მოსაკრებლის გამო მოსწავლეთა ნაკადი შემცირდა? - რა გახდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მშობლების პროტესტის მიზეზი

მოსაკრებლის გამო მოსწავლეთა ნაკადი შემცირდა? - რა გახდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მშობლების პროტესტის მიზეზი

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დარეგისტრირების საფასური მოსწავლეთა მშობლების პროტესტის მიზეზი გახდა. ambebi.ge-ს რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ შარშან მოსაკრებელი 20 ლარი იყო, წელს კი გაიზარდა და 50 ლარი გახდა. რეაგისტრაციის მოსაკრებელის საფასურის ზრდას არ ადასტურებენ სასახლის ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ გადასახადი გასულ წელსაც 50 ლარს შეადგენდა, თუმცა გასულ წელს მშობლებს თანხის ორ ნაწილად გადახდის საშუალება ჰქნოდათ. როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, იმის გამო, რომ მეორე ნაწილი მშობლებმა აღარ გადაიხადეს, გადაწყდა, რეგისტრაციის მოსაკრებელი ერთიანად, სასწავლო წლის დასაწყისში გადაიხადონ.

მათ, ვისაც შვილი უფასო წრეებზე შეყავს, ამ თანხის გადახდა შედარებით მარტივად მიაჩნიათ. თუმცა მათ, ვინც ფასიან წრეზე დადის, პირველ სასწავლო თვეს მოსაკრებელთან ერთად 25 - 50 ლარის გადახდა მოუწევს. სწორედ 25-დან 50 ლარამდე მერყეობს ფასიანი, მათ შორის ცეკვის, სიმღერის, ხატვის, წრეების ყოველთვიური გადასახადი.

"შარშან მოსაკრებელი 20 ლარი იყო, წელს 50 ლარი გახდა. მოსაკრებელში შედიოდა პლასტიკური ბარათის დამზადება. ტურნიკეტები დაიდგა შესასვლელში და ბავშვებს ბარათით უწევთ შესვლა. გარდა მოსაკრებლისა, მოსწავლემ უნდა გადაიხადოს ყოველთვიური სწავლის გადასახადიც. რატომ გაიზარდა ეს მოსაკრებელი, ჩვენთვის გაურკვეველია. 20 ლარს კიდევ ვიხდიდით, ახლა ძალიან ძნელია ერთიანად 50 ლარის გადახდა, იმიტომ რომ გადასახადი ზოგ წრეზე 50 ლარია ზოგზე 40 და ა.შ. ანუ ერთბაშად შეიძლება 100 ლარის გადახდაც კი მოგვხდეს. ისიც გაურკვეველია, რისთვის ვიხდით ამ მოსაკრებელს", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

50 ლარიანი მოსაკრებლის გადახდა რომ ბევრი მშობლისთვის პრობლემაა, ამას სასახლის თანამშრომლების ნაწილიც ადასტურებს. მათი თქმით, მოსაკრებლის გამო მოსწავლეთა ნაკადი შემცირდა.

"უამრავი ბავშვია ჩაწერილი, მაგრამ მომსვლელები აღარ არიან. რეგისტრაციას უკვე აღარ გადიან. მხოლოდ სოციალურად დაუცველები მოდიან, რადგან მათ ეს გადასახადები არ ეხებათ", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ambebi.ge აღნიშნულ საკითხზე მოსწავლეთა სასახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლიკა ლომინაძეს ესაუბრა. როგორც ლომინაძე აცხადებს, მოსაკრებელი არ გაზრდილა და ის შარშანაც 50 ლარს შეადგენდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მოსაკრებლის თანხა გასულ წელს უფასო სექტორში მოღვაწე მასწავლებელთა ხელფასების გაზრდას მოხმარდა, წელს კი იგეგმება, რომ რეაგისტრაციის საფასურით სასახლეში შესული თანხა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდეს.

"მოსაკრებელი შარშანაც შეადგენდა 50 ლარს. მაგრამ იყო ორ ნაწილად გაყოფილი. პირველი ნაწილი იყო 20 ლარი, მეორე 30. მოხდა ისე, რომ არაკეთილსინდისიერმა გადამხდელებმა 20 ლარი გადაიხადეს, იარეს და მეორე ნაწილი არ გადაიხადეს. წელს კატეგორიული მითითება მივიღეთ ზემდგომი ორგანოდან, რომ ამ პროდუქტის დანაწილება არ შეიძლება, რადგან ეს არის რეგისტრაციის საფასური. ჩვენთან არის ტურნიკეტი, ჩანს, რომ ბავშვი დადის და ფული არ შემოდის - ასეთ შემთხვევაში რითი დავასაბუთოთ, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევდა. ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა. სახელმწიფო გვიყოფს გარკვეულ ბიუჯეტს, რომელიც წელს მთლიანად პედაგოგების ხელფასებზე წავიდა, გარდა ამისა, სასახლეს ემსახურება 360 თანამშრომელი და ჰყავდა 4000 მოსწავლე და ძალიან დიდი ხარჯები აქვს. აქედან გამომდინარე ეს დამატებით თანხები მთლიანად ნაწილდება სასახლის საჭიროებებზე", - განაცხადა ლომინაძემ.

მისივე თქმით, სასახლეში მოქმედებს სხვადასხვა შეღავათებიც, მათ შორის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოსწავლეები გათავისუფლებული არიან გადასახადისგან. შეღავათები ვრცელდება ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვის სწავლის შემთხვევაშიც. ლომინაძე უარყოფს მოსწავლეთა შემცირებასაც და ამბობს, რომ პირიქით, სასახლეში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

ნათია ლეშკაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია