ღამის საათებში ხმაურისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებით? - ახალი რეგულაციის დეტალები

ღამის საათებში ხმაურისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებით? - ახალი რეგულაციის დეტალები

თბილისის საკრებულო მომდევნო კვირიდან საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურისთვის ჯარიმის შემოღების საკითხზე დაიწყებს მუშაობას. საუბარია რესტორნებში, კლუბებსა და ბარებში ხმამაღალ მუსიკასა და ხმაურზე. აკრძალვა შესაძლოა დაწესდეს ასევე ფოიერვერკების გაშვებაზეც. აღნიშნული ინიციატივის ავტორი დეპუტატი ალეკო ელისაშვილია, რომელსაც ambebi.ge ესაუბრა.

- რამ განიპირობა ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურზე რეგულაციების შემოღება?

- აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობა 2 დღის წინ დაიწყო ურბანულ და იურიდიულ საკითხთა კომისიამ. ჩემი საკრებულოში მოსვლის დღიდან არაერთი განცხადება შემოვიდა პირადად ჩემს სახელზე, სადაც მოსახლეობა ითხოვდა ხმაურის აღკვეთას, რადგან ძალიან შეწუხებულები არიან რესტორნებიდან, ბარებიდან მომავალი ხმაურით, ასევე შუაღამეს გაშვებული ფოიერვერკების, მოტოციკლებისა და მაყუჩის გარეშე მავალი მანქანების ხმაურით. ამ ყველაფერის გამო, გადავწყვიტეთ, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.

- როგორ რეგულირდებოდა აღნიშნული საკითხი დღემდე?

- არსებული დებულების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის 2001 წელს მიღებული და 2004 წელს კორექტირებული დებულებაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მასში არანაირ სანქციებზე არ არის საუბარი. შეწუხებული მოქალაქეები ზედამხედველობისა და პატრულის თანამშრომლებს გამოიძახებდნენ, ისინი კი მხრებს აიჩეჩავდნენ და მიდიოდნენ. ამას ჭირდება დარეგულირება, რადგან ადამიანებს აქვთ უფლება, ღამე მშვიდად ეძინოთ. 11:00-დან დილის 7 საათამდე უნდა აიკრძალოს ხმამაღალი მუსიკა და საერთოდ ხმაური. ამას ემსახურება ეს პროექტი. რეგულაციის შემოღების შემდეგ, მსგავს შემთხვევებში მოქალაქეები გამოიძახებენ ზედამხედეველობის სამსახურს, რომელიც სპეციალური აპარატით გაზომავს ხმაურს და თუ ხმაურის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება, სოლიდურ ჯარიმას გამოწერენ. 11:00 საათამდე, ვისაც უნდა, იხმაურებს. კაფეებისა და ბარების მფლობელებს ექნებათ ცოცხალი მუსიკა 11:00 საათამდე, ან კეთილი ინებონ და ხმის იზოლაცია მოახდინონ. მუსიკალურ სტუდიებში, ტელევზიებში კედლებს სპეციალური მასალით ფუთავენ, შიგნით რაც არ უნდა იხმაურო, გარეთ ხმა არ გამოდის. ან ხმის იზოლაციაზე იზრუნონ ან 11:00 საათზე დაამთავრონ კონცერტი.

- კიდევ რა სახის ხმაურზე იქნება ჯარიმები?

- ნებისმიერი ხმაური უნდა გაიზომოს. იქნება ეს უაბანში ხმაური, თუ ბარ-რესტორნების ხმაური. თუ ქუჩაში რამდენიმე "პავაროტი" ზის და რამდენიმე "პაატა ბურჭულაძეც" მიუჯდა, დაიწყეს ხალხის შეწუხება, მათაც გაუზომავენ ხმას და 41 დეციბელზე მეტი თუ ექნებათ, მათაც დააჯარიმებენ. ცალკე დასარეგულირებელია მშენებლობის პროცესის შედეგად წარმოქნილი ხმაური. უამრავ ადგილას მიდის მშნებელობა და ბოძების ჩასმა ღამე - ესეც უნდა გაიზომოს... ასევე უნდა გაიზომოს მოტოციკლების ხმური, ფოიერვერკებზეც აუცილებელია რეგულაციის დაწესება. ჩვენ არ გვქონდა საერთოდ მარეგულირებელი ბაზა, ამიტომ ვნახავთ ევროპულ ქალაქებში როგორ რეგულირდება. მე ვიცი, რომ სპეციალურ ნებართვებს იღებენ.

- დაკონკრეტებულია თუ არა სანქციების საკითხი და თუ არის მიახლოებით დადგენილი ჯარიმების ოდენობა?

- ძალიან სოლიდური ჯარიმების მომხრე ვარ. მე პირადად ვემხრობი, რომ მინიმუმ იყოს 1000 ლარი ჯარიმა. გომის ქუჩაზე მოსახლეობას ველაპარაკე, უკვე მეორე წელია ამ ხალხს არ სძინავს. წინ არის თინეიჯერული ღამის კლუბი და დღედაღამე უკრავენ იქ მუსიკას, დილის 6 საათამდე ზის ეს ხალხი, არის დანერვოზებული და დასტრესილი, იგივე ხდება ტაბიძის ქუჩაზე, ქიაჩელის ქუჩაზე. ვიღაცას რომ ბარი აქვს და ღამე უნდა დახტადუბარა რაღაცები დაუკრას, ამიტომ მე რა დავაშავე, ხომ არ უნდა გავყიდო სახლი და გადავიდე იმის გამო, რომ იქ ვიღაც უტიფრები არიან. 23:00 საათამდე რაც უნდათ ის ქნან. 11:00-ის მერე კეთილი ვინებოთ და მივეჩვიოთ ერთმანეთის პატივისცემას.

თეა ბითაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ