რას ყვება ფოტოგრაფი 17 წლის მტირალი პატარძლის ფოტოს რეალური ისტორიის შესახებ

რას ყვება ფოტოგრაფი 17 წლის მტირალი პატარძლის ფოტოს რეალური ისტორიის შესახებ

სოციალურ ქსელში გავრცელდა კახეთის ერთ-ერთ სოფელში, ქორწილში გადაღებული ფოტო, რომელზეც 17 წლის პატარძალია ასახული.  კადრში პატარძალი ტირის. ფოტოს აღწერაც აქვს დართული, სადაც ვკითხულობთ, რომ  17 წლის გოგონა მეუღლეს პირველად ნიშნობის დღეს შეხვდა. ფოტოს არაერთგვაროვანი რეაქცია და კითხვები მოჰყვა. ზოგი იმასაც კი წერს, რომ ფოტოს მიხედვით გოგონა არ უნდა იყოს ქართველი, რომ არაეთიკურია ასეთი ფოტოს საჯაროდ გამოქვეყნება და ა.შ. Ambebi.ge ფოტოს ავტორს, დამოუკიდებელ ფოტო-ჟურნალისტს, დარო სულაკაურს ესაუბრა:

- ფოტოს გავრცელებისთანავე დავურთე აღწერა. კარგი იქნება, თუ ინტერნეტმომხმარებლები ყურადღებით წაიკითხავენ მას. მე გარკვევით მიწერია, რომ გოგონამ საქმრო ნიშნობის დღეს გაიცნო. ხალხის ნაწილმა კი ისეთი ინტერპრეტაციით გაავრცელა ფოტო, თითქოს ცოლ-ქმარმა ერთმანეთი ქორწილის დღეს გაიცნეს.

- როგორ მოხვდა ეს კადრი შენს ფოტო-ობიექტივში, ზოგადად რატომ დაინტერესდი ამ ამბით?

- ვარ დამოუკიდებელი ფოტო-ჟურნალისტი და ამჟამად ვმუშაობ პროექტზე "არასრულწლოვანთა ქორწინება საქართველოში". ვინაიდან სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველო არასრულწლოვანთა ქორწინების რიცხვით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, ხოლო 2011-2012  წლებში ქორწინების შემდეგ 7 ათასამდე გოგონამ შეწყვიტა სკოლაში განათლების მიღება, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი ინტერესი. ზოგი იმასაც წერს ფოტოს ქვეშ კომენტარის სახით, რომ ეს გოგონა არ არის ქართველი, აზერბაიჯანელია და ეს მათი კულტურის ბუნებრივი ნაწილიაო. ამ შემთხვევაში ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ქართველია თუ აზერბაიჯანელი, ფაქტია, რომ არსებობს გარკვეული პრობლემა, რომელსაც სათანადო ყურადღება სჭირდება.

- როგორია თქვენი თვალით დანახული ამ გოგონას ისტორია. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანი ძალადობის, უსამართლობის მსხვერპლია?

- პირადად ჩემთვის საკმაოდ მძიმედ აღსაქმელია ეს ამბავი. გოგონა არასრულწლოვანია. ქორწილამდე 1 თვით ადრე გაიგო, რომ დანიშვნას უპირებდნენ. თან განათლების პრობლემასთანაც გვაქვს საქმე. ადამიანს უნდა ჰქონდეს შანსი 17 წლის ასაკში ფიქრობდეს განათლების მიღებაზე, ცხოვრების სხვანაირად გაგრძელებაზე, რომ არსებობს სხვა გზაც, გარდა ნაადრევი ქორწინებისა. თუმცა მე კონკრეტულად არავის განვსჯი.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ეთიკურია ამ გოგონას ისტორიის საჯაროდ გამოტანა? სოციალურ ქსელში კრიტიკოსები გამოჩნდნენ, ვინც სხვანაირად გაიგო ეს ამბავი ...

- ფოტოგადაღებამდე ვესაუბრე როგორც პატარძალს, ისე მის ოჯახს. ყველამ იცოდა, რომ ვაპირებდი გადაღებას და შემდეგ ამ ფოტოების გამოყენებას ჩემი პროექტისათვის. ვფიქრობ, ამაში არაფერია გასაკრიტიკებელი. ვარ ფოტოგრაფი, ვაკეთებ დამოუკიდებელ ფოტო-პროექტს, მით უმეტეს, ფოტოს აღწერაც დავურთე. ვიცოდი, რომ მოჰყვებოდა სხვადასხვავარი რეაქცია... თუმცა, სულ მალე ჩემს ფოტოპროექტს სრულყოფილად იხილავს ფართო აუდიტორია და სწორედ ამით გაეცემა პასუხი უპასუხო კითხვებს.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია