პლატონას დუქანი, ზემელი, დამპალო, ღვინის აღმართი და ნარიყალა - თბილისის ისტორიული სინამდვილე და 6 უნიკალური ფოტო

პლატონას დუქანი, ზემელი, დამპალო, ღვინის აღმართი და ნარიყალა - თბილისის ისტორიული სინამდვილე და 6 უნიკალური ფოტო

AMBEBI.GE-ს მიერ მომზადებული სტატიების ციკლიდან - "თბილისის ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა", რომელიც დედაქალაქის უბნების სახელეწოდებებს, მათ ისტორიასა და განვითარებას ეხება:

ელია

ელია - თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანია, რომელიც მახათის მთის ფერდობზე, ელენე ახვლედიანის ხევის მარჯვენა მხარეს, რკინიგზის აღმოსავლეთით მდებარეობს. სახელი ელია წინასწარმეტყველის ეკლესიის (წყაროებში პირველად 1654 წელს არის მოხსენიებული) გავლენით ეწოდა, რომელიც მახათის მთაზე იდგა. იქ საეკლესიო დღესასწაული - ელიაობა იმართებოდა... ელიას გორაზე აღმართულია წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ხოლო მახათაზე კი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი გაშენდა.

სან-ზონა

სან-ზონა - თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაძალადევსა და თემქას შორის არსებული უბანია. იწყება გურამიშვილის გამზირის 30 ნომრის შემდეგ და მთავრდება მეტრო "სარაჯიშვილთან".

სან-ზონას, იგივე სანიტარულ ზონას სახელი განსაკუთრებული მიკროკლიმატის გამო შეერქვა. იქ უწინ ხეხილის ბაღები ყოფილა გაშენებული.

ამ დასახლების გაჩენამდე, სან-ზონის ტერიტორიაზე განლაგებული იყო წყლის ორი დიდი რეზერვუარი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა. სან-ზონაში წყალი ნატახტრიდან მოდიოდა და რეზერვუარები მკაცრად კონტროლდებოდა, რამაც დიდწილად მისი სახელწოდებაც განსაზღვრა.

სან-ზონის დასახლება ჩაღრმავებულ ადგილას, ღრმაღელის ხევში 1920-იან წლებში განვითარდა. უბანი ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო, ქართველებთან ერთად, ცხოვრობდნენ: აზერბაიჯანელები, დუხაბორები, მალაკნები, გერმანელები და ჩეხები. დაუსახლებელ ტერიტორიებზე კი გაშენებული იყო ხეხილის ბაღები. იქაურობას მუდმივად მუშახელი სჭირდებოდა, რომლებიც იქვე დასახლებას ამჯობინებდნენ. 50-60-იან წლებში რეზერვუარები გაუქმდა და მაშინდელმა მთავრობამ თავისუფალი მიწების დანაწილება კორპუსების ასაშენებლად დაიწყო და 60-იან წლებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გაჩაღდა. ამ უბანს მაშინ უკვე "სან-ზონის დასახლებას" ეძახდნენ, სადაც დიდი ქვაფენილიანი გზა გადიოდა, რომელსაც ავჭალის გზატკეცილი ერქვა (დღევანდელი გურამიშვილის გამზირი). 50-იან წლებში ამ გზატკეცილზე ტრამვაი ამუშავდა, - ჯერ დიდუბიდან "მე-8 საავადმყოფომდე", შემდეგ - დიდუბიდან ავჭალამდე მოძრაობდა.

სან-ზონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილია "პლატონას დუქანი," რომელმაც სახელი 50-იან წლებში გაითქვა, სან-ზონის მიმდებარე ტერიოტორიაზე იყო დუქანი, სადაც ადამიანებს უყვარდათ სტუმრობა და იმ დუქნის მიმდებარე ადგილს, მოგვიანებით "პლატონას დუქანი დაერქვა".

ზემელი

ზემელი - თბილისში რუსთაველის სახელობის მოედნის ერთ-ერთი კუთხის ადრინდელი სახელწოდებაა. სახელი იქ მდგარი აფთიაქის მიხედვით შეერქვა, რომელიც პროვიზორ-აფთიაქარ - ევგენი ზემელს ეკუთვნოდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, XX საუკუნის 30-იან წლებში აფთიაქი აიღეს. ამჟამად მოედნის მიმდებარე უბანს არაოფიციალურად მაინც ზემელს უწოდებენ.

დამპალო

დამპალო - დამპალოს ხევი, ანუ დამპალოს დასახლებაც უბანია თბილისში, რომელიც სამგორ ემიჯნება.

სახელწოდება უკავშირდება ადრე იქ არსებული პირუტყვის სასაკლაოების გამო გამეფებულ ანტისანიტარიის გამო. აქედან მოდის ამ ადგილის სხვა სახელწოდებებიც: ბოინისხევი, სასაკლაოსხევი. სასაკლაოს გაუქმების შემდეგ, იქ ერთ დროს ბოსტნები იყო გაშენებული.

სირაჯხანა

სირაჩხანა (სპარს. "სირაჩ"/"სირაჯ", "მეღვინე", + "ხანა"/"ხანე", "სახლი") - ღვინითა და არყით მოვაჭრეთა რიგები იყო ძველ თბილისში.

არსებობდა პატარა და დიდ სირაჩხანა, რომლებიც მტკვრის მოპირდაპირე ნაპირეზე გახლდათ განლაგებული. პატარა სირაჩხანა მარჯვენა ნაპირზე, კალაში, თათრის მოედნის (ახლანდელი - გორგასლის) სიახლოვეს მდებარეობდა. მოგვიანებით ეს ქუჩა შუაბაზრის (დღევანდელი ლესელიძის ქუჩა) რეკონსტრუქციისას გაქრა. ამ ადგილზე, ლესელიძისა და სიონის ქუჩების შეერთებასთან, სკვერია ("სემინარიის სკვერი").

დიდი სირაჩხანა მტკვრის მარცხენა ნაპირზე გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა და ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა, ავლაბრის გალავნის ქვემოთ, კლდის ძირს მიჰყვებოდა. მოგვიანებით ამ აღმართს "ღვინის აღმართი" ეწოდა. იქ განლაგებული დუქნები და სარდაფები კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა. იქვე იყო ძველი თბილისის მთავარი ღვინის ბაზარი და ქალაქის ბოჰემური ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი.

ნარიყალა

ნარიყალა - (სპარს. ნარინყალა - ციტადელი, შიდაციხე) უძველესი დროის ციხესიმაგრეა. თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. თბილისის ციხის - კალას გვიანდელი სახელწოდება. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახალაღდგენილი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა.

ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125 წლები) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით, შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს. დღემდე მოღწეულია ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის კვადრატების სახით.

XVII საუკუნემდე, ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა "მეფის სასახლე". ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წელი) დედაციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული და 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქებულა.

ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მუდმივად უამრავი ადამიანი სტუმრობს და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა