"გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას"

"გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას"

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული. ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.

- თქვენც დედისერთა ხართ?

- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.

- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?

- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.

- რით აპირებდით თავის რჩენას?

- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.

- თქვენ?

- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.

- რატომ?

- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.

- მაინც რა მოხდა?

- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.

- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?

- არა, ბოლოს და ბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია