ქართველი მეცნიერის გამოგონება ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ - "ამ პროექტს საქართველოსთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის მოტანა შეუძლია"

ქართველი მეცნიერის გამოგონება ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ - "ამ პროექტს საქართველოსთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის მოტანა შეუძლია"

გაზეთი "ვერსია" უნიკალური გამოგონების ავტორ ქართველ მეცნიერს თამაზ ნანიტაშვილს ესაუბრა.

"ადამიანი, რომელიც შეძლებს ამინდის კორექციის პრობლემის გადაჭრას, ნობელის ორი პრემიის ღირსია", - ეს ფრაზა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ 50-ზე მეტი წლის წინ თქვა. 50 წლის შემდეგ, ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი, საქართველოს ინტელექტუალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, მეცნიერ-გამომგონებელი, საქართველოს სახელმწიფო გერბის დევიზის, ასევე რამდენიმე მსოფლიო დონის გამოგონების ავტორი და პატენტმფლობელი თამაზ ნანიტაშვილი აცხადებს, რომ მისი გამოგონების (პროექტის) საშუალებით, მსოფლიო ბუნებრივ კატაკლიზმებს აირიდებს თავიდან. გახდება თუ არა ამ გამოგონებით ნობელის პრემიის ლაურეატი ნანიტაშვილი, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი, უნიკალური იდეის ავტორი "ვერსიას"თავად უამბობს იმ პროექტის შესახებ, რომელსაც წლები შეალია და რომლის დამსახურებითაც, გამომგონებლის მტკიცებით, საქართველოს შემოსავალი რამდენიმე მილიარდი დოლარით გაიზრდება.

- ბატონო თამაზ, რატომ გადაწყვიტეთ, პროექტი მაინცდამაინც სტიქიური მოვლენებისთვის მიგეძღვნათ?

- იმიტომ, რომ ბუნებრივი კატაკლიზმები, გახშირდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. დედამიწაზე გამოვლენილ სტიქიურ მოვლენათა სპექტრი მრავალფეროვანია. ბოლო პერიოდში, სტიქიური მოვლენების გააქტიურება, ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია გლობალურ დათბობასა და უყაირათო ბუნებით სარგებლობასთან. თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ადამიანი მათ შეჩერებას ვერ ახერხებს. სტიქიური მოვლენების შედეგად კაცობრიობისადმი მიყენებული ყოველწლიური მატერიალური ზარალი ასეულობით მილიარდი დოლარით განისაზღვრება, ხოლო ადამიანთა მსხვერპლი - ასეულ ათასობით.

მსოფლიო გლობალური პრობლემების წინაშე დგას და სწორედ მის გადასაჭრელად ვთავაზობ მსოფლიო საზოგადოებას ჩემ გამოგონებას.

- იქნებ უფრო დეტალურად გვიამბოთ თქვენი უნიკალური პროექტის შესახებ.

- ჩემი გამოგონება (პროექტი), მართლაც უნიკალურია, რადგან მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. პროექტი ახლახან დავასრულე და მას რამდენიმე წლის ტიტანური შრომა მოვანდომე. ამ გამოგონებას შეუძლია აგვარიდოს ბუნებრივი კატაკლიზმების დიდი ნაწილი, ისეთები, როგორიცაა: გრიგალისებრი ქარი, ციკლონური ქარიშხალი, ტორნადო, ტაიფუნი, ზვავი, მეწყერი, წყალდიდობა, ძლიერი წვიმა, სეტყვა, გვალვა, ხანძარი... ჩემი გამოგონება - "დედამიწის ატმოსფეროში დაბინძურებული სივრცის გაწმენდის ხერხი", გულისხმობს იმას, რომ სპეციალური ორგანული გენერატორების გამოყენებით ხდება ატმოსფეროს სივრცეში არსებული დაბინძურებული აირების, უარყოფითი ენერგიის შეწოვა, მისი გარდაქმნა უსაფრთხო, სუფთა, დადებით ბიოენერგიად, შემდეგ, კი მისი უკანვე, ატმოსფეროში დაბრუნება. პროცესი მიმდინარეობს მოწყობილობის დადგმის წუთიდან მუდმივად, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად, ყოველგვარი ზედმეტი მომსახურების გარეშე, აღვადგინოთ და ბუნებრივ ნორმებში დავიჭიროთ ატმოსფერული ბიოენერგიის ბალანსი, წინასწარ განსაზღვრული სივრცის ფარგლებში.

ორგანული გენერატორების სიმძლავრე განსაზღვრავს დედამიწის იმ ფართობს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება საჭირო, დაიცავს მას ყოველგვარი სტიქიური უბედურებისგან (აღადგენს ბუნებრივ ბალანსს დედამიწასა და ატმოსფეროს შორის). ამ მოწყობილობის გამოყენებით, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, 1 კმ კვადრატიდან 15 000 კმ კვადრატი დედამიწის ფართობის დაცვა იქნება შესაძლებელი.

5 კომპლექტი მოწყობილობით შეიძლება მთლიანად დავიცვათ საქართველოს ტერიტორია ყოველგვარი ბუნებრივი კატაკლიზმისგან. ამ გამოგონების დანერგვა და მისი რეალიზაცია ჩვენს ქვეყანას მისცემს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს. საქართველოს შემოსავალი რამდენიმე მილიარდი დოლარით გაიზრდება, რაც განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის მკვეთრ აღმავლობას.

მისი საერთაშორისო ბაზარზე გატანა კი, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა.

პირველ რიგში, მინდოდა, ხმა ბიძინა ივანიშვილისთვის მიმეწვდინა და იმედია, ამ უნიკალური გამოგონების შესახებ მეცენატი თქვენი გაზეთის საშუალებით შეიტყობს. ვფიქრობ, შეუძლია ამ გამოგონების სათანადოდ წარმოჩენა, მისი დაცვა და მსოფლიო მასშტაბით დანერგვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია