"მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯა"

"მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯა"

ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს (პაატა ცაავა) დათვს სახელი მას შემდეგ გაუვარდა, რაც სოფელ სალხინოში, რაც 75 წლის სენაკელმა პატიკო გულორდავამ დათვსა და საკუთარი 13 წლის შვილიშვილის, დიმა კაკულიას შორის მომხდარი "ინციდენტის" შესახებ პრესაში განაცხადა:

"ჩვენი სოფლის ახალგაზრდები და მათ შორის ჩემი შვილიშვილი, დიმა კაკულია სოფელ სალხინოში იყვნენ დადიანების რეზიდენციის დასათვალიერებლად. მეუფე პეტრეს რეზიდენციასთან რომ მისულან, დათვის გალიასთან დაუწყიათ სურათების გადაღება. გალიის გისოსები ისე ყოფილა დაშორებული ერთმანეთთან, რომ დათვი ტორებს გალიის გარეთ ჰყოფდა. ჩემი შვილიშვილი, დიმა რომ დამდგარა გალიასთან, მოულოდნელად დათვმა გალიიდან ტორი გამოყო, რომელიც ბავშვს ფეხში გამოსდო და დიმა წააქცია. წაქცეული ბავშვი დათვმა მარჯვენა ფეხით შეათრია გალიისკენ და მარჯვენა ფეხში ჩააფრინდა. ერთ-ერთმა მეზობელმა რკინის ნაჭერი დასცხო დათვს ცხვირზე და ასე გააგდებინა მხეცს ბავშვის მარჯვენა ფეხი პირიდან. მარტვილში ბავშვის სანახავად რომ ჩავედი, ექიმმა მიხეილ გაბისონიამ მითხრა, რომ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯაო".

ამ შემზარავი ამბის შემდეგ, მურა დათვის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, სამაგიეროდ, შეიცვალა დასახელებული ექიმის ცხოვრებაში. ამ უკანასკნელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა: "ამ ადამიანის განცხადებამ უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდო, - აღნიშნული შემთხვევა თებერვალში მოხდა. ნამდვილად ვუმკურნალე პაციენტს, მაგრამ იმის თქმა აზრად არ მომსვლია, რასაც ეს ადამიანი ამბობს, რომ მეუფის დათვმა ოთხი ადამიანი დაგლიჯაო. ან საიდან უნდა მომსვლოდა, როცა ასეთი ფაქტი არ მომხდარა.

- აბა, რამდენი დაგლიჯა?

- ზოგადად, დათვის მიერ ადგილობრივი დაფლეთვითი ჭრილობების ორი შემთხვევა მქონდა. მათ შორის აღნიშნულ პაციენტსაც ფეხზე დაფლეთვითი ჭრილობა ჰქონდა. ორივე შემთხვევა იმიტომ მოხდა, რომ პაციენტები დათვს ძალიან მიუახლოვდნენ, ისეთ მანძილზე, რომელზეც ნადირთან არ შეიძლება მიახლოება. დათვები ყველგან გალიაში ჰყავთ, ყველგან საშიში არიან, სადაც ზომაზე მეტად მიუახლოვდები, შესაძლოა მსგავსი რამ მოხდეს. მაგრამ ყველა ადეკვატურ სიტუაციაში არის გამაფრთხილებელი წარწერა, რომ იქ მიახლოება არ შეიძლება. არც "სალხინოელი დათვია" გამონაკლისი, იქაც ყველა ეს ატრიბუტი იყო. ბავშვი სამღვდელოების წარმომადგენლებმა მოიყვანეს, ვუმკურნალე და გამოჯანმრთელდა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ჰყავდეს მეუფეს რეზიდენციაში დათვი?

- ალბათ ამაზე ჩემზე უკეთესად მეუფე გაგცემთ პასუხს, მაგრამ მე როგორც ვიცი, მას ეს დათვი მაშინ აჩუქეს, როცა პატარა და ობოლი ბელი იყო.… არა მგონია, ობოლი ბელის გაზრდა დანაშაული იყოს. ჩემი აზრით უკეთესი იქნება, თუ მსგავს სიტუაციაში უფროსები გაამახვილებენ ყურადღებას, რომ ბავშვები გალიასთან ახლოს არ მივიდნენ"…

განაცხადა ექიმმა, რის შემდეგაც შევეცადეთ მეუფე პეტრეს დავკავშირებოდით. თუმცა მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა გვითხრა, რომ მეუფე ამ ფაქტზე კომენტარს არ გააკეთებს:

- მეუფე თავად ქადაგებს მიმტევებლობას და შემწყნარებლობას, ამიტომაც აღნიშნულ ამბავზე დავა მისთვის მიუღებელია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია