რამდენ ფულს შოულობენ მათხოვრები თბილისში - ექსპერიმენტი მოულოდნელი შედეგით

რამდენ ფულს შოულობენ მათხოვრები თბილისში - ექსპერიმენტი მოულოდნელი შედეგით

თბილისის მეტროსადგურში სამ გაჩერებას ვერ გაივლი ისე, მოწყალება არ გთხოვოს ვინმემ. რუსთაველის გამზირზე კი იღბალი გჭირდება, რომ ფეხზე არ გყავდეს მოხვეული ბავშვი, ვიდრე მატერიალურად არ დაეხმარები...

ადრე უფრო ხშირად, ახლა კი შედარებით ნაკლებად, ვისმენდი, რომ ქართველ ადამიანს ვერ ნახავდი ქუჩაში, მოწყალებისთვის ხელი გამოეწვდინა. ასეთი საუბრები შეიძლება ახლა იმიტომ არ წვდება ჩემს ყურს, რომ ამის მთქმელი ადამიანები წავიდნენ, მაგრამ კითხვა კითხვად დარჩა, რის გამო ითხოვენ მოწყალებას საქართველოში ადამიანები?

ეს ყველაფერი უმუშევრობამ მოიტანა თუ ასე მეტი შემოსავლის მიღება შეიძლება?

ამის გასარკვევად ჩავატარე ტესტი: დღის ოთხ საათზე ჩავედი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში და გავჩერდი მუსიკოსებთან, რომლებიც თავისი მუსიკით აკეთებენ ფულს და დავინიშნე დრო. 5 წუთში  საშუალოდ, 100-მა ადამიანმა ჩამოიარა, რომელთაგან სულ მცირე ერთმა მათგანმა 20 თეთრი გაიღო მოწყალების სახით. იგივე დინამიკით, 5 წუთში 20 თეთრი, ერთ საათში ორი ლარი გამოვიდოდა, ათ საათში კი 20 ლარი; ორმოცი თეთრის შემთხვევაში - 40 ლარი; სამოცი თეთრის შემთხვევაში - 60 ლარი და თავად განსაჯეთ, რამდენს გაიღებდა ადამიანი და პოტენციურად რამდენის გამომუშავებას შეძლებდა მოწყალების მაძიებელი პირი.

კომენტარი ვისაც ვთხოვე, არავინ არაფერი მითხრა, მაინცდამაინც სასიამოვნო მედიასაშუალებაში მოხვედრა არ არისო. ამის გათვალისწინებით, მიმდებარე მაღაზიებში შევედი და ვიკითხე, ეს ადამიანები ხურდის ქაღალდის ფულში გადაცვლას ხომ არ გთხოვენ-მეთქი? აქ ორმაგი მოგების პრინციპი მუშაობს, მაღაზიებს მეტი ხურდა სჭირდებათ, ხოლო მოწყალების მაძიებელ პირებს, ვისთვისაც რკინის ფული ზედმეტი ტვირთია, რა თქმა უნდა, ქაღალდის ფული ურჩევნია. აქაც იგივე სურათი, კომენტარის მოცემა არავინ ისურვა, თუმცა მითხრეს, ყოველდღე შემოდიან და ჯერ არ მინახავს 50 ლარზე ნაკლების ხურდა ვინმეს შემოეტანოსო. 

ისევ ბუღალტერიას თუ დავუბრუნდებით, დღეში ადამიანი თუ ორმოცდაათ ლარს გამოიმუშავებს, თვეში ოცდაათი დღე "მუშაობის" შემთხვევაში, თვიდან თვემდე 1500 ლარს შეაგროვებს, ხოლო შაბათ-კვირას დასვენების შემთხვევაში - 1100 ლარს.

სოციალურად დაუცველთა რიცხვს თუ გადავხედავთ, მთელ საქართველოში ასეთი 142,958 ოჯახი და 428,488 ადამიანია (თბილისში, ოჯახი: 26,028; მოსახლეობა: 74,852). ყველა, ვინც სოციალურად არის დაუცველი, თანაბრად არ იღებს დახმარებას, ყველაფერი ქულებზე არის დამოკიდებული. შეიძლება სახელმწიფომ ერთ ოჯახის წევრზე 60 ლარი გამოყოს, ანდაც პროდუქტით დაეხმაროს.

ასეთი ხალხი მართლაც მომრავლდა, ვინც დახმარებას ქუჩებში ყოველდღე გვთხოვენ და ალბათ, ეს კარგი ცხოვრების პირობებით არ არის განპირობებული. შეიძლება ქუჩაში ადამიანი განსაკუთრებულმა გაჭირვებამ გაიყვანოს, მაგრამ როდესაც თვეში შემოსავალი 1500 ლარს შეადგენს და საშუალო სტატისტიკურ (დასაქმებულ) ადამიანზე თითქმის ორჯერ მეტი შემოსავალი გაქვს, ძნელია უკვე სადმე სხვაგან წახვიდე. როდესაც ამდენ ადამიანს სხვა გზა არ აქვს დარჩენილი, გარდა მოწყალებისა, ეს ცალსახად არ არის კარგი.

გიორგი ხარშილაძე

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია