რას ფიქრობდა ერთი საუკუნის წინ პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე

რას ფიქრობდა ერთი საუკუნის წინ პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე

პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე -  (1859-1937)

"აზნაურობითა მით, რომლითა

ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურნა,

მტკიცედ ჰსდეგით და ნუ კვალად

უღელსა მას მონებისასა თავს იღებთ"

(გალ5.1)

დღესდღეისობით გამწვავებულია საკითხი მდედრობითი სქესის ამაღლებაზე, რაც შეიძლება ქალთა უფლებათა გაფართოებაზე და მამაკაცთა უფლებებთან გათანასწორებაზე. ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი გონივრულად ახსნა, განმარტება ბევრს ნათელს მოჰფენს სხვა, ჩვენი ცხოვრების შესახებ დაყენებულ საკითხებსაც. რას თხოულობენ ჩვენი დედები და დანი?! ისინი თავგანწირულად იბრძვიან, რათა მიიღონ მოქალაქეობრივი უფლებანი ისეთივე, როგორიც ეძლევათ მამაკაცებს და ამ უფლებათა ღირსეულად ასრულებისათვის თხოულობენ, მისცენ მათ საშუალება განათლებისა.

ყოველ შეგნებულ ადამიანს აქვს შემჩნეული მამაკაცთა და დედაკაცთა შორის არსებული უთანასწორობა მოქალაქობრივ ცხოვრებაში. რა არის მიზეზი ქალთა ამნაირი დაქვეითებისა, რისთვის გამხდარა კაცი ბატონად ქალისა, რად დაუჩაგრავს იგი? აი საკითხი, რომლის ახსნას ცდილობენ; ცდილობენ გაითვალისწინონ კანონიერება, ან უკანონობა აღნიშნული წესწყობილებისა, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, უწესობისა და ურიგობისა.

ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება ქალს ისეთივე უფლებები მიენიჭოს, როგორიც კაცს აქვს, რადგან ფიზიკურად უფრო სუსტია და ვერ შეძლებს ერთნაირ მოვალეობის ასრულებას. მაგრამ განა ცოტა არიან ისეთი მამაკაცნი, რომლებიც ქალებზე უფრო სუსტნი არიან აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ უფლებებს არ ართმევენ. თუმცა ქალი კაცზე უფრო სუსტია აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მუყაითია, მომთმენი, ჯაფის ამტანი, ფხიზელი და მოხერხებული მუშაობაში. თუ კაცი მუშაობს დღეში რვა-ცხრა საათს, ქალი-მეოჯახე მთელი დღე ფეხზე ტრიალებს, ფუსფუსებს; თუმცა თითქო არა სჩანს მისი მუშაობა, მაგრამ იმდენი წვრილმანი საქმეებია გასაკეთებელი ოჯახში ყოველდღე, რომ ერთი საათის მოსვენებას, სულის მობრუნებას არ აძლევს დიაცს; ხშირად პურის საჭმელადაც ვერ პოულობს იგი თავისუფალ დროს. ხშირად ცალ ხელში ბავშვი ჰყავს აყვანილი და ცალი ხელით საქმიანობს. რომელი ჯაფა შეედრება შვილოსონობას და ბავშვის მოვლას? რა მოთმინებით არიან ხოლმე აღჭურვილნი დანი მოწყალებისა, როდესაც ისინი უვლიან დაჭრილებს, ავადმყოფებს? რამდენ წვალებას გამოივლიან ხოლმე და როგორ საშიშ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავს, როდესაც უვლიან ათასნაირ გადამდებ სენით ავადმყოფებს? რამდენჯერ სჭირდებათ მათ დღე და ღამის გასწორება? გარდა ამისა, რამდენი კუთხეა დედამიწის ზურგზე, როდესაც მამაკაცები სტოვებენ და ფულის საშოვრად მიდიან ქალაქებში? მაგ: ჩვენში რაჭიდან განა ცოტანი მიდიან სხვა და სხვა ქალაქებში სამუშაოდ? მათ მაგივრობას ვინ ეწევა სოფლად? ვინ, ხნავს ვინ სთესავს, მკის და ლეწავს მოსავალს, თუ არა მათი დედები, ცოლები და დანი? მართალია, საზოგადოდ მამაკაცს მეტი ღონე აქვს, მაგრამ ვის რად უნდა, თუ კი ერთსა და იგივე საქმეს კაცზე ნაკლებ ქალი არ გააკეთებს. მგონი, ჩვენ უნდა ვხელმძღვანელობდეთ თუ ვის როგორ და რამდენი საქმის გაკეთება შეუძლია და არა იმით, თუ ვინ მუშაობს, აკეთებს ამ საქმეს. მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ ცხოვრებაში? ერთსა და იმავე საქმისათვის, სამუშაოსათვის, თუ კაცია - მეტს საფასურს მიიღებს, თუ ქალია, ერთი ორად ნაკლები ეძლევა. ამაზე მეტი უსამართლობა კიდევ იქნება? ახლა მაინც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ძლიერდება და მატულობს მანქანებზე მუშაობა, რომელსაც ქალი უფრო მსწრაფლად შეასრულებს, ვიდრე კაცი და რისთვის ღებულობდეს პირველი მეორეზე გაცილებით ნაკლებ სასყიდელს?

ზოგნი ამბობენ, ქალი კაცზე უფრო სუსტია გონებით, ჭკუით და ამიტომ არ შეიძლება, ერთნაირი უფლებებით აღიჭურვოსო. იყო ისეთი დროც, როდესაც სჯა ბაასი ჰქონდათ: ერთნაირი სული აქვთ მამაკაცებს და დედაკაცებს თუ არაო? ახლა სამარცხვინოთაც უნდა მიგვაჩნდეს ასეთი კითხვის დასმა. რას ვამჩნევთ, რას ვხედავთ ჩვენ ცხოვრებაში? ნუთუ ყველა მამაკაცი ჭკუიანები არიან? რამოდენი არიან მათში მოკლე ჭკუის პატრონნი, მაგრამ არავის მათთვის უფლებები არ წაურთმევია. ზოგიერთი სახელმწიფო კანონებით ქალები გათანასწორებულნი, ე.ი. დადარებულნი არიან მცირე წლოვანებთან და ჭკუაშერყეულ კაცებთან. ნუთუ მართლა მცირე წლოვანებზე და სულელებზე მეტი ჭკუა გონება არა აქვთ დედაკაცებს? რა არის მიზეზი ასეთი დამცირებისა? ყოველი შეხედულება ქალზე წარმოსდგება იქიდგან, რომ ქალები აქამომდე ვერ იღებდნენ ისეთ განათლებას, როგორც კაცები განათლებული გაუნათლებელზე, რომ გონებით, აზროვნებით მაღლა იდგეს, ვის რად უნდა გაუკვირდეს? ვაჟი, წამოიზრდება თუ არა, მამა მაშინვე ცდას შეუდგება სწავლა-განათლება მიაღებინოს, ქალის შესახებ კი დიდად თავს არ იწუხებენ და არ იმტვრევენ. საჭიროდ მხოლოდ ქალისათვის მიაჩნიათ მხოლოდ ხელსაქმობა, ჭრა-კერვა და ოჯახობა. ახლა კი, როდესაც თანდათან შეიგნეს, რომ ქალისთვის სწავლა-განათლება ისევე საჭიროა, როგორც კაცისათვის , რას ვხედავთ? სასწავლებელში განა ნაკლებ სწავლობენ ქალები? სრულებითაც არა. რამდენი მათგანი ამთავრებს საშუალო სასწავლებელს საუკეთესო მოწაფედ და მაღალ სასწავლებელში წარჩინებულად ამთავრებს სწავლის დარგს? რამდენი გამოჩენილი მწერალი ქალი მოღვაწეობს ამ უკანასკნელ დროს, რამდენი ექიმი და ვექილი? რით ჩამორჩებიან ისინი ნასწავლ კაცებს? მასწავლებელი ქალი რამდენად გაცილებით უკეთ ასწავლის, ვიდრე კაცი მასწავლებელი? დედამიწის ზურგზე რამდენმა ქალმა გაითხვა სახელი, როგორც სახელმწიფოს მმართველმა და მქადაგებელმა? არა ერთი და ორი სახელგანთქმულ და ნასწავლ მქადაგებელთა მოწმობენ, რომ მათ მიაღწიეს თავიანთ მდგომარეობამდე განვითარებულ დედების წყალობით. რასაკვირველია, განათლებულ, აღმზრდელ დედას შეუძლია, რიგიანად შვილის აღზრდა, თორემ გაუნათლებელმა რა უნდა ჰქნას? რაც არ მიგიბარებია, რა უნდა მოსთხოვო? ქალები რომ განათლებულები იყვნენ, მათ რომ გზა არ ჰქონდეთ შეკრული და კაცებსავით შეეძლოთ ყოველ ასპარეზზე მოქმედება და მუშაობა, რამდენად წინ წაიწევდა საზოგადოდ კაცობრიობა და კერძოდ, რამდენად დააღწევდა ქალი თავს იმ არასანუგეშო მდგომარეობას, რომელშიაც ის ახლა იმყოფება?

ვიძახით, ქრისტიანები ვართო! ქრისტეს სწავლას კი არ გვინდა ვუგდოთ ყური. მაცხოვარი რას ამბობს? თანასწორად ხდის ის დედაკაცს და მამაკაცთან, თუ ჩვენსავით მის დანიშნულებას შვილების მოვლაში და მეოჯახეობაში ხედავს? არა. როგორც კი გამოცხადდა საქადაგებლად, ყველას განურჩევლად სქესისა, დაუსახა ერთი და იგივე მიზანი ცხოვრებისა: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს". "ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღრმთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ". თავის ქადაგებების დროს ის არავითარ უპირატესობას არ აძლევდა მამაკაცს დედაკაცზე, ერთნაირად მიაჩნდა ისინი და თუ მამაკაცს, ღვთის ნების აღმასრულებელს, უწოდებდა ძმათ თვისად, დედაკაცს სახავდა დედად და დად თვისად (მათ. 12,50). თუ იესო ქრისტემდინ ქალს, როგორც სუსტი აგებულებისას, დაბლა აყენებდნენ, მაცხოვარმა ეს უკანონოდ ჩათვალა და საზოგადოდ, მამაკაცია თუ დედაკაცი, მისი სხეული უძლურად გამოაცხადა და ადამიანში უპირატესობა სულიერ ძალას მიანიჭა, სულს მისცა. მხოლოდ სულიერი ძალით შეუძლია ადამიანს მიაღწიოს ზემოაღნიშნულ მიზანსო".იღვიძებდით და ილოცვიდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. სული გულს მოდგინე არს ხოლო ხორცი უძლურ" (მარ.14,5). "ღმერთი სულ არს და თაყვანისმცემელი მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა აძს თაყვანისცემა", - სთქვა მაცხოვარმა. კერძოდ, უფრო გარკვევით გამოხატა მაცხოვარმა თავისი შეხედულება დედაკაცზე, მის უმთავრეს დანიშნულებაზე შემდეგი სიტყვებით: "მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის, აქა ერთისა არს საკმარ, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია , რომელი არსადა მოეღოს მას". რა გამოარჩია მარიამმა? მან უპირატესობა მისცა იესო ქრისტეს სწავლის, მოძღვრების მოსმენას, სულიერ საჭმლის მოპოვებას, მართა კი ზრუნავდა, როგორმე მოემზადებინა საჭმელი სხეულისათვის. მაცხოვარმა კი ამცნო ქალს, რომ ყოველდღიურ, წუთიერ და წვრილმანი საქმეებისათვის არ მოენდომებინა თვისი დღენი, არამედ უმეტესი მდგომარეობა მიექცია სულიერ განვითარებისათვის.

უფალმა მოსთხოვა მოწაფეებს, გამოეცვალათ შეხედულება დედაკაცზე, არ მიეჩნიათ იგი იარაღად მხოლოდ ერთ კაცობრიობის გამრავლებისთვის და კაცთა ვნებათა დაკმაყოფილებისათვის. "ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა" (მათ. 5,28). ამნაირი შეხედულება დედაკაცზე იყო სრულებით ახალი და არ ეთანხმებოდა მაშინდელ საზოგადოებაში დამყარებულ აზრს, მიმართულებას, და თუ მოწაფეები წინ აღუდგნენ თავის მასწავლებელს დედაკაცთან საუბრებისა გამართვისათვის, ეს მოხდა მხოლოდ მისდამი პატივის გამო; არ უნდოდათ, მისთვის ეწყენინებიათ. როდესაც ცოლი გააჯავრებდა რითიმე ქმარს, მეორე პირველს ცემა-ტყეპით ისტუმრებდა სახლიდან და სულ უბრალო მიზეზი იყო ხოლმე საკმარისი, რომ სამუდამოდაც მოეშორებია თავიდან. მაცხოვარმა დაჰგმო ასეთი უსამართლობა და სთქვა: "რომელმან განუტევოს ცოლი თვისი, თვინიერ სიძვისა და სხვა შეირთოს, იმრუშებს და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიც იმრუშებს". ამ სიტყვებმა დააფიქრა მოწაფეები, პირველად ესმოდათ ასეთი დიდი მოვალეობა ქმრისა ცოლის შესახებ და უპასუხა:" უკეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინება" (მათ.19,10), ე.ი. თუ ასეთი დიდი მოვალეობა აწევს ქმარს თვისი ცოლის შესახებ, უმჯობესია, სულ არ შეირთოს იგი. მაშინ იესო ქრისტემ საბოლოოდ უარყო მაშინდელი კაცობრიობის შეხედულება დედაკაცზე, ვითომც იგი იყოს შექმნილი მისთვის, რომ უსათუოდ ვისიმე მეუღლე გახდეს, ვითომც მას სხვა არავითარი დანიშნულება არა ჰქონდეს და სთქვა: " არა ყოველთა დაიტიონ სიტყვა ეგე,არამედ რომელთა მიცემულ არს დატევნად, დაიტიენ," ე.ი. მამაკაცმა და დედაკაცმა რომ თავიანთი უმთავრესი დანიშნულება აღასრულონ, სრულებითაც არ არის საჭირო უსათუოდ დაქორწინდნენ; ვისაც კი აქვს შეძლება დათმენისა, უკეთესია, იცხოვრონ ერთმანეთში, როგორც ძმანი და დანი; ამნაირ სულიერ კავშრს უფრო მაღლა აყენებდა და აფასებდა მაცხოვარი".ვითარცა იგი თქვენ გნებავს,რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უარყოფდით მათ". "მითვე საწყაულით, რომლითა მიუწყოთ, კვალად მოგეწყოს თქვენ" (ლუკ.6, 31,38), სთქვა იესო ქრისტემ და ამით ამცნო კაცებს, რომ ისე მოპყრობოდნენ სხვებს აგრეთვე ქალებს, იმ საზომავით გაეზომათ მათი დანიშნულება, რა საზომითაც უნდოდათ მათი ყოფა-ქცევა სხვებს და აგრეთვე ქალებსაც გაეზომათ, დაეფასებინათ, აეწონ-დაეწონათ. მაცხოვრის აზრით, ქალია თუ კაცი, ერთნაირად ვალდებულნი არიან, ზნეობით მაღლა იდგნენ, კეთილ საქმეს მისდიონ და ბოროტებას ერიდონ. როგორც კაცისათვის, ისე ქალისათვის მოსაწონი არ არის, არამედ საძრახისია ყოველივე უკანონო მოქცევა და შესაფერისი სასჯელი მოელის მას. როდესაც მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მიიყვანეს იესო ქრისტესთან მემრუშე დედაკაცი და უნდოდათ, მას დაესაჯა იგი, მაცხოვარმა უთხრა: "ვინც თქვენთაგანი უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა", ყველანი სათითაოდ გაიპარნენ, იგრძნეს რა, რომ არც ერთი მათგანი არ იყო უცოდველი. რომელიმე ცუდ ყოფაქცევისათვის დედაკაცებს დიდ სასჯელს აყენებდნენ, მამაკაცები კი თავისუფლანი იყვნენ და იგივე დანაშაულობა ცოდვად არ ეთვლებათ. აბა ქალები გაუთანასწორდნენ კაცებს, ცოლებმა მიიღონ ქმრებთან თანასწორი უფლებები, მაშინ ვნახავთ, როგორ ომს გამოუცხადებენ, როგორ წინააღმდეგობას გაუწევენ ქალები კაცებს და ბევრს მათგანს გადააჩვევენ ცუდ ჩვეულებას, რომელთა შედეგი მხოლოდ ერთადერთი წვა და დაგვაა ოჯახისა. ავიღოთ, მაგ: მემთვრალეობა. ვინ არ იცის, რომ ეს სენი ღუპავს ათასობით ოჯახებს. გამწარებული ცხოვრებაა იმ ოჯახში, სადაც მამა სახლისა ამ სენით არის შეპყრობილი. ბევრჯერ ცოლ-შვილნი მშიერ მწყურვალნი, დახეულ დაგლეჯილნი, გულხელდაკრეფილნი, თვალცრემლიანნი დაეხეტებიან ქუჩა-ქუჩა, რადგან პატრონნი, მარჩენელნი უკანასკნელ გროშს აღარ უტოვებენ მათ და მთელ თავიანთ მონაგებს ლოთობაში აქრობენ. მაშინ ამ სენს ბოლო მოეღება. მრავალნი კიდევ სხვანი ნაკლნი მამაკაცთა აღმოიფხვრებიან.

როგორც სიცოცხლის დროს, ისე სიკვდილის შემდეგ, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა ვინ გახადა ღირსი პირველად მოწამედ ამ საკვირველ მოქმედებისა - მკვდრეთით აღდგომისა, თუ არა დედები? პირველად, ყველაზე უადრეს, მანდილოსნებმა გაიგეს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა; პირველად მათ გამოეცხადა მკვდრეთით აღდგომილი. შემდეგ, ქრისტეს სწავლის გავრცელებაში, პირველ ქრისტიანეთა საზოგადოებათა დაწესებაში და მოწყობაში დედაკაცებს არანაკლები ღვაწლი მიუძღვით კაცებთან შედარებით. ზოგნი ამათგანი წინასწარმეტყველნი იყვნენ, მაგ; დანი ფილიპესი, ზოგნი მქადაგებელნი, მოციქულად წოდებულნი, მაგ: პირველმოწამე თეკლე. არ არის ხალხი, რომლის სარწმუნოებისათვის წამებულთა რიცხვში არ იყვნენ ქალები. ვინ გაავრცელა ჩვენში ქრისტიანობა? ვინ განანათლა ჩვენი ქვეყანა? წმ. მოციქულთა სწორმა ნინომ, რომელსაც ეჭირა ხელში ვაზის ჯვარი, თმით შეკრულ-შემკობილი, და ისე შემოიარა ქართლ-კახეთი ქრისტეს სწავლის გასავრცელებლად და რომლის თაყვანისსაცემლად ჩვენ დღეს აქ შევკრებილვართ.

ამბობენ ზოგიერთნი, მაცხოვარს არავინ ქალთაგანი საქადაგებლად, მის სწავლა-მოძღვრების გასავრცელებლად არ გაუგზავნიაო. მართალია, იესო ქრისტესაგან გაგზავნილ მოციქულთა შორის არ ყოფილან დედები, მაგრამ ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ საზოგადოება მაშინდელი არ მიიღებდა მათ. ებრაელები ისე ამცირებდნენ დედაკაცის ღირსებას , რომ ელიაზარმა წარმოსთქვა: "უმჯობესია დასწვას კაცმა სჯული, ვინემ იგი მისცეს დედაკაცსო". ამნაირ შეხედულებას უწევდა ანგარიშს მაცხოვარი, რომ დედაკაცები არ გაგზავნა საქადაგებლად. თუმცა, ვიცით ჩვენ, რომ სამარიტელმა ქალმა მთელი ქალაქი მოიყვანა მასთან და მენელსაცხებელნი გახდნენ მოციქულთა მოციქულებად.

და თუ ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ ამნაირ ქალთა ღირსებათა დაფასებას, ვისი ბრალია? ჩვენი. ჩვენ არ გვინდა, გაუგონოთ იმას, ვინც საქადაგებლად გამოცხადებისთანავე მიმართა ყველას, განურჩევლად სქესისა, შემდეგი სიტყვებით: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი ტვირთ-მძიმენი და მე განგისვენო თქვენ," და არ გვსურს "მტკიცედ ვიდგეთ იმ აზნაურებითა, რომლითაც მან (ქრისტემან) განგვააზნაურა ჩვენ და კვალად თავს ვიდებთ უღელსა მას მონებისასა" (გალ. 5,1). ამინ!

ხმა მწყემსისა, დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე;

წყარო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია