ქართველების მასობრივი ძარცვა აფხაზეთში: "ხალხს იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ"

ქართველების მასობრივი ძარცვა აფხაზეთში: "ხალხს იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ"

"ოჯახების დაყაჩაღება და ადამიანების გატაცება - გალში მცხოვრები ქართველები მკვეთრად გაუარესებულ კრიმინოგენურ ვითარებასა და ქართველების გახშირებულ ძარცვაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათთვის ვითარება ყოველდღიურად უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას გალის ქვედა ზონის სოფლების მცხოვრებლები ამბობენ, თხილის სეზონის დადგომის შემდეგ დაყაჩაღებამ და ადამიანებით ვაჭრობამ აფხაზეთში მასობრივი სახე მიიღო. ახალი დე ფაქტო ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ადგილობრივი ქართველები დამატებითი აკრძალვების დაწესებასაც ელიან. ერთ-ერთი ცვლილება მიწის გადასახადის დაწესებას ეხება - როგორც ისინი აცხადებენ, ეს თანხა ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე წლიურად 600 ლარი იქნება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართველების მასობრივი ძარცვა აფხაზეთში / "ოჯახებში შედიან და ფული გამოაქვთ, ან ხალხს იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ".

"განუკითხაობაა, გახშირებულია ყაჩაღობა და გატაცება. ოჯახებში შედიან და ძალადობის გზით ან ფული გამოაქვთ ან თხილი. ან ხალხს იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ. რამდენიმე ოჯახიდან 2 და 3 ტონა თხილი გაიტანეს. არ ვიცით როგორ, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ამ მხრივ მოსახლეობა დაცული იყო. აფხაზეთში ყაჩაღობა ნულამდე იყო დაყვანილი. რაც ხელისუფლება შეიცვალა, გატაცება და ყაჩაღობა აქტიურად მიდის. ინაუგურაციის შემდეგ ჯერ არაფერი დაწყებულა, თუმცა სანქციებს ველოდებით. ერთადერთი ცვლიულება რასაც ველოდებით ნაკვეთზე გადასახადს ეხება - ეზოს გარდა არსებულ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე წლიურად 600 ლარის დაწესება იგეგმება. გაგვაფრთხილეს, მიწის გადასახადი ინუგურუაციის მერე ამოქმედდებაო, მაგრამ როდიდან დაიწყებენ ათვლას, არ ვიცით. ხალხს ჰეტრობით მიწის ნაკვეთი აქვს, ამიერიდან კი გამოდის, რომ მიწის დამუშავებაში ფულის გადახდა მიგვიწევს. ნამდვილად არ ვიცი, ეს გადასახადი სხვებსაც თუ დაეკისრება, მაგრამ ქვედა ზონის სოფლებში, სადაც ძირითადად ქართველები ვცხოვრობთ, გამგებელმა ცოტა ხნის წინ გაგვაფრთხილა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოფელ ოტობაიას მკვიდრი ირმა სალია.

"ჩვენთვის მთავარია უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი. სულ შიშის ქვეშ ვართ და ველოდებით - პირველს მეორე, მესამე ოჯახის გაქურდვა როდის მოჰყვება. ვიცით, რომ გაქურდულების ბედს დღეს ან ხვალ ჩვენც გავიზიარებთ. შიშის ფაქტორი უმაღლეს მწვერვალზეა ასული, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს და ცხოვრებას ამ შიშში განვაგრძობთ. ძარცვა-გლეჯა ტრადიციად იქცა, ისიც არ ვიცით რუსები აკეთებენ ამას თუ აფხაზები, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის, ადგილობრივმა პოლიციამ ხომ უნდა აკონტროლოს. განცხადება კი შეგვაქვს, მაგრამ შედეგი არ არის, მათ აყვანა და დაჭერა არ ხდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოფელ გაგიდას მცხოვრები ირმა როგავა.

"გამოსასყიდის სახით ზოგს 15 ათასს, ზოგს კი 30 ათასს სთხოვენ. ოტობაიაში 6 თვეა მამაკაცი გაუჩინარდა - თავიდან 30 ათასს ითხოვდნენ და მერე საერთოდ დაიკარგნენ - არავის არ იცის სად არის და რა ხდება, ფაქტობრივად კაცი აორთქლდა: ასეთი სულ 3-4 შემთხვევა იყო, მაგრამ ნაწილის გადახდის შემდეგ სხვები გამოუშვეს, ეს კაცი კი არ ჩანს. რაც შეეხება სკოლებს, იმ ინციდენტის შემდეგ, რაც წიგნები დახიეს, იგივე არ განმეორებულა, თუმცა რუსულის გავლენა რომაა და სკოლების რუსულად გადაკეთებას ითხოვენ, ეს ფაქტია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსულენოვანი კადრები იმდენი არ ჰყავთ, რამდენიც სჭირდებათ, მათი იდეს განხორციელებას სწორედ ეს აფერხებს. ახალ კანონებს რას შემოიტანენ ღმერთმა უწყის. ინაუგურაციის შემდეგ ჯერ გამგებლები არ მოსულან დაა ცვლილებების შესახებ არ გავუფრთხილებივართ, თუმცა უამისოდაც უკვე ურთულეს მდგომარეობაში ვართ", - დასძენს ირმა როგავა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია