ცვლილება საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაში და განათლების სისტემის დაფინანსების ხარვეზები

ცვლილება საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაში და განათლების სისტემის დაფინანსების ხარვეზები

არღვევს თუ არა თანასწორობის უფლებას საქართველოში ზოგადი განათლების დაფინანსების სისტემა - ამ თემას მიეძღვნა გამოკვლევა, რომლის პრეზენტაციაც 18 სექტემბერს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამართა. გამოკვლევის ავტორთა აზრით, განათლების სისტემაში არსებული დაფინანსების პირობებში გრძელვადიანი და რეალური შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში 162 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი სწავლობს. თეონა ყაჭეიშვილი, სკოლის დირექტორი, წუხს, რომ დაფინანსების სქემა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემაში ამჟამად მოქმედებს, მისი სკოლისთვის საკმარისი არ არის. სკოლის თვიური შემოსავლის - 11 000 ლარის - უდიდესი წილი მხოლოდ პედაგოგთა ხელფასების დაფარვას ხმარდება. არადა, სკოლის დირექტორის თქმით, სკოლა, უპირველეს ყოვლისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის ადაპტირებას საჭიროებს.

"ლიფტი არ გვაქვს სკოლაში. არადა, მეორე სართულზეა სამკურნალო დარბაზი, არტთერაპიის სახელოსნო. ფაქტიურად, დისკრიმინაციაა, რომ სკოლის შიდა პერიმეტრი საერთოდ არ არის ადაპტირებული. წარმოუდგენელია, რომ სკოლის თანხებით ან ლიფტი გავაკეთო, ან ამწე გავაკეთო, რომ ბავშვმა გადაადგილება მოახერხოს. მე ამის საშუალება არსებული ფინანსური ნორმატივით არ მაქვს. ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, რომ არის სკოლები, რომლებსაც წლის განმავლობაში რჩებათ ნაშთად, მაგალითად, 80 ათასი ლარი, რაც, დამეთანხმებით, ძალიან დიდი თანხაა, და არ იციან, როგორ მოიხმარონ", - ამბობს თეონა ყაჭეიშვილი.

გორელოვკის სკოლაში გახსნეს ქართული სექტორი და, წინა წელთან შედარებით, ხარჯები ამ სკოლას გაეზარდა 60 ათასი ლარით. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მიდგომაა არასწორი. ქართული სექტორი სოფელ გორელოვკაში ვერ იმუშავებს...

შალვა ტაბატაძე

თეონა ყაჭეიშვილმა ახსენა ის სკოლები, რომლებსაც, ზოგადი განათლების ვაუჩერული დაფინანსების შედეგად, არათუ აკლდებათ თანხები, არამედ ნაშთიც კი რჩებათ, რომელიც ხანდახან რამდენიმე ათეულ ათას ლარსაც შეადგენს. სწორედ ამ საკითხის გაანალიზებას მიეძღვნა გამოკვლევა, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ჩაატარა. გამოკვლევის შედეგად, ირკვევა, რომ ზოგადი განათლების დაფინანსების ის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, ეფექტური არ არის - ის თანასწორობის უფლებებს არღვევს. შალვა ტაბატაძე, ორგანიზაციის დირექტორი, იმ რამდენიმე მაგალითზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი თქმით, განათლების პოლიტიკასა და ზოგადი განათლების ვაუჩერული დაფინანსების ხარვეზს ცხადყოფს და შეცვლას საჭიროებს. მისი სიტყვებით, არსებული დაფინანსების პირობებში გრძელვადიანი და რეალური შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ერთ-ერთი არგუმენტი, რაც 2005 წელს საქართველოში ვაუჩერული დაფინანსების სისტემის შემოღებისას ისმოდა, იყოს ის, რომ სისტემა ხელს შეუწყობდა თანასწორობის უზრუნველყოფას, თუმცა ამ სისტემამ, შალვა ტაბატაძის თქმით, სხვა შედეგები მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, არაქართულენოვანი თუ მაღალმთიანი სკოლებისთვის, ასეევ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის დამატებითი დაფინანსებაა გამოყოფილი, შალვა ტაბატაძის თქმით, პრობლემა მაინც თვალსაჩინოა. მას ნინოწმინდაში სოფელ გორელოვკის სკოლის მაგალითი მოჰყავს, სადაც 55 მოსწავლე სწავლობს:

169 მოსწავლემდე სკოლებზე არ მუშაობს ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. არის ინდივიდუალური დაფინანსების სისტემა, რომელიც არ არის მიბმული ბავშვების რაოდენობაზე, და როგორ განისაზღვრება ამ სკოლების დაფინანსება, ცოტა რთული გასარკვევი გახდა ჩვენთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩავატარეთ გამოკითხვები დირექტორებს შორის...

ნათია გორგაძე

"გორელოვკის სკოლაში გახსნეს ქართული სექტორი და, წინა წელთან შედარებით, ხარჯები ამ სკოლას გაეზარდა 60 ათასი ლარით. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მიდგომაა არასწორი. ქართული სექტორი სოფელ გორელოვკაში ვერ იმუშავებს, ისევე როგორც ცალკე აღებულ სომხურ და რუსულ სექტორს ეფექტი არ აქვს. და სწორედ აქ არის გამოსავალი - ბილინგვური განათლება, როდესაც მოსწავლეს ორენოვან და ხარისხიან განათლებას აძლევ და არა ისე, რომ ერთენოვან განათლებას, მაგალითად, ქართულ ენაზე, და ის წიგნიერებას ვერ ავითარებს მშობლიურ ენაში და ანდა, პირიქით, აძლევ განათლებას მშობლიურ ენაში და ინტეგრაციას ვერ ახდენ, რადგან სახელმწიფო ენას ვერ ასწავლი. და ამაში სახელმწიფო ხარჯავს 275 ათას ლარს. ანუ ხუთი-ექვსი ათასი ლარი ერთ მოსწავლეზე, იმაში, რომ მათ მიიღონ ცუდი და უხარისხო განათლება", - ამბობს შალვა ტაბატაძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის შესახებაც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელი ნათია გორგაძე ამახვილებს ყურადღებას, არის დაბალკონტინგენტიანი - ანუ 169 მოსწავლემდე - სკოლების დაფინანსების საკითხი.

"169 მოსწავლემდე სკოლებზე არ მუშაობს ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. არის ინდივიდუალური დაფინანსების სისტემა, რომელიც არ არის მიბმული ბავშვების რაოდენობაზე, და როგორ განისაზღვრება ამ სკოლების დაფინანსება, ცოტა რთული გასარკვევი გახდა ჩვენთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩავატარეთ გამოკითხვები დირექტორებს შორის. რამდენად სამართლიანად ხდება თანხების გადანაწილება? რამდენად გამჭვირვალეა ეს სისტემა? რამდენად უზრუნველყოფილია ყველა მოსწავლე, რომ ერთნაირად მიიღონ ხარისხიანი განათლება, ამ კუთხით ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება", - ამბობს ნათია გორგაძე.

ვაუჩერული დაფინანსების სისტემამ, 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე, არაერთხელ განიცადა ცვლილება, თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც გამოკვლევაში ვკითხულობთ, 2014 წელს ვაუჩერული დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, 30 მილიონი ლარით შემცირდა და 380 მილიონი ლარი შეადგინა. აპირებს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადახედოს ვაუჩერული დაფინანსების არსებულ სისტემას? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს ლაშა საღინაძეს, რაზეც მან გვიპასუხა:

"ჩვენ პერიოდულად, წლიდან წლამდე, ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა დაფინანსების სისტემა ბევრად გაუმჯობესდეს. ახლანდელი სისტემა, ასე თუ ისე, ჩვენი აზრით, სრულყოფილებასთან არის მიახლოებული. ის ხარვეზები, რაც გამოკვლევამ აჩვენა და, თითქოს, ერთი შეხედვით, ხარვეზებად მოიაზრება, ეს ასე არ არის", - მიაჩნია ლაშა საღინაძეს.

ლაშა საღინაძე ამბობს, რომ მომავალი 2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლების დაფინანსების რაოდენობა მინიმუმ 60 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 780 მილიონს შეადგენს. თავის მხრივ, გამოკვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ევროპულ სტანდარტებთან მისაახლოებლად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაფინანსება, სულ მცირე, უნდა გაორმაგდეს და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად გაიზარდოს. მათი აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი რეალური და ეფექტური რეფორმების გატარება განათლების სისტემაში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა. ცენტრი სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლას დაუფინანსებს. რით განსხვავდება დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოში ადრე მოქმედი მსგავსი პროგრამებისგან?

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 15 მაისს საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კონცეფცია წარუდგინა. მისი განცხადებით, ცენტრი სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლას დაუფინანსებს, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ საჯარო სექტორში დაასაქმებს. პრეზენტაციისას პრემიერ- მინისტრმა სტუდენტებს ასე მიმართა:

"ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარების გარეშე უცხოეთის ძვირად ღირებულ უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება არ ექნებოდათ. თქვენი დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ თქვენ დასაქმდებით სახელმწიფო სამსახურში და თქვენს ცოდნას ჩვენს ქვეყანას მოახმართ".

განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდის მიხედვით, პრიორიტეტულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს შორისაა: სამართალი, აგრარული მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ჯანდაცვა და სამედიცინო მიმართულებები, ურბანული განვითარება, არქიტექტურა, რესტავრაცია და კონსერვაცია, სოციალური მეცნიერებები, თავდაცვა და უსაფრთხოება, ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება. პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

"პირველ რიგში, შევარჩიეთ ის დარგები, რომელთა განვითარებაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს".

ამ პროგრამის ძირითადი, კონცეპტუალური განსხვავება არის კავშირი დამსაქმებელსა და განათლების მიმღებს შორის და, საბოლოო ჯამში, კვალიფიციური კადრის ჩამოსვლა. ანუ ეს სამი ბმულია გაკეთებული...

ნინო ჭელიძე

პროექტი, რომელიც სტუდენტებს უცხოეთში სწავლას უფინანსებდა, საქართველოში ადრეც არსებობდა. ეს იყო ჯერ საპრეზიდენტო პროგრამა, ხოლო შემდეგ განათლების სამინისტროს პროგრამა - "ცოდნის კარი". როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის უფროსი ნინო ჭელიძე ამბობს, ახლად შექმნილი პროგრამა ძველისაგან ძალიან განსხვავდება:

"ამ პროგრამის ძირითადი, კონცეპტუალური განსხვავება არის კავშირი დამსაქმებელსა და განათლების მიმღებს შორის და, საბოლოო ჯამში, კვალიფიციური კადრის ჩამოსვლა. ანუ ეს სამი ბმულია გაკეთებული. მეორე, შერჩევის აბსოლუტურად ტრანსპარანტული, ღია სისტემა".

ნინო ჭელიძე განმარტავს, რომ შერჩევის გამჭვირვალე სისტემა სტუდენტების სრულ ინფორმირებულობას გულისხმობს. მისი თქმით, თუ სტუდენტი დაფინანსებას ვერ მიიღებს, ცენტრი მას აუხსნის, რატომ დაიწუნეს მისი აპლიკაცია:

"ადამიანს როდესაც უარს ეუბნები, არა უშავს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, კონკრეტულად რატომ ეთქვა უარი, რომ შემდეგი წლისთვის გააუმჯობესოს ან მიხვდეს, რომ ეს ის პროგრამა არ არის, სადაც აპლიკაციის შემოტანა უნდოდა".

შეიძლება სიახლეზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ინსტიტუციურად სხვანაირად არის აწყობილი და სპეციალური ცენტრი შეიქმნა, თუმცა შინაარსობრივად, გამოსავლისა და შედეგის მიხედვით, სხვაობას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ...

ლიკა ღლონტი

ევროგაერთიანების პროგრამა "ტემპუსის" მიზანი ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა და თანამშრომლობის განვითარებაა. პროგრამის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი ამბობს, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნა კარგი ინიციატივაა, თუმცა ძველი პროგრამისგან პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავს:

"მე მგონია, რომ ეს არის უფრო პიარსვლა. შეგვიძლია ამას ახალი ვეძახოთ. შეიძლება ახალია, იმიტომ რომ პატრონაჟის სისტემა შეიცვალა, აღარ არის პრეზიდენტთან და განათლების სამინისტროში და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია. შეიძლება სიახლეზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ინსტიტუციურად სხვანაირად არის აწყობილი და სპეციალური ცენტრი შეიქმნა, თუმცა შინაარსობრივად, გამოსავლისა და შედეგის მიხედვით, სხვაობას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ".

ლიკა ღლონტი განმარტავს, რომ კარგი იქნებოდა ადრე მოქმედი დაფინანსების სისტემების შესწავლაც. მისი თქმით, სასარგებლო იქნებოდა იმის შეფასებაც, თუ რა მოიგო ამით სახელმწიფომ.

რადიო "თავისუფლება"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია