ობიექტები, რომელთა ხარჯზე მწვანე ნარგავები განადგურდა – ქალაქის ბოლო დროის სკანდალური მშენებლობები

ობიექტები, რომელთა ხარჯზე მწვანე ნარგავები განადგურდა – ქალაქის ბოლო დროის სკანდალური მშენებლობები

ხეებისა და მწვანე საფარის განადგურება უკვე დიდი ხანია ჩვენ ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობს, რის ხარჯზეც ამა თუ იმ პრესტიჟულ ადგილზე, ესა თუ ის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი თუ კომერციული ობიექტი იგება. ამ განადგურებულ ტერიტორიათა  ნუსხაშია ასათიანის ქუჩაზე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია, "კუს ტბის" გზაზე რესტორანი "ციყვები," ძველი იპოდრომი, ბუდაპეშტისა და ტაშკენტის ქუჩის კუთხე, ბოტანიკის ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორია (ბერას სტუდიის მშენებლობას შეეწირა), ჭავავაძის გაზირზე, ერთ-ერთი სკვერი (თუმცა იქ ჯერ არაფერი აუშენებიათ), ვაკის პარკი, ახლახან "კარფურის" მშენებლობისთვის მწვანე საფარი გაჩეხეს... თუმცა როგორც "პარტიზანი მებაღეები" ამბობენ, ეს ყველაფერი ჯერ გამზირების განადურებით დაიწყო. რუსთაველისა და აღმაშენებელის გამზირებზე მოიჭრა ჭადრები და მის ნაცვლად დეკორატიული ხეები დაირგა, რომელთაც ურბანული დატვირთვა არ აქვთ.

"პარტიზანი მებაღეები" ჩვენს ქალქში 2013 წლის ივლისიდან გააქტიურდნენ და ამ ყველაფერს სერიოზულად უპირისპირდებიან.

''9 თვეა "ვაკის პარკს" ვიცავთ კარვებით. სათითაო ობიექტის ასე დაცვა რომ არ დაგვჭირდეს, კანონმდებლობაზე გვინდა, რომ ზეგავლენა გვქონდეს და ასევე ჩვენი მიზანია, მოქალაქეების აქტივობის გაზრდაც. კანონმდებლობა კი ხელახლა უნდა დაიწეროს, რადგანაც სრულიად არაპროფესიონალურად არის ის შექმნილი", - აცხადებს პარტიზანი მებაღე - ნატა ფერაძე.

- თქვენ გაქვთ რაიმე ამის სანაცვლო შექმნილი?

- კანონის რამდენიმე პროექტი გვაქვს დაწერილი, რომელსაც არ ითვალისწინებენ. ახლა დიდ საპროტესტო აქციებს ვაპირებთ...

აღნიშნულ თემაზე გერმანელ ქალქმგეგმარებლებთან, კანონმდებლებთან, ქართველ სპეციალისტებთან ერთად ვიმუშავეთ. საკმაოდ გამართული პროექტია, რომელიც გია ცაგარეიშვილს მივაწოდეთ, მან იქიდან მხოლოდ ის ინფორმაცია ამოიღო, რომელიც მათ არ ჰქონდათ და ისე გადაამუშავეს, რომ ქალაქისთვის ისევ წამგებიანია. გვინდა, რომ გავიდეს ჩვენი პროექტი. ჩვენთვის ასევე მიუღებელია იმ ადამიანის ქალაქის გამწვანების სამსახურში ყოფნა, როგორიც ბიძინა გიორგობიანია. იგი მსჯავრდებული ხე-ტყის უკანონო გატაცებაზე იყო. ჩვენ ვნახეთ მის მიერ შედგენილი მწვანე ნარგავების ქალაქში დარგვის სია, სადაც მხოლოდ ერთი სანერგეა აღებული, ანუ ისევ მონოპოლიზაცია ხდება და იმ ჩამონათვალში ხეების სტანდარტი არ შეესაბამება ქალაქის სტანდარტს. მოკლედ, ბევრი ხარვეზია, რომელიც შეიძლება მარტივად გამოსწორედეს, მაგრამ ამით არავინ ინტერესდება. მოკლედ, ამ სიტუაციის გამოსწორება სამოქალაქო საზოგადოების აქტოვობის გარეშე არ გამოვა.

- ქალაქის მერმა დავით ნარმანიმ, სანამ ამ თანამდებობაზე მოვიდოდა, განაცხადა, რომ ქალაქში მილიონი ხის დარგვას აპირებდა.

- ნარმანია მერად რომ უნდა მოსულიყო, აზრს ხშირად გვეკითხებოდა, ჩვენთან თანამშრომლობდა, ბევრ დაპირებას გვაძლევდა...

"ვაკის პარკის" საქმე, ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი რამ არის, თუნდაც იმისთვის, რომ ამ მიმართულებით პრეცედენტი შეიქმნას, რომ საქმე მოვიგოთ. მაგრამ დღემდე არავინ შეგვხმიანებია და ეს მილიონი ხის პროგრამაც იმას ნიშნავს, რომ მას სერიოზული მომავალი არ აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ იქ ისეთი ადამიანი უნდა დანიშნო, რომელსაც ეცოდინება ეს მილონი ხე როგორ დაირგვება.

ასევე მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ ხის დარგვას შემდგომ გახარება სჭირდება. მანამდეც ირგვებოდა უამრავი ხე, მაგრამ მის გახარებაზე პასუხისმგებელი არავინ იყო. ნადგურდებოდა, თავიდან ირგვებოდა და ისევ ხმებოდა. დარგვა-გახარების პროცესი სწორად უნდა წარიმართოს. მთელ მსოფლიოში არის ასეთი პრაქტიკა - ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა, რომელიც ხეს რგავს, ორი წელი მაინც უნდა იყოს პასუხისმგებელი მის გახარებაზე. მოკლედ, ყველაფერი დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს. მერიაში ნინა ხატისკაცს შევხვდით, დაგვპირდა, რომ ბიძინა გიორგობიანს შეგვახვედრებდა. ასეთი შეხვედრა არ მომხდარა. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სანამ ახალი მოსული იყო, სწორ რელსებზე შეგვეყენებინა.

ასეთი განუკითხავობა არა მარტო ეკოლოგიურ კატასტროფამდე, უფრო მეტ საშინელებამდე მიგვიყვანს. თბილისი უკვე შვიდ ყველაზე რთულად საცხოვრებელ ქალაქშია შესული... ქალაქი უნდა აშენდეს, განვითარდეს, ამას ჩვენ მივესალმებით, რადგანაც არ ვართ რადიკალები, მაგრამ ამისთვის ყველაფერი დაგეგმარებული და სწორად გათვლილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის არაჯანსაღ გარემოში ცხოვრება ადამიანების სერიოზულ დაავადებას გამოიწვევს.

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ambebi.ge''-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია