კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება

კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვიპროსზე მიწის ნაკვეთი გადაეცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს საპატრიარქოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამონასტრო კომპლექსი აშენდება, რაც ქართველ სასულიერო პირებს საშუალებს მისცემს, კვიპროსში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისთვის საეკლესიო ღვთისმსახურება შეასრულონ.

მამა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კვიპროსზე ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს მეორის ოფიციალური მიწვევით გაიმართა. პროტოპრესვიტერის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, ღალიაში მისულიყვნენ, სადაც მეათე საუკუნიდან ქართული სამონასტრო კომპლექსი არსებობდა და, სადაც ახლა მხოლოდ ნანგრევებია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქ სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა.

"კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა, რომელსაც აქვს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, საქართველოს პატრიარქის მიმართ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა მიწის ნაკვეთი, რომელიც ღალიაში მდებარეობს. იქ უნდა აშენდეს სამონასტრო კომპლექსი, რათა ქართულად შესრულდეს წირვა-ლოცვა", - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა კვიპროსის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციაში, სადაც 2016 წლის საეკლესიო კრების მომზადების საკითხზეც იყო საუბარი.

მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, პატრიარქის პოზიცია იყო, რომ ეს კრება უნდა გახდეს მართლმადიდებელთა ერთობისა და თანხმობის ნიმუში და მართლმადიდებელი ეკლესიები ამ კრებაზე შეთანხმებული აზრით მივიდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კვიპროსიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია