უცნობი ისტორიები ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებიდან - რას იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უფროსი

უცნობი ისტორიები ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებიდან - რას იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უფროსი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს 25 იანვარს 93 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ ინტერვიუს AMBEBI.GE-ს არქივიდან, რომელშიც აწ გარდაცვლილ პრეზიდენტზე მისი დაცვის უფროსი გურამ ჯანიაშვილი საუბრობს და შევარდნაძის ცხოვრებიდან ბევრ საინტერესო და უცნობ დეტალს ყვება. პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ჯანიაშვილი ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურის უფროსი 1991-1994 წლებში იყო.

"მე გახლდით პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურის უფროსი 1991-94 წლებში. უშიშროებას ეკუთვნოდა ეს სამსახური, მე-9 სამმართველო ერქვა. ჩვენ ვმუშაობდით იმ ინფორმაციის გაშიფრვაზე, რაც შემოდიოდა სამმართველოში. წარმოგიდგენიათ, რა რთული პერიოდი იყო ქვეყანაში მაშინ? ყველას იარაღი ჰქონდა და ნებისმიერი მიმართულებით ისროდა. თავს არ ვიქებ, მაგრამ ერთ პატარა შემთხვევასაც არ ჰქონია ადგილი ჩემი მუშაობის დროს, როცა პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგა.

ერთხელ მივიღეთ ასეთი ინფორმაცია, რომ პანაშვიდზე, სადაც მივდიოდით, ლიფტში ჩამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, ამიტომ ფეხით ავედით და შემდეგ მოხდა ლიფტის განაღმვა. დაგეგმილი იყო კიდევ ერთი ტერაქტი. იმ გზაზე, სადაც უნდა გაგვევლო, თითქოს საკაბელო ლუქი გაფუჭდა, რეალურად კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდათ ჩამონტაჟებული, ჩავისვი პრეზიდენტი მანქანაში და საპირისპირო გზით, სანაპიროთი წავიყვანე სახლში.

ერთხელ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ტროლეიბუსი გაფუჭდა გზაზე, სანამ არ გადავაყვანინე ტროლეიბუსი, მანამდე სახლში არ წავედით. ეს ინფორმაციები აქამდე არსად გახმაურებულა.

დაათვალიერეთ: უცნობი ფოტოები ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფისგან

- ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობა რთული იყო?

- სულ ვკამათობდით, რადგან ის არ გვემორჩილებოდა. პირადი მცველი მანქანაში უნდა ჩაჯდეს მძღოლის გვერდით, მის უკან უნდა დაჯდეს მხოლოდ ობიექტი. პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი თვისება, ჩაჯდებოდა მანქანაში და გვერდით მოისვამდა პარლამენტის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს. პირადი მცველის მოვალეობა სროლა არ არის. თუ შეატყობ, რომ მოძრაობის დროს არის საფრთხე, მცველი ბრუნდება უკან, ობიექტს უნდა მოკიდოს ხელი, დააწვინოს უკან სავარძელზე, ტანით გადაეფაროს. ცეცხლი კი სხვა მანქანებიდან უნდა გახსნან. როცა გვერდით ვიღაც უზის, სად უნდა დააწვინო? სულ ამაზე ვკამათობდით.

არის დაცვა, პირადი დაცვა და პერიმეტრის დაცვა. პერიმეტრის დაცვის შემადგენელი ნაწილია სნაიპერები, რომლებიც თუ შეატყობენ საფრთხეს, უნდა აარიდონ ობიექტს. როცა მოედანზე, მინდორში, ქალაქში ან ტყეში მიდიხარ შეხვედრაზე, ყველა საფრთხე წინასწარ უნდა გათვალო, დაათვალიერო და შეამოწმო. ამას აკეთებს ე.წ. ოტო, მერე მიდის ექიმი, რომელიც სინჯავს საჭმელს, მოწამლული ხომ არ არის. ამ ყველაფერს პირადი დაცვა აკონტროლებს.

ქვეყნის პირველმა პირმა ცალკე ლიფტით უნდა ისარგებლოს, პრეზიდენტს თავისი ლიფტი ჰქონდა იმელის შენობაში, ერთ-ერთმა მთავრობის წევრმა გამოთქვა პრეტენზია, რომ თავადაც ესარგებლა ამ ლიფტით. კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი მე, თავად პრეზიდენტი კი ამბობდა, რა მოხდა სხვამაც ისარგებლოს ამ ლიფტითო, ჩემი ხო არის ის ლიფტი, სხვაც ავიდეს და ჩავიდესო. ლიფტში, რომელიც პრეზიდენტს ემსახურება სხვა არ უნდა შევიდეს. რადგან მე რა ვიცი, ის რას ჩადებს ლიფტში? კიდევ ერთი საოცარი თვისება ჰქონდა, იმელის შენობასთან რომ გავაჩერებდით მანქანას, გადმოხტებოდა და სადაც ყველაზე ბევრი ხალხი იყო, იქ შედიოდა.

- მძღოლს რა დატვირთვა აქვს იმის გარდა, რომ გადაადგილებაში დაეხმაროს?

- ფაქტობრივად მძღოლიც დაცვაა, ატარებს იარაღს, აქვს ჩინი და იგივე კურსები გავლილი. შევარდნაძის მეორე აფეთქებისას მძღოლმა დიდი როლი ითამაშა მის გადარჩენაში, პატარა მანევრი მაინც რომ გაეკეთებინა, მთელი ცეცხლი ერთ პიროვნებაზე წავიდოდა და ყველას მოკლავდნენ.

ერთხელ იყო შემთხვევა თითქოს ტროლეიბუსი გაფუჭდა და გაჩერდა იქ, სანამ არ გადავატანინე ტროლეიბუსი იქედან, რაღაც მიზეზები მოვიგონე, შევარდნაძე სახლში არ წავიყვანე. ადრე ძველ მანქანებს ტოვებდნენ ასეთ ადგილზე, ახლა გააჩნია რომელ პიროვნებაზეა საუბარი, შეიძლება ძვირადღირებული მანქანა დატოვონ იმ ადგილზე, სადაც ესკორტმა უნდა გაიაროს, ჩადონ ტროტილი და როგორც კი გაივლის, ესკორტი აფეთქდება. ესკორტმა ისე უნდა გაიაროს სხვას ხელი არ უნდა შეუშალოს, ედუარდი სულ გვეუბნებოდა, დაანებეთ თავი ამ გზების გადაკეტვასო და მაგაზე ვერ ვეწინააღმდეგებოდი. სადაც გზაჯვარედინია, იქ უნდა იდგეს შსს-ს ან უშიშროების თანამშრომელი, როცა გადიხარ, ვინმე რომ არ გადმოვიდეს გზაზე.

- სულ რამდენი კაცი ჰყავდა დაცვაში?

- სამმართველოში სულ 320 კაცი მუშაობდა, დამლაგებლების ჩათვლით. პირად დაცვაში კი 10 კაცი იყო. ჰყავდა ძველი შავი ვოლგა და ორი 07, სირენაც კი არ ეყენა. ხშირად ძრავი უფუჭდებოდა ამ მანქანებს, ზოგჯერ არ იქოქებოდა და დილის 7 საათზე დააგორებდნენ ბიჭები, მერე ისევ ზევით აჰყავდათ ხელით და იყო ერთი ამბავი

ვეუბნებოდი ავტოფარეხში ერთი ახალი ვოლგა რომ გვყავს, იმით ვისარგებლოთ-თქო, რაზეც მპასუხობდა ხალხი პურის რიგში დგას და მე ახალ მანქანაში რომ ჩავჯდე, რას იტყვიანო

გვიყურა ამერიკამ და გერმანიამ და მერე მისცეს "ნისანის" მარკის "ბრონირებული" ავტომობილი, კიდევ კარგი ტერაქტის დროს სწორედ იმ მანქანაში იჯდა. "ვოლგით" რომ ყოფილიყო, რა გადაარჩენდა? ქვეყნის იმიჯია მაღალი თანამდებობის პირი კარგი სათანადო ავტომობილით რომ გადაადგილდება, შეხვედრაზე "ვოლგით" რომ მიხვალ, ვინ ჩადებს ინვესტიციას შენს ქვეყანაში? თანამედროვე ესკორტის ავტომობილები დაჯავშნულია და უსაფრთხოების ყველა დეტალი დაცულია. ფრინველმა რომ გაიფრინოს, მაგასაც აფიქსირებს.

თამარ ბოჭორიშვილი, AMBEBI.GE

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ბაიდენის მოკითხვა ღარიბაშვილს, რიკერ-ზალკალიანის შუამავლობით

"მომესმა, რომ ვიღაცას მუსიკა ჰქონდა ჩართული, მეგონა, ვიღაცას ტელეფონი დარჩა და რეკავდა..." - კახა კუჭავა პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვაზე