დედა შვილს პორნოსურათებს უღებდა და ინტერნეტით ყიდდა

დედა შვილს პორნოსურათებს უღებდა და ინტერნეტით ყიდდა

ტრეფიკინგის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო იბრძვის, მაგრამ ამ პრობლემის აღმოფხვრა ფაქტობრივად შეუძლებელია. გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა და გარკვეული ადგილი საქართველოსაც დაეთმო. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დღეს ეს პრობლემა აქტუალურია, ადგილი აქვს ქალების იძულებით პროსტიტუციას, ბავშვებისა და მამაკაცების იძულებით შრომას. ქალების სექსუალური ტრეფიკინგი ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში, რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში... აქვე აღნიშნულია, რომ ბათუმსა და გონიოში უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან ჩამოჰყავთ ქალები და ისინი იძულებით არიან პროსტიტუციაში ჩაბმულები.

ეს პრობლემა რომ არსებობს, ეჭვი არავის ეპარება. ალბათ ყველას ახსოვს, შარშან აჭარაში პერმანენტულად გამართული საპროტესტო აქციები. მოსახლეობა ხელისუფლებისგან პროსტიტუციის ბუნაგების ლიკვიდაციას ითხოვდა. აცხადებდნენ, რომ ძირითადად თურქები ქირაობდნენ სახლებს და იქ გარყვნილების ბუდეებს აწყობდნენ. ისიც გვახსოვს, აჭარაში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი უზბეკი ქალი როგორ იპოვეს ტყეში მოკლული. ძალოვანებმა ეს დანაშაული გახსნეს, მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ამ ფაქტის დეტალებზე სტატია მაშინ ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალები სექსუალური ტრეფიკინგის ობიექტად ძირითადად, საუნებში, სასტუმროებში, კაზინოებში, სტრიპტიზკლუბებში იქცევიან. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შრომით ტრეფიკინგზეც. ნათქვამია, რომ ქართველი მამაკაცები და ქალები იძულებითი შრომის მსხვერპლნი ხდებიან როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. ალბათ ხშირად მოგისმენიათ ახლობლებისგან, რომ ისინი ამუშავეს და მერე ისე დაითხოვეს, გასამრჯელო არ გადაუხდიათ. ამას წინათ ჩემი მეზობელი მიყვებოდა, როგორ ჩავიდნენ ქართველი ბიჭები აზერბაიჯანში სამუშაოდ, ისინი იქ ამუშავეს, მაგრამ ფული არ გადაუხადეს; როგორ დადიოდნენ მშივრები, საბოლოოდ მათი ოჯახის წევრებს საქართველოდან დასჭირდათ მათთვის გზის ფულის გაგზავნა და ასე დაბრუნდნენ უკან.

ანგარიშის მიხედვით, ქუჩის ბავშვებიც ხშირად ხდებიან იძულებითი მათხოვრობის მსხვერპლნი. "საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა ტრეფიკინგისთვის ცენტრალური აზიიდან თურქეთის მიმართულებით. არ მოგვეპოვება ინფორმაცია ტრეფიკინგის ფაქტების შესახებ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში", - ნათქვამია ანგარიშში. აქვე შენიშვნებია გამოთქმული საქართველოს მთავრობის მიმართ და ნათქვამია, რომ მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს. "2013 წელს საქართველოში 5 ადამიანი გაასამართლეს ტრეფიკინგისთვის, რაც არის გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით. საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში იდენტიფიცირება მოახდინა სექსუალური ტრეფიკინგის 42 მსხვერპლის, მაშინ, როდესაც წინა საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 18 შემთხვევა იყო", - ნათქვამია ანგარიშში. აქვე მოყვანილია რეკომენდაციები, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ჩაატაროს ინტენსიურად პოლიციის სპეციალური ტრენინგები, სამხილებისა და ეჭვმიტანილების არსებობის შემთხვევაში - გამოძიება, მათ შორის, ბორდელების მეპატრონეების მიმართ; ასევე უნდა შეიქმნას შრომითი ინსპექცია, რათა მოხდეს შრომითი ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირება.

ამ ანგარიშს უკვე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მის მესვეურთა მტკიცებით, ძალოვანებს წლის განმავლობაში მუდმივად უტარდებოდათ სხვადასხვა ტრენინგი. სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა მსხვერპლთა 2 თავშესაფარი, სადაც 15 ადამიანს გაუწიეს კვალიფიციური სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დახმარება; ტრეფიკინგის 29 მსხვერპლმა მიიღო სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფინანსური დახმარება. 2013 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ტრეფიკინგის უცხოელ მსხვერპლთათვის დასაქმებისა და სხვაგვარი მხარდაჭერის გაწევის, მათ შორის, რეპატრიაციის შესახებ. "საქართველოს მთავრობა აგრძელებს ადამიანით ვაჭრობის პრევენციის ზომების მიღებას: იმართებოდა საინფორმაციო კამპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად გამოიცა სპეციალური ბროშურები ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების შესახებ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც გავრცელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში და საზღვარგარეთ, საკონსულო დახმარების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით; ტრეფიკინგის შესახებ მასალები დაურიგდათ ბავშვთა თავშესაფრებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. ასევე, კვლავინდებურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცხელი ხაზი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამწუხარო ფაქტია, ხშირად არასრულწლოვნებიც ხდებიან მსხვერპლი. ნიშანდობლივია ერთი ფაქტი, რომელიც შარშან მოხდა. საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია. საქმე ეხება არასრულწლოვნით ვაჭრობას და ორი ადამიანის წინააღმდეგ იყო აღძრული. საქმის მასალების მიხედვით, ამ ამბავში ჩაბმული იყო ბავშვის დედა. ბრალდებული ქალი ისრაელის მოქალაქეს გაურიგდა; მატერიალური სარგებელი რომ მიეღო, ამისთვის ექსპლუატაციას უწევდა არასრულწლოვან შვილს, კერძოდ - საკუთარი შვილი დაიყოლია გარყვნილ ქმედებაში; არასრულწლოვანს სისტემატურად უღებდა პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს და ინტერნეტით უგზავნიდა სოციალურ ქსელში გაცნობილ ვინმე ტ. ნ-ს, რომელიც ისრაელიდან პერიოდულად ურიცხავდა გარკვეულ თანხას. სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბავშვის დედას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მის თანამონაწილეს - 11 წლითა და 6 თვით, ეს უკანასკნელი არ დაუკავებიათ, ამიტომ დაუსწრებლად გამოუტანეს სასჯელი.

რა პრობლემებია საქართველოში - ამ და სხვა საკითხებზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელს, ქალბატონ მარი მესხს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო მარი, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ასეთ დასკვნას ელოდით?

- ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, გამოძიება და თანამშრომლობა. ჩვენ მივეკუთვნებით მსხვერპლთა დაცვის ნაწილს, რომელიც გარკვეულწილად ჩართულია პრევენციაში. ამ მიმართულებით ჩვენი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია საანგარიშო პერიოდში, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო სტანდარტი გაცილებით მაღალია, მოთხოვნებიც მაღალია. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის რეკომენდაციებზე ბუნებრივია, რეაგირება იქნება. მსხვერპლთა დაცვის ნაწილში ბევრი შენიშვნაა, რაც ძირითადად გამოძიებას ეხება და საუბარია საზღვრისპირა რეგიონზე. აჭარაში უფრო მეტი აქტივობაა საჭირო. თუმცა, რაც იქ ხდება, ყველა შემთხვევას ტრეფიკინგად ვერ მოვნათლავთ. წინა ზაფხულს სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეციალური დანაყოფი შექმნეს, დამოკიდებულება სერიოზული იყო.

- იქ ძირითადად, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან ქალები, რომლებსაც პროსტიტუაციაში აბამენ, არა?

- იქ ქალები დაკავებულები არიან ძირითადად მეძაობით. ყველა შემთხვევა ტრეფიკინგი არ არის, თუმცა, რამდენიმე ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. ჩვენთანაც ბევრია მსხვერპლი. 5 წელიწადი პირველ კალათაში ვიყავით ანუ 2011 წლამდე, მერე შევიცვალეთ კალათა. რასაკვირველია, კარგი იქნება, ამ კალათაში თუ დავბრუნდებით. ამისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო. ზოგადად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიოში უფრო აქტიურად მიმდინარეობს, მეტად მკაცრდება და მაღლა იწევს სტანდარტები, ამ სტანდარტებს უნდა მივყვეთ. კანონმდებლობა შექმნილი გვაქვს, თავშესაფრები მუშაობს თბილისსა და ბათუმში, კრიმინალიზებულია დანაშაული; ახლა უფრო მეტი აქცენტი კეთდება გამოვლენაზე.

- ფაქტების გამოვლენა ჭირს? მსხვერპლი თვითონ თუ მოგმართავთ?

- საერთოდ, სტატისტიკის გაზრდა გამოვლენის ხარჯზე მოხდა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ მეტი დამნაშავე დაისაჯოს და მსხვერპლი დაცული იყოს. ალტერნატიული მექანიზმიც არსებობს: შექმნილია მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც შესაბამის სტატუსს ანიჭებს. თუ ვიღაც ვერ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ეშინია ან არის სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები, მაშინ ჯგუფი ანიჭებს სტატუსს. ტექნოლოგიები იხვეწება - ახლა მსხვერპლის გადაბირება ხშირად, ინტერნეტით ხდება. ტრეფიკინგი მთელ მსოფლიოში მომგებიანი "ბიზნესია". მეტი მუშაობაა საჭირო გამოსავლენად. წლეულს 40-მდე შემთხვევა გვქონდა, 29 პირზე კომპენსაცია გაიცა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია