ვინ მოსავს ახალი ამბების წამყვანებს და რას ითვალისწინებს საეთერო დრეს-კოდი

ვინ მოსავს ახალი ამბების წამყვანებს და რას ითვალისწინებს საეთერო დრეს-კოდი

საეთერო ჩაცმულობა ტელეწამყვანის და იმიჯის მთავარი შემადგენელი ნაწილია. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, ვინ ზრუნავს ქართული საინფორმაციო გადაცემების წამყვანების ჩაცმულობაზე და პროფესიონალ დიზაინერისგან მარინა ხორავასგან გაეგო, რამდენად გემოვნებით აცვიათ ქართველ ტელეწამყვანებს და რა არის დრეს-კოდით გათვალისწინებული საეთერო ჩაცმულობაში.

- პაატა, ვინ ზრუნავს შენს საეთერო ჩაცმულობაზე?

პაატა იაკობაშვილი (რუსთავი 2):

- მე თვითონ მივდივარ, ვყიდულობ ტანსაცმელს და საკუთარი გემოვნებით ვიმოსები საეთეროდ.

თეა სიჭინავა (ტელეიმედი):

- ჩემს ჩაცმულობაზე ვზრუნავ თვითონ მე და ტელევიზია. ამ სფეროს პასუხისმგებელ ადამიანთან ვათანხმებ სხვადასხვა დეტალებს, რომლის გემოვნებაც ჩემს გემოვნებას ემთხვევა და ამის მიხედვთ ვიმოსები ეთერში.

ირაკლი ჩხილაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი):

- პირადად ვზრუნავ საკუთარ საეთერო ჩაცმულობაზე. სხვადასხვა მაღაზიებში დავდივარ და ჩემი პროდუსერის რჩევების გათვალისწინებით ვიმოსები. ძირითადად ღია ფერის სამოსს ვიძენ, არც მიყვარს მუქი ფერის სამოსი.

როგორც ახალი ამბების თხრობის სტილითა და ფორმატით, ჩაცმულობითაც განსხვავებული და თავისუფალია "პალიტრა TV"-ს ინტერნეტდაიჯესტის, "ინტერნეტ-პალიტრის" წამყვანი თამთა ასათიანი.

- გადაცემა თავისუფალი სტილის და ფორმატისაა, შესაბამისად, სამოსში შეზღუდული არ ვარ. ეთერში სპორტული მაისურითაც ვყოფილვარ და კლასიკური პიჯაკითაც, თუმცა ახალი სეზონიდან შევიცვალეთ სტუდია, გარემო და ნაწილობრივ შეიცვალა ჩემი ჩაცმულობაც. განახლებულ სეზონზე "პალიტრა TV" ბევრ ახალ პროექტს იწყებს, ამიტომ გადავწყვიტე, ეთერში დავჯდე მაისურებით, რომლებზეც ახალი გადაცემების სახელწოდებებია გამოსახული. მიხარია, რომ ჩვენს ახალ პროექტებს ასე ორიგინალურად წარვუდგენ მაყურებელს.

დიზაინერ მარინა ხორავას ტელეწამყვანებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

- ქალბატონო მარინა, როგორ შეაფასებთ ქართული საინფორმაციო გადაცემების წამყვანების ჩაცმულობას?

- მე ტელევიზორს აქტიურად არ ვუყურებ, უფრო სოციალური ქსელის მომხმარებელი ვარ. არ მინდა ვინმემ არასწორად გამიგოს, მაგრამ სიახლეს ვერ ვხედავ ქართველი წამყვანების ჩაცმულობაში.

- ამბობენ, რომ საინფორმაციოს წამყვანის ჩაცმულობა არ უნდა იყოს დეტალებით და მასიური აქსესუარებით გადატვირთული, კიდევ რას ითვალისწინებს ტელეწამყვანების ჩაცმულობის დრეს-კოდი?

- კარგად ვიცი პროტოკოლით რა არის გათვალისწინებული. თქვენს მიერ ჩამოთვლილი დეტალების გარდა, გასათვალისწინებელია გადაცემის თემა, სტუდიის ფერები, წამყვანის ვიზუალური მხარე. ერთი და იგივე ადამიანს საეთეროდ და სხვაგან ჩასაცმელად სხვადასხვა სტილის სამოსს შევუკერავ. ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოს დიზანერმა ტელეწამყვანის ჩაცმულობისას, მხოლოდ პიჯაკის და კაბის ჩაცმა არ არის მთავარი. პროტოკოლის გათვალისწინებით უნდა შექმნა კოსტიუმი.

რაც შეეხება აქსესუარებს... რატომაც არ შეიძლება, გააჩნია რა ფორმატი აქვს გადაცემას. ეკა ბერიძის საეთერო იმიჯზე მთლიანად მე ვზრუნავდი. როცა თოქ-შოუს წამყვანი ხარ და დარბაზში აუდიტორია გყავს მოწვეული, წამყვანი გამოკვეთილად უნდა ჩანდეს, რადგან მისი ფონი სწორედ აუდიტორიაა. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. წამყვანების ჩაცმულობაზე მუშაობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის.

რომელი ფერი უფრო კარგად იკითხება ეკრანზე, ეს ცალკე თემაა. როდესაც მე ვმუშაობდი ტელეწამყვანების ჩაცმულობაზე, ერთგვარი გაფრთხილება იყო, თავი შეგვეკავებინა წითელი ფერის სამოსის არჩევისგან, თუმცა ასეთი ექსპერიმენტიც ჩავატარე. ახლა უფრო დაიხვეწა ტექნიკა და გაცილებით მარტივია ფერების მხრივ მუშაობა.

- გემოვნებით აცვიათ ქართველ ტელეწამყვანებს?

- არ აცვიათ უგემოვნოდ, არც ცუდი ვარცხნილობა აქვთ. მე უფრო პასტელურ ფერებს ვისურვებდი ეკრანზე. საინფორმაციო გამოშვებები, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრესიულობით გამოირჩევა. უფრო წყნარ ფერებს შევურჩევდი წამყვანებს. მხოლოდ პიჯაკი არ უნდა ფიგურირებდეს საინფორმაციოს წამყვანების ჩაცმულობაში. უბრალოდ, ერთფეროვნება არ მომწონს. არ დავკონკრეტდები ახლა რომელ გადაცემას ვუყურებ, სადაც სტუდიაც და წამყვანიც აჭრელებულია და ყველაფერი წინ მოდის ეკრანზე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია