"ვიცი, რომ მოვკვდები... ჩემს შვილს რა ეშველება?!" - უბედურება, რომელსაც საზღვარი არ გააჩნია

"ვიცი, რომ მოვკვდები... ჩემს შვილს რა ეშველება?!" - უბედურება, რომელსაც საზღვარი არ გააჩნია

ამჯერად დარბაიძეების ტრაგედიაზე უნდა დავწერო. იგი მაშინ დაიწყო, როცა მშრომელი ოჯახი ნელ-ნელა იქცა იმ უბედურების ნაწილად, რომელშიც ნახევარი საქართველო აღმოჩნდა, - სამსახურდაკარგული ჭიათურელი მაღაროელი ცოლთან ერთად კვირაობით ჩამოდიოდა თბილისში კარტოფილის გასაყიდად, რადგან სამი ქალიშვილი ჰყავდა გასაზრდელი. ამისთვის ცოლ-ქმარი დღიურად ქირაობდა ღამის გასათევს და ჭიათურაში მარტოდარჩენილ შვილებთან მორიგეობით დადიოდა. მალე გზის ფულიც გაუძვირდათ, ჭიათურაში სახლიც დაენგრათ. მაღაროელი იძულებული გახდა დედაქალაქში ბნელი სარდაფი ექირავა და შვილები გადმოეყვანა. მალე ერთ-ერთი, ნონა მათზე ბევრად უფრო გაჭირვებულმა მოიტაცა და ცოლად შეირთო... გაჭირვების ტვირთისაგან მალევე დასრულებულ ქორწინებას 6 წლის ლიზიკო შანიძე დარჩა, რომელიც დაინვალიდებულ ბაბუასთან, ბებიასთან, დედასა და დეიდასთან ერთად ლოტკინზე 8-კვადრატიან სარდაფში გაიზარდა. ოჯახს ბებია არჩენდა დეზერტირების ბაზარში "სემიჩკისა" და წიწაკის გაყიდვით ნაშოვნი ფულით. დები კი დროებით სამსახურს ან შოულობდნენ, ან ვერა.

მაგრამ ეს ყველაფერი ბედნიერება აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რაც დარბაიძეების ოჯახში სამი თვის წინ დაიწყო, - ერთადერთი 8 წლის ლიზიკო იყო შინ, როცა მისი დედიკო იატაკზე დაეცა. შიშისაგან გაოგნებული ბავშვი დედის წამოსაყენებლად მივარდა, მაგრამ ვეღარ შეძლო, - თვალსადახელშუა გასიებულ დედას ხელი ვერსად მოჰკიდა და განწირული აყვირდა. ვიდრე მეზობლები საშველად მისცვივდებოდნენ, სრულიად ახალგაზრდა ქალს სხეული ლურჯი სიხლჩაქცევებით დაეფარა და გონი დაკარგა.

ნინო დარბაიძე, ნონა დარბაიძის და:

- ხანდახან მგონია, რომ საშინელ სიზმარს ვნახულობ, გავიღვიძებ და გაქრება. სიკვდილი მინდა... არ ვიცი, ძალა საიდანღა მაქვს, მაგრამ რაღაც მექანიკური ძალები მაქვს და ასე ვაკეთებ, რისი გაკეთებაც სავალდებულოა. ყურებში კი იმ ექიმს ხმა მაქვს, შენს დას სისხლის გათეთრება სჭირსო, რომ მითხრა. უფრო სწორად, ჯერ ასე მითხრა, - ლეიკობლასტომა სჭირსო. ეს რომ ვერ გავიგე, მერე მითხრა, - სისხლის გათეთრება აქვსო. ამას მივხვდი, მაგრამ ალბათ გაშტერებული შევყურებდი და, - ვერ გაიგეო?!

სპეციალურ სავადმყოფოში უნდა გადაიყვანოთ, იქ დაგიდგენენ, რა ხარისხის არის დაავადებაო. დიღომში ყოფილა ჰემატოლოგიური საავადმყოფო. რომელიღაც ოთახში შეიყვანეს და თან სხვა ექიმებს ეძახოდნენ. ისინი შედიოდნენ და აღარ გამოდიოდნენ. შიგ მე ვინ შემახედებდა და რას მეტყოდნენ, გაქვავებული ველოდებოდი, - იქნებ რამე ისეთი მითხრან, რაც მოარჩენს-მეთქი; მაგრამ მითხრეს, - შენს დას ისეთი ლეიკემია სჭირს, ძვლის ტვინი თუ არ გადაუნერგეს, მოკვდებაო. მაგ ოპერაციას მარტო საზღვარგარეთ აკეთებენ, მაგრამ ბევრი ფული ღირსო. - რამდენი-მეთქი? რამდენი და 150-200 ათასი დოლარიო... 200000 დოლარი კი არა, 2 თეთრი არ მაქვს... რა ვქნა?

- შენი და როგორ არის ახლა?

- ცუდად. რეამინაციაში წევს. ვეღარ ვცნობ, თმები აღარ აქვს, სიცილი აღარ იცის... მარტო იმას ამბობს, - ვიცი, რომ მოვკვდები, მე ფულს ვინ მომიტანს, ჩემს შვილს რა ეშველებაო. მასთან მარტო მე მიშვებენ. მაგრამ ლიზამ იტირა, - დედიკო მაჩვენეო და ფეხებში ჩავუვარდი ექიმს, - ბავშვს მოვიყვან და ერთხელ მაინც შეხედოს დედამისს-მეთქი. ეს არ უნდა გამეკეთებინა, - ჩემს დას ლაპარაკი აღარ შეუძლია, ლიზა რომ დაინახა, ცრემლები წამოუვიდა და გვერდზე გადაბრუნდა, არ დაგველაპარაკა. ბავშვმაც ტირილი დაიწყო და გამოვარდა, - დედა ვეღარ იცნო, თმები რატომ არ აქვსო?!

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია