"პირში ბოლოკგაჩრილ გოჭს, ლოკოკინაგაჩრილი ბაყაყი შეცვლის" - ცნობილი ქართველების ხუმრობანარევი შეფასებები

"პირში ბოლოკგაჩრილ გოჭს, ლოკოკინაგაჩრილი ბაყაყი შეცვლის" - ცნობილი ქართველების ხუმრობანარევი შეფასებები

ავიღოთ ერთი საშუალო ზომის გოჭი, კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავამშრალოთ, წავუსვათ აჯიკა ან სხვადასხვა სანელებელი, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და გახურებულ ღუმელში შევდგათ. თავიდან მაღალი ცეცხლი უნდა, მერე თანდათან მოვაკლოთ. შიგადაშიგ კარაქის წასმაც არ დაგვავიწყდეს, რომ გოჭის კანი რბილი და მსხვრევადი გამოვიდეს.

მაგრამ ვეჭვობ, რომ ცოტა ხანში გოჭის შეწვის ეს რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ქართველები ამ უგემრიელეს კერძს ამზადებენ, აღარ დაგვჭირდეს, რადგანაც როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ერთ წლამდე გოჭების დაკვლა, გასაყიდად გამოტანა ან საკვებად გამოყენება იკრძალება.

კანონი ძალაში 1-ელი დეკემბრიდან შევაო.

რეალურად კი რა როგორ იქნება, არავინ იცის, თუმცა ეს ხმა უკვე გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ქართულ საახალწლო თუ ზოგადად, ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას შემწვარი გოჭი ვეღარ დაამშვენებს.

"ამბები.გე" ამ თემას გასულ კვირას უკვე გამოეხმაურა, თუმცა თემა აქტუალურია და მისი გაგრძელება მიზანშეწონილად ისევ მივიჩნიეთ.

ამჟამად იმ ქართველებს გავესაუბრეთ, ვისაც ქართულ სუფრასთან ხშირად უწევს ყოფნა და კარგად მოეხსენება მისი ტრადიციების შესახებ. თუმცა ისინი ამ თემას ჯერჯერობით მაინც იუმორით მიუდგნენ...

გია კორკოტაშვილი:

- ფაქტია, რომ ჯერ ამის შესახებ, ოფიციალურად არაფერი წამიკითხავს, თუმცა ხმები გავრცელდა, რომ პარლამენტი ამას აპირებს, რაც არ შეიძლება, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ ეგეთი რამე გააკეთონ... კატეგორიულად ვაცხადებ, ეს კანონი ძალაში რომ შევიდეს, მე შიმშილობას გამოვაცხადებ...

გოჭის დაკვლა თუ არ შეიძლება, აბა, დაკლან მაშინ ადამიანები და ეგ არის. ეს მამაპაპური ტრადიციების წინააღმდეგ გალაშქრებაა. თან, მართლა სასაცილო რაღაც არის... მალე შეიძლება, კვერცხის ჭამაც აგვიკრძალონ იმიტომ, რომ წიწილის გამოჩეკვას უნდა დაველოდოთ, რაც ალბათ, უფრო სარფიანი საქმე იქნება ქვეყნისთვის...

- და თუ მაინც, ერთ წლამდე გოჭი აღარ დაიკლა, როგორ ფიქრობთ, რას დაკარგავს ქართული სუფრა?

- ჯერ ის ვთხოვოთ, რომ ახალ წელს, გამონაკლისის სახით მაინც დაუშვან გოჭის დაკვლა. მაგრამ თუ სახელმწიფოს ეგეთი ვექტორი აქვს აღებული, რომ საქმეს ასე სჭირდება, მაშინ უნდა გავიჭირვოთ, როგორც აქამდე ვიჭირვებდით, თუ არადა, ახალ წელს მაინც გაგვიკეთონ შეღავათი. ნახევარი ან მეოთხედი გოჭის ჭამის უფლება მოგვცენ (სიცილით ამბობს). ეს ნორმალური იქნება.

რაც შეეხება იმას, თუ რას დაკარგავს ქართული სუფრა, გეტყვით, რომ ყველაფერს დაკარგავს და საერთოდ, ქართული საზოგადოება მთლიანად, სახელს დაკარგავს.

რაც ეს ამბავი გავიგე, ამ დღეებში სულ გოგია უიშვილი მახსენდება, ოჯახს უჭირდა და საახალწლო სუფრაზე გოჭი ჰონდა, მაგრამ იმ კაცმა თავი მაინც მოიკლა... ჩვენ გოჭიც რომ აღარ გვექნება, რა ვქნათ?! საშინელებაა. ეს კერძი და პროდუქტი სახლში, სუფრაზე იმედის მომცემი ამბავია. თუ გოჭი გაქვს, ფიქრობ, რომ ის დღე კარგად გათენდება და დაღამდება...

- მოკლედ, გოჭი გვეკარგება ქართული სუფრიდან და სუფრაც იშლება, არა?

- თუ გოჭი თავის ბოლოკიანად ქართული სუფრიდან დაიკარგა, ჩათვალეთ, რომ საქართველო თავის განვითარების რელსებიდან ფაქტობრივად, გადასულია, რა...

ნუგზარ კვაშალი:

- თუ საქართველოს პარლამენტი გოჭებით, ღორებით, წიწილებით, თხებით არის დაკავებული, კარგად ყოფილა მათი საქმე. მაშინ მაგათ კერძებისა და პროდუქტების საპარლამენტო ფრაქციაც უნდა ჰქონდეთ, რომელიც გოჭებზე, ძროხებზე კამეჩებზე გასწევს ზედამხედველობას და შეიძლება მაგ ფრაქციის თავმჯდომარედაც კი გამოვდგე, რადგანაც შევეჯიბრებოდი მაგათ იმის დამტკიცებაში, რომ გოჭი ქართულ საახალწლო სუფრას მარლაც სჭირდება.

მაგრამ როგორც ვატყობ, ეგენი ევროპის მიმართულებით მოქმედებენ, არადა, საქართველო კიდევ დიდი ხანი ვერ გახდება ევროპული ქვეყანა იმიტომ, რომ აქ სხვა გოჭები და სხვა ბაჭიები ცხოვრობენ... ისე ყური მოვკარი, აკრძალვა არა მარტო გოჭებზე, ხბოებზეც უნდა გავრცელდესო. თუ ამით დაიწყო ჩვენი გზა ევროპისკენ, კარგად ყოფილა ევროპული გოჭების საქმე.

ასე რომ, გაუმარჯოს გოჭებს! თუ პარლამენტი სიცილით, ხარხარით, ღრუტუნით და კაკანით არის დაკავებული, მეტი არაფერი შეძლებიათ, მერე ბატკნის ჭამასაც აგვიკრძალავენ... თუ ერთ წლამდე გოჭს დაკლავ, ეს დანაშაულია და წლი-ნახევრის გოჭის დაკვლა, არა? ამ წესების დარღვევით, ჩათვალეთ, რომ ცუდის მეტი არაფერი მოხდება...

- ქართული სუფრიდან გოჭის გაუჩინარება რას გამოიწვევს?

- რამდენიმე ათასწლოვანი ქართული სუფრა ტარდიციებს დაკარგავს. ის კინო გახსოვთ: "დაყრუვდნენ გოჭები, დაყრუვდნენ"... ახლა ვინ დაყრუვდა, გოჭები თუ პარლამენტი, ეგ უკვე არ ვიცი... მგონია, რომ განსაკუთრებით სამეგრელო უნდა დაირაზმოს ამის წინააღმდეგ, რადგან გოჭების მთავარი შემომტანი დანარჩენ საქართველოში ეგ კუთხეა. წარმოგიდგენია, რა საშინელებაა, ახალ წელს მეგრული გოჭიც რომ არ გაქვს სუფრაზე, მერე უნდა დაკლა ფრანგული გველი, ბაყაყი და გოჭის თავის ნაცვლად ბაყაყის თავი მიართვა თამადას.

- ბაყაყს პირში გაჩრილი ბოლოკი აღარ მოუხდება, არა?

- ბაყაყს პირში მერე ალბათ ლოკოკინა უნდა ჩავუდოთ და ასე შეიცვლება ჩვენი ტრადიციული სუფრა. ასე რომ, ახლა ამისთვის მოვემზადოთ, მეგობრებო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სამძებრო ღონისძიებები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გრძელდება - განახლებული ინფორმაცია სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდზე

"ეს არის უკვე ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი" - მეუფე დანიელი

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა