დამბალხაჭო - ფშავური დელიკატესი კულტურული ძეგლის სტატუსით, ჟიპიტაური და წითელი ვაშლები

დამბალხაჭო - ფშავური დელიკატესი კულტურული ძეგლის სტატუსით, ჟიპიტაური და წითელი ვაშლები

უკვე სამოცდახუთი წელია სოფელ ჩაბანოს მკვიდრი თამარ ნავროზაშვილი უგემრიელეს და უძველეს, ტრადიციულ ფშავურ დამბალხაჭოს აკეთებს. ამბობს, რომ ფშავური დელიკატესის მომზადება არც ისე მარტივია და საკმაოდ შრომატევადიც არის. მიუხედავად ამისა, ჩვენს თხოვნას, გვაჩვენოს მომზადების პროცესი, სიამოვნებით დათანხმდა.

ყველაფერი კი ასე იწყება - "მოვწველ ძროხებს, დავწურავ თასზე რძეს, ახლა მაგალითად ცოტაა, ზაფხულში, უფრო მეტი მაქვს. ახლა ორი დღე-ღამე მჭირდება, რომ ეს დიდი ქვაბი შევავსო. ნაღებს მოვხდი. გავათბობ ფეჩზე და გამოვა ხაჭო. კარგად გადავწურავ. შემდეგ მარილს დავაყრი გემოვნებით თასზე, გავაკეთებ კვერებს და დავალაგებ გასაშრობად", – ამბობს თამარა ბებო, თან უკვე გადაწურული ხაჭოს კვერებს აგუნდავებს და წნელის სპეციალურ სათავსზე – ძობანზე ალაგებს, რომელიც შუაცეცხლზეა დაკიდებული. "ცეცხლს თუ მიაყოლებ, მალე გაშრება. სამი დღე მაინც უნდა გაშრობას". შემდეგ კი იწყება ყველაზე საინტერესო – ეს თამარა ბებოს საწყობია, სადაც ქოთნებში ჩალაგებული გამშრალი ხაჭოს კვერები 2-3 თვის მანძილზე ინახება და ლბება. სწორედ აქ იღებს საბოლოო სახეს დამბალხაჭო - ლბობის პროცესში იკეთებს ე.წ. "კეთილშობილ ობს", რის შემდეგაც გემრიელი და სასარგებლო დამბალხაჭო მზადაა.

- როდის ისწავლეთ დამბალხაჭოს კეთება?

- "შვიდი წლისა ვიყავი, ძროხებს რომ დავუწყე წველა. დედა ხელმარტო იყო. მამა ჯარში დაიკარგა და დედა მარტო გვზრდიდა სამ შვილს. დამიტოვებდა, შენ მოწველეო და მოვწველიდი, მაგრამ ვაი იმ მოწველას. ეს ხაჭოს კეთებაც, ეს ერბოს კეთებაც დედამ მასწავლა. 15 წლის ვიყავი, პირველად რომ დამბალხაჭო მე თვითონ გავაკეთე. დედამ მთაში გამგზავნა ძროხებთან. ბინა გვქონდა იქა და ვდღვებავდი კიდეც და ვაკეთებდი. ახლა ძლივსღა დავდივარ და მაინც ვაკეთებ, შვილიშვილებს სჭირდებათ ჩემი ხელი, თორემ მე ამის კეთების თავი აღარ მაქვს".

დღეისათვის, ფშავსა და ფშაველებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში დამბალხაჭოს არა მხოლოდ ოჯახისთვის ამზადებენ, მის რეალიზაციასაც ეწევიან. მთის დელიკატესი განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელებში სარგებლობს. სექტემბერში კი დამბალხაჭოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უკვე რამდენიმე წელია დამბალხაჭოს ფესტივალიც იმართება, რომელშიც თამარ ნავროზაშვილი ყოველთვის მონაწილეობს. 2011 წელს კი მისი დამბალხაჭო ფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დამბალხაჭო გასაყიდად გაიტანა.

"პირველად არაგვისპირში გამართულ დამბალხაჭოს ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. ბევრი ხალხიც იყო. მეორე წელს თბილისში ჩატარდა ფესტივალი. იქ გაიმარჯვა ჩემმა ხაჭომ. დიდი ტაშით შეეგებნენ, ნავროზაშვილის ხაჭომ გაიმარჯვა, თიანეთმა გაიმარჯვაო. მაქვს პრიზები, ნაბადწამოხვეული ბოთლები. შარშან ვეღარ წავედი ფესტივალზე, გავგზავნე ხაჭო, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. ბევრი აკეთებს უკვე. ვინც სულ არ იცოდა, ახლა დაიწყო კეთება. გასაყიდად ადრე არავინ აკეთებდა. მე წამოვიწყე. რვა ლარად ვაბარებდი. დღეს კი 20 ლარი ღირს. საქონელი თუ გყავს და გინდა ისარგებლო, ხაჭო უნდა გააკეთო. ყველი არაფერი არ არის - ზაფხულშივე გაასაღებ, შესჭამ და ეს კი ზამთრამდე გაგყვება", - ამბობს თამარა ბებო და სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე გვეპატიჟება, სადაც კიდევ ერთი ფშავური კერძი – ერბოხაჭო გველოდება.

"ერბოხაჭო დამბალხაჭოსგან მზადდება, ერბოს გააცხელებ და ჩაყრი თხლად დაჭრილ დამბალხაჭოს. ერბოხაჭოს ჟიპიტაური უხდება", - ამბობს თამარა ბებო და პატარა ჭიქებში სასმელს ასხამს – თქვენი გამარჯვებისა იყოს…

თამარა ბებოს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და ერთიც შვილთაშვილი ყავს. ჩვენს ლოდინში დილით პატარასთვის წინდის მოქსოვაც კი მოუსწრია. ის ახლა მარტო ცხოვრობს, თუმცა ზაფხულობით ოჯახი სრულად იკრიბება და შვილიშვილები დამბალხაჭოს ბებიასთან ერთად აკეთებენ.

"ვასწავლე ბალღებს, შვილიშვილებმა იციან. ერთ ზაფხულს ყველანი აქ იყვნენ და სამი გოგო და მეოთხე ბიჭი რომ დაადგებოდნენ, კვერებსაც აკეთებდნენ".

-გააგრძელებენ დამბალხაჭოს კეთების ტრადიციას ?

"არა, ჩემს შვილებს არცერთს არ ყავს საქონელი. არა სწადიან. ცოტა შრომა კი არ უნდა. ახალგაზრდებს არ უნდათ აქ, ვერ იქნებიან, გართობა არ არის, სამუშაო არ არის, რა იმუშაონ? სადღაა სოფელი? ჩემნაირი დავარდნილი ხალხიღაა დარჩენილი", – ამბობს თამარა ბებო.

ჩვენი სტუმრობაც სოფელ ჩაბანოში დამთავრდა.

P.S. სოფელი ისე გამოვიარეთ, ორიოდე მოხუცს მოვკარით თვალი. ერთ ეზოში ქალი ვაშლებს კრეფდა, რომ დაგვინახა, არც უკითხავს ვინ ვიყავით და რა გვინდოდა, უბე აივსო წითელი ვაშლებით და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენსკენ. ძალიან გემრიელი თიანეთური ვაშლი იყო…

იხილეთ ფოტოგალერეა

ნათია ლეშკაშელი

AMBEBI.GE

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია

იხილეთ სიუჟეტი Palitratv.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია