SOS! - სკოლის წიგნები: სქოლიოზის საფრთხე თუ განათლების მიღების საშუალება

SOS! - სკოლის წიგნები: სქოლიოზის საფრთხე თუ განათლების მიღების საშუალება

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად თავი ბევრმა პრობლემამ იჩინა. ერთ-ერთი მათგანია ჩანთების სიმძიმე, რომელიც განსაკუთრებით 1-4 კლასის მოსწავლეებს უქმნის პრობლემებს, რადგან უმცროსკლასელებისთვის მძიმე ჩანთის ტარება სქოლიოზის რისკს ზრდის. Ambebi.ge-მ ამ საკითხზე რამდენიმე მშობლის აზრი მოისმინა.

თამუნა სოსელია:

- ჩემი შვილი მეორე კლასშია და უკვე სერიოზულად ვნერვიულობ წიგნების წონის გამო. სხვათაშორის, წელს შედარებით მსუბუქი წიგნებია. როგორც გავიგე, სამინისტროს სპეციალურად მოუთხოვია წონის შემცირება, რისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის, თუმცა პრობლემა მაინც არ გადაჭრილა. კარგი იქნებოდა, რომ წიგნები ორ ნაწილად დაებეჭდათ და ამით გადაეჭრათ ეს პრობლემა. გასაგებია, რომ ეს გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა სახელმწიფოს, მაგრამ როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, მგონი აქ ფინანსებზე საუბარი ზედმეტია. ახლა იძულებული ვარ მე ან ჩემი მეუღლე გავყვეთ ხოლმე ბავშვს სკოლაში, რათა ჩანთა ვატაროთ. ზოგმა მშობელმა ბორბლებიანი ჩანთა უყიდა შვილს, მაგრამ ამის საშუალება ყველას არ აქვს.

- მასწავლებლებთან თუ გქონიათ ამაზე საუბარი?

- დიახ და ზოგიერთმა მასწავლებელმა უფლება მოგვცა, რომ მხოლოდ რვეულით ევლო ბავშვს. ეს ერთგვარად ამსუბუქებს ჩანთას, მაგრამ უწიგნოდ ხომ არ იქნება ყველა გაკვეთილზე? თანაც ახლა სულ ისეთი საგნებია, რომ წიგნის გარეშე გაკვეთილზე ყოფნა არაფრის მომცემია. კარგი იქნება, თუ სამინისტრო მშობლების აზრს გაითვალისწინებს. წარმოიდგინეთ თითქმის ყველა საგანში ორი წიგნია, ამას დამატებული აქტივობების რვეული და საწერი რვეული ძირითადად, 48 ფურცლიანი. ეს ყველაფერი საერთო ჯამში 7-8 კილო გამოდის.

ნინო ვარდოსანიძე:

- ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია არსებობს. უფროსი შვილი მეათე კლასშია და უმცროსი მესამეში. უმცროსი უკვე ორჯერ მყავდა ორთოპედთან, რომელმაც კატეგორიულად აგვიკრძალა ბავშვისთვის 2.5კგ-ზე მეტი წონის ზურგზე აკიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაინვალიდდესო. ვიცი, რომ ჩემ შვილს აქვს ხერხემლის პრობლემა და ასე მცირე წონა მაგიტომ მითხრა, თუმცა 3 კილოზე მეტი მაინც არაა რეკომენდირებული. მშობელი არჩევანის წინაშე დგები, ან წიგნები უნდა გაატანო ბავშვს ან მისი ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო. საბედნიეროდ, მე მაქვს საშუალება და შევიძინე წიგნები, რომელიც 2 ნაწილად გავყავი, ავკინძე და ისე დააქვთ ბავშვებს, მაგრამ ვისაც სახელმწიფო ურიგებს, ისინი მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდნენ წიგნებს და ამ მშობლებმა რა უნდა გააკეთონ? ადრე არასოდეს ყოფილა ამაზე ყურადღება და როგორც ამბობენ წელს განათლების სამინისტრომ სპეციალურად შეამოწმა წიგნების წონა და თუ სამომავლოდაც გააგრძელებს, ძალიან კარგი იქნება.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- ჩემ დროს ჩვეულებრივი ზომის წიგნები იყო და ნამდვილად არ იყო ჩანთის ტარება გაუსაძლისი, თუ მაშინ იმ წიგნებით მიღებული განათლება საკმარისი იყო; დღეს რატომ არ შეიძლება იგივე ზომის და წონის წიგნების დაბეჭდვა?! ზურგჩანთებით ტარების შემთხვევაში საფრთხე შედარებით ნაკლებია, რადგან წონის გადანაწილება ხდება, მაგრამ ეს პრობლემას მაინც ვერ აგვარებს.

Ambebi.ge-მ ამავე თემაზე კომენტარი პედაგოგს სთხოვა.

ნათელა იმნაძე (ისტორიის პედაგოგი):

- ძალიან ცუდია, რომ ბავშვებს ასეთი მძიმე ჩანთები ტარება უწევთ. ხშირად უჩივიან ხერხემლის და ზურგის ტკივილს. პირადად ჩემს საგანაში ისეთი დიდი მოცულობის წიგნებია, რომ ბავშვებს გული უწუხდებათ. მშობლები გვეუბნებიან იქნებ სახლში დატოვონ ბავშვებმა წიგნებიო, მაგრამ წიგნის გარეშე გაკვეთილზე ყოფნას მართლა აზრი არ აქვს. მესმის მშობლის მდგომარეობაც, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ისევ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ პრობლემაზე თორემ ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია