რას ნიშნავს სოლოლაკი და ხარფუხი - თბილისის უბნების უცნობი დეტალები

რას ნიშნავს სოლოლაკი და ხარფუხი - თბილისის უბნების უცნობი დეტალები

ვაგრძელებთ თბილისის ისტორიიდან ეპიზოდების მოთხრობას... ჩვენი დედაქალაქის ყოველ უბანს მისი განვითარების შესახებ რომ ძალიან საინტერესო ამბავი აქვს, ფაქტია და მკითხველისთვისაც სწორედ ამის შეხსენება გვინდა.

გაბაანთხევი - ნაწილობრივ ამოვსებული ხევია თბილისში, ვერეზე, ლურჯ მონასტერსა და ვერის ბაღს შორის. XVIII საუკუნეში ვერე გაბაშვილების მამული იყო და ხევის სახელიც ამ გვართანაა დაკავშირებული, თუმცა ლურჯი მონასტრის მიმდებარე მიწები რაფიელ დანიბეგაშვილს, ხოლო ხევის გადაღმა ტერიტორია მღვდელ გამდლიშვილს ეკუთვნოდა. ახლანდელი ვერის ბაღის დიდ ნაწილზე ერთ დროს სასაფლაო იყო. 1973 წელს ხევის რთულ რელიეფზე ჭადრაკის სასახლე (არქიტექტორები ალექსი-მესხიშვილი, ღუდუშაური) აშენდა.

ლეღვთახევი - დაბახანა, დაბაღხანა, ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული ნაწილი ძველი ქალაქის სამხრეთით მდებარეობდა (ბოტანიკური ბაღის მიდამოებსაც მოიცავდა). სახელი ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო ეწოდა. წყაროებში პირველად 1429 წელს მოიხსენიება. ლეღვთახევი გამოყოფდა თბილისის უძველეს უბანს, კალას საკუთრივ ქალაქისგან (ახლანდელი აბანოების უბანი). გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალაკისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში გამომდინარე გოგირდის წყალში მეტყავე-დაბაღები ტყავს ამუშავებდნენ, აქედანაა - სახელწოდებაც დაბახანა). XIX საუკუნეში ლეღვთახევში ბოტანიკური ბაღი გაშენდა. 2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

სოლოლაკი (იგივე სალალაკი) - თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს  (მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე). ისტორიულად ამავე სახელწოდების მთის კალთის გარეუბნის შემადგენელი ნაწილი იყო. უჭირავს სოლოლაკის ქედის დასავლეთ და მთაწმინდის ქედის სამხრეთის კალთებს შორის მდებარე ტერიტორია, ახლანდელი კოჯრის, ლ. ასათიანის, ამაღლების, ჭონქაძისა და გ. ლეონიძის ქუჩების მიდამოები.

არაბების ბატონობის ხანაში "ციხის ბაღის" მოსარწყავად არხი (არაბულად "სულუ-ლაჰ") აღადგინეს. მოგვიანებით სულულაჰ ეწოდა მთის კალთას, რომელზეც ეს უბანია გაშენებული, ხოლო XIX საუკუნიდან კი თავად უბანს ასე დაერქვა. ტოპონიმი - "სოლოლაკი" XIX საუკუნეში გაჩნდა. ამ ადგილის ადრინდელი სახელი "ავანაანთხევი" იყო. აქ იყო ქართველ წარჩინებულთა ბაღები. სოლოლაკის განაშენიანება XIX საუკუნის I ნახევარში დაიწყო. 1847-1851 წლებში გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი მონაკვეთი. აქვე აიგო ქარვასლა (ამ შენობაში იყო თბილისის პირველი საოპერო თეატრი, 1847 წელს შენობა დაიწვა).

ხარფუხი - თაბორის მთის აღმოსავლეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთ-ერთი ძველი უბანია. XIX საუკუნემდე უბანს სეიდაბადი ეწოდებოდა.

XII საუკუნიდან საქართველო და მისი დედაქალაქი დამანგრეველ შემოსევებს განიცდიდა, რის გამოც ქალაქის ტერიტორია შემცირდა. ამიტომ შეთხელებულა ქალაქის ძველი შემადგენელი უბანი და XVII საუკუნიდან იგი უკვე თბილისის გარეუბანია "სეიდაბადად" წოდებული. მის ტერიტორიაზე შაჰ-აბას I-ის მემკვიდრეს, შაჰ-სეფის ჩაუსახლებია მაჰმადიანთა ტომი - სეიდები. ამიტომ უბანმა თავისი სახელი დაკარგა და სეიდების უბანი - სეიდაბადი დაერქვა.

უბნის თანამედროვე დასახელება - ხარფუხი - სომხურია და ადგილმა სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს (თათრების სასაფლაო) მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე ხველას, სურდოს, გაცივებას ნიშნავს. თბილისელ მართლმადიდებლებს იმ ქვასთან განსაკურნებლად, სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ. შესაწირად ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა მიჰქონდათ, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი წმინდა ხატის გულის მოგებას ცდილობდნენ...

ლალი ფაცია

მომზადებულია სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ღამენათევი აქციის მონაწილეები, კარვები და ქვიშის ტომრების ბარიკადები - ფოტოები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან

შსს: პარლამენტთან აქციაზე დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა

ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა