ათიათასობით მოქალაქე გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის წინაშე დგას

ათიათასობით მოქალაქე გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის წინაშე დგას

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას მართავს. "ფინანსური განათლება – გამოწვევები და პერსპექტივები", – ასე ჰქვია კონფერენციას , რომელიც ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნა.

"ზოგადად, ფინანსური განათლების პრობლემა აქტუალურია ყველა განვითარებად ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საშუალო და დაბალო შემოსავლის მქონე მოსახლეობამ, რომელიც საქართველოში აბსოლუტურ უმეტესობას წარმოადგენს, საკუთარი შემოსავლების სწორად დაგეგმვა ისწავლოს. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მიუღებელია და დაუშვებელია, როდესაც ადამიანს, ყოველთვიურად, პირობითად, 900-ლარიანი შემოსავალი აქვს და აქედან 200 ლარს იხდის ძვირადღირებული ტელეფონის განვადებაში, 300 ლარს იმ სესხის მომსახურებაში, რომელიც იმისთვის აიღო, რომ ზაფხულში თურქეთში დაესვენა, კიდევ რაღაც ნაწილი საკრედიტო ბარათის ან "ოვერდრაფტის" ყოველთვიურ შენატანში ეხარჯება და ა.შ. – ასეთი ადამიანები ძალიან სწრაფად საკუთარ თავს ფინანსური სიძნელეების წინაშე აყენებენ და ხშირად გადახდის უუნარო ხდებიან. თუკი საბანკო სექტორში ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ასეთი ტიპის კრედიტებს, არაფორმალიზებულ საფინანსო სექტორში, ლომბარდებსა და ა.შ. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, ვინაიდან ამ ყველა "სიკეთეს" უზარმაზარი საპროცენტო განაკვეთებიც ემატება. სწორედ ამიტომ, დღეს შექმნილია ის რეალობა, როდესაც ჩვენი ათიათასობით მოქალაქე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის წინაშე დგას", - განუცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კონფერენციის დაწყებამდე. მისივე განმარტებით, კვლევები ფინანსური განათლების დონესა და მოსახლეობის ვალის ტვირთს შორის პირდაპირ კავშირს ადასტურებს. გიორგი ქადაგიძის თქმით, პრობლემების იდენტიფიკაციასთან ერთად, სახელმწიფოს მიზანი იმ ღონისძიებების განსაზღვრაც უნდა იყოს, რომელიც ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული თითოეული ინსტიტუტის ყოველდღიური პასუხისმგებლობა და, უფრო მეტიც, ვალდებულებაცაა.

"აღნიშნულ თემაზე ზრუნვა ფინანსური სექტორის, ეკონომიკის და ქვეყნის ინტერესებშია. ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, ამ მიმართულებით შესაბამის ღონისძიებას ატარებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ყველა უწყების მიერ სისტემური მიდგომა. დღევანდელი კონფერენცია ზუსტად ამ თემას ეძღვნება. ჩვენ ვისაუბრებთ, რა პრობლემები არსებობს, როგორია საერთაშორისო გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, საინტერესო დღე გვექნება", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას ბრიტანელი და გერმანელი საერთაშორისო ექსპერტები შონ მუნდი და ანია დაინცერი გაუზიარებენ. შონ მუნდი კონფერენციის მონაწილეებს ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებას გააცნობს, ანია დაინცერი კი გერმანული შემნახველი ბანკების ფინანსური ჯგუფის გამოცდილებაზე ისაუბრებს.

კონფერენციის მუშაობაში მოქმედი კომერციული ბანკების, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია