანგეთში აპრობირებული დიპლომი. ასევე, მეცხრე კლასის ბოლოს საფრანგეთის ევროპულ საგამოცდო ცენტრში მოსწავლე აბარებს გამოცდებს კოლეჯის დიპლომზე "ბრევე" (BREVET DES COLLGES); ხოლო მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების ბოლოს აბარებს ლიცეუმის გამოსაშვებ გამოცდებს, საფრანგეთის ევროპული საგამოცდო ცენტრში "ბაკალავრეატის" დიპლომზე Baccalaurat; სკოლაში პერიოდულად მუშაობენ ფრანგი ტრენერები და ტარდება ონლაინ გაკვეთილები ფრანგ მასწავლებლებთან.

აღნიშნული სკოლის წლიური გადასახადი 1-5 კლასებში 3000 ლარს შეადგენს. 6-12 კლასებში კი 3000 ლარზე მაღალია.

საინტერესოა, რას სთავაზობს ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი კერძო სკოლა (აკადემია) მოსწავლეს. აქ სწავლების ღირებულება 11 000-დან 15 000 ლარამდე მერყეობს. აკადემია მოსწავლეებს ქართულ და ბრიტანულ საერთაშორისო პროგრამებს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე სთავაზობს. დაწყებითი კლასების დიდ ნაწილში განთავსებულია ინტერაქტიული დაფები. აკადემიას აქვს სათანადოდ აღჭურვილი ხელოვნებისა და მუსიკის ოთახები, კომპიუტერების ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს შემეცნებითი, მხატვრული და პროფესიული ლიტერატურის კოლექციას.

როგორც აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული, სასწავლებელი მოსწავლეს ჯანსაღ კვებას სთავაზობს. მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობენ ფსიქოლოგიის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მასწავლებლებსა და მშობლებს ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური თავისებურებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში და დახმარების სტრატეგიების შემუშავებაში ეხმარებიან.

კერძო სკოლის მაძებარ მშობელს google-ის საძიებო სისტემის დახმარებით უპრობლემოდ შეუძლია კერძო სკოლების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ასევე არსებობს საიტები, სადაც კერძო სკოლების თითქმის სრული ჩამონათვალია მოცემული. აღნიშნული ჩამონათვალი კერძო სკოლების დასახელებებსა და საკონტაქტო ინფორმაციას მოიცავს. ასე რომ, მსურველს შეუძლია საჭირო ინფორმაციის მიღება და სასურველი კერძო სკოლის მისთვის მისაღები კრიტერიუმებით შერჩევა.

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ: ყველა სიახლე ახალი სასწავლო წლისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია