რას ჰყვება ბაჩო ახალაიას ცოლი ქმრის წიგნზე, რომელიც პატიმარმა ახალაიამ ციხეში დაწერა

რას ჰყვება ბაჩო ახალაიას ცოლი ქმრის წიგნზე, რომელიც პატიმარმა ახალაიამ ციხეში დაწერა

ცნობილია, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ბაჩო ახალაიამ, ციხეში წიგნი - "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" დაწერა. ამ თემაზე უფრო ვრცლად, მის მეუღლეს - ანი ნადარეიშვილს ვესაუბრეთ.

- თქვენი მეუღლის წიგნს - "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" ჰქვია. ის აფხაზეთს ეხება?

- წიგნი ზოგადად საქართველოს და მის ისტორიას ეხება. მასში აღწერილია პერიოდი - საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული - დღემდე. მოკლე ექსკურსია იმისა, თუ რა დღეში იყო ყოველთვის და როგორ ერთნაირ სცენარს ავითარებდა იმპერიალისტური რუსეთი ჩვენს ქვეყანაში... სოხუმი კი ბაჩოსთვის მეორე იერუსალიმია, მოკლედ, პარალელს ისრაელთანაც ავლებს. ასევე ხდება ჩვენი ქვეყნის შედარება სხვა ქვეყნებთან, პოლიტიკოსების შედარება უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან, ამასთან, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. მოთხრობილია ამბები ბაჩოს თავდაცვის მინისტრობის პერიოდსა და სასჯელაღსრულების სამსახურში მუშაობისას...

მთავარი კი ის არის, რომ მისი ყველა ნაბიჯი, გადადგმული იყო სოხუმისთვის და ეს არის მთელი ამ წიგნის არსიც... მოკლედ, ეს ყველაფერი ასე აქვს ბაჩოს შეჯამებული.

- სანამ ციხეში მოხვდებოდა, წიგნის დაწერის შესახებ თქვენთან არასდროს უსაუბრია, თუ ამის პროვოცირება მისმა პატიმრობამ მოახდინა?

- არასდროს ასეთი რამ არ უთქვამს და უფიქრია, არც ეცალა ამისთვის. ციხეში კი ამისთვის საშუალება მიეცა, ბევრი დრო აქვს და წიგნიც დაწერა. უბრალოდ გადმოსცა თავისი ფიქრები, ფაქტები, რაც იცოდა, ჰქონდა და გრძნობდა...

- რამდენი ხანი წერდა?

- მისი პირველი ხელნაწერი, ციხიდან გასულ გაზაფხულზე გამომიტანეს. ცოტა პრობლემებია იქ რაიმეს შეტანა-გამოტანაზე, მით უმეტეს, რაღაც ნაწერის. როგორც იცით, მას მისჯილი ჯერ არ აქვს, წინასწარ პატიმრობაშია და არც წერილის მოწერის უფლება აქვს, არც პაემნის და საერთოდ - არაფრის. ამიტომაც, დროში გაიწელა ხელნაწერების ციხიდან გამოტანა და ეტაპობრივად გამოგვქონდა...

- წერდა კალმით, ფურცელზე თუ მას აქვს იქ ვთქვათ, ლეპტოპი?

- "ფეისბუქზეც" დავდე იმ რვეულის ფოტო, რომელშიც წერდა. ციხეში რამდენიმე რვეული შეიძინა და მასში მუშაობდა... მოკლედ, წიგნი რვეულის ფურცლებზე კალმით არის დაწერილი.

- მისი წიგნის პირველი მკითხველი თქვენ ხართ?

- კი, მე ვარ იმიტომ, რომ ამ ხელნაწერებს თან ვკრეფდი და ვაგროვებდი. ჩემთვის ცოტა ემოციურიც არის ეს ყველაფერი, მეუღლე 2 წელი (6 ნოემბერს ხდება) არ მინახავს და არ დავლაპარაკებივარ, არ შევხვედრივარ... ამიტომ, ის ფურცლები ჩემთვის ცოტა სხვა რამესაც ნიშნავს და არა მარტო ერთხელ, ბევრჯერ მაქვს წაკითხული...

- როგორც მკითხველმა რომ შეაფასოთ წიგნი.

- ჩემთვის ძალიან ემოციურია ამაზე ლაპარაკი, თან, სუბიექტურიც ვიქნები. კიდევ ისიც არის, რომ ყველაფერი ვიცი, - ვინ არის ბაჩო, რას აკეთებდა, რისთვის იბრძოდა და ცხოვრობდა. ეს ჩემთვის უცხო არ არის და რაიმე ახალი მის ნაწერებში არ აღმომიჩენია. ამიტომ ამ წიგნს შეიძლება ჩემთვის ცოტა სხვა დატვირთვა ჰქონდეს, ვიდრე იმ ადამიანისთვის, რომელიც მას პირველად წაიკითხავს. მისი ნამუშევარი ნეიტრალურ ადამიანს წავაკითხე, რომელთა აზრიც მაინტერსებდა და მოეწონათ...

- ე.ი. თქვენთვის სიახლე არაფერი ყოფილა.

- არა. მე თვითონაც ისეთი ტიპაჟი ვარ, როგორიც ბაჩო. ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც პატრიოტული სულისკვეთება იყო ყოველთვის... ამიტომ, ამ მიმართულებით ყოველთვის ვუწყობდი ბაჩოს ცხოვრებაში ფეხს. ჩვენ არასოდეს გვქონია მხოლოდ ცოლქმრული ურთიერთობა, უფრო მეგობრულ-პატრიოტულ-თანამოაზრეობრივი იყო (თუ შეიძლება ასე ითქვას). როდესაც საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" გამოვიდა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბაჩომ იცოდა ჩემი პატრიოტობის შესახებ და პირველად მან მომაწოდა ამ სიახლის შესახებ ინფორმაცია და გავგიჟდი...

საერთოდ, ბაჩო რომ გავიცანი, მაშინვე თვალში მეცა, მისი პატრიოტიზმი, რითაც მამას (თამაზ ნადარეიშვილი - აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ადრეულ წლებში. - ავტ.) ვამსგავსებდი...

მოკლედ, გამიხარდა, რომ ეს წიგნი დაწერა. ბევრი ხომ მას არ იცნობს და ჰგონიათ, რომ მონსტრია, ბავშვებს ჭამს. ამ წიგნით კი სხვა კუთხით დაინახავენ.

- ეს წიგნი მისი როგორც პატიმრის პროტესტი ხომ არ არის?

- ეს არის სიმართლე ბაჩოსგან! რომელსაც ყველა წაიკითხავს და მიხვდება, ის ვინ არის.

- და ვინ არის?

- ბავშვებს ნამდვილად არ ჭამს...

- თავის ნაწერებში მისი განვლილი ცხოვრებიდან რაიმეს ხომ არ ინანიებს?

- არა, პირიქით, მებრძოლი სულისკვეთების მქონე ადამინის მიერ დაწერილი წიგნია! პირველად როცა გავეცანი, ისეთი განცდა მქონდა, - მინდოდა, აბჯარი ამესხა და სოხუმში ისე წავსულიყავი! ისე, ყველა ქართველს ურჩევს, იმედი არ გაუქრეთ, იმედი, რომელიც აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით დაკარგული აქვთ.

- რომ წავიკითხე, აბჯრის ასხმა და აფხაზეთში წასვლა მომინდაო. გახსოვთ აფხაზეთი?

- ჩვენი ოჯახი, ომის დროს იქიდან რომ წამოვიდა, 12 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს იქაურობა და მეტიც, ხშირად მესიზმრება სოხუმი. დავდივარ მის ქუჩებში ჩუმად, მალულად და საოცარ ემოციებს განვიციდი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-თვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია