დამოუკიდებელი ექსპერტი: 4 წლის ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული

დამოუკიდებელი ექსპერტი: 4 წლის ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული

4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული, - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს დღეს გაბრიელ ნიშნიანიძის მამამ, ავთანდილ ნიშნიანიძემ გააცნო.

"მცირეწლოვან გაბრიელ ნიშნიანიძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟღენთი და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე", - ნათქვამია ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის დასკვნაში.

როგორც ბავშვის მამა ავთანდილ ნიშნიანიძე აცხადებს, ექსპერტმა საუბრისას მას განუცხადა, რომ ეს დაზიანებები ფონეიდოსკოპით არ შეიძლება იყოს მიყენებული.

"მე ვესაუბრე ექსპერტს. დაზიანება ბლაგვი საგნით არის მიყენებული. გუშინ ითქვა, რომ ფონეიდოსკოპით მიაყენეს დაზიანებები, თუმცა ექსპერტმა მითხრა, რომ საფეთქლის არეში მიყენებული დაზიანება ფონეიდოსკოპით არ შეიძლება იყოს მიყენებული", - განაცხადა ავთანდილ ნიშნიანიძემ.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანებები 26 სექტემბერს ბაღში მიაყენეს. მშობლების ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება ცემის მუხლით და დღეს დილით ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროშიც, რომლის შედეგებიც ერთ თვეში გახდება ცნობილი.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა სკოლა-ბაღის "სადუნის" დირექტორი მარინა ცინცაძე. ის ამბობს, რომ 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას არ ენდობა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მარინა ცინცაძემ კატეგორიულად უარყო, რომ ოთხი წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. სკოლა-ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ გაბრიელ ნიშნიანიძემ ნაფხაჭნი ბავშვთან წაკინკლავების დროს მიიღო.

"ბავშვი იმდენად ჰიპერაქტიული იყო, იქნებ სახლში დავარდა. მე რა ვიცი. მე არ ვენდობი ამ ექსპერტიზას. ჯერ ერთი, თუ ამ ბავშვს ასეთი დაზიანებები ქონდა, ჩემთან რატომ არ მოვიდა? მე თვითონ წავიყვანდი და ერთად შევამოწმებდით ბავშვს. საინტერესოა, ვინ დგას მაგ ბავშვის უკან. შემეძლო უარი მეთქვა ამ ბავშვის მიღებაზე, მაგრამ შემეცოდნენ. ყველა ერთად იყვნენ მოსული. არაჩვეულებრივი შესახედავი ბავშვია. მე მყავს ასეთი ბავშვები, გაბრიელი პირველი კი არ იყო. ვფიქრობდი, ერთობლივი მუშაობით, მხარში დგომით იქნებ გაბრიელი საზოგადოებისთვის დაგვებრუნებინა", - განაცხადა ცინცაძე.

მისივე თქმით, 90-იანი წლებიდან სკოლა-ბაღი რუდუნებით მუშაობს და შეეცდება ყოველმხრივ თავისი სახელი და იმიჯი აღიდგინოს, რომელიც ერთ დღეში დაენგრა. მარინა ცინცაძე აპირებს დარღვეული უფლებები თავად დაიცვას.

მისივე თქმით, ამჟამად ბაღში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია