ქეთა გაბიანი ემიგრანტებთან დაკავშირებით სკანდალად ქცეულ განცხადებას 2 წლის შემდეგ პასუხობს

ქეთა გაბიანი ემიგრანტებთან დაკავშირებით სკანდალად ქცეულ განცხადებას 2 წლის შემდეგ პასუხობს

2012 წლის 22 მაისს, ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორში" სტუმრად მიწვეულმა ქეთა გაბიანმა საქართველოში იმ დროისათვის არსებული ვითარება ევროპის სხვა ქვეყნებს შეადარა და განაცხადა, რომ საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საბერძნეთში.

"თქვენ იცით, ევროპაში რა ხდება? - ღმერთმა დაიფაროს საქართველოში იყოს ის მდგომარეობა, რაც საბერძნეთშია. არ ვიცი, რით არიან დაკავებულნი ქართველი ქალები საბერძნეთში. უამრავი ვარიანტია ალბათობის და ნუ მალაპარაკებ, ძალიან გთხოვ, მე არ მიყვარს მკითხაობა." - აღნიშნა ქეთა გაბიანმა.

მისი ეს განცხადება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ათასობით ქართველი ემიგრანტისთვის, რასაც ქეთა გაბიანის მიმართ არაერთი ნეგატიური მოსაზრების დაფიქსირება მოჰყვა.

ბოლო დღეებში, გაბიანის მიმართ ნეგატიურად განწყობილმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ეს ცნობილი გამოთქმა, რის გამოც ქეთა გაბიანი Facebook-ზე საკმაოდ ვრცელ განმარტებას ავრცელებს და წერს:

წყარო| Facebook/ ქეთა გაბიანი:

"ეხლა, მოკლე პასუხი იმათ, ვინც რამდენიმე დღეა, ასეთი მონდომებით მლანძღავს ინბოქსში.

ვნახე ის ვიდეო, რომელიც რატომღაც, ჩემს მიერ ემიგრანტი ქალების შეურაცყოფად იქნა მიჩნეული, ვერანაირად ვერ მივხვდი, რა შეურაცყოფაზეა საუბარი.

მე მართლა არ ვიცი, რითი არიან დაკავებული ემიგრანტები და არც შეიძლება ვიცოდე, ვიცი მხოლოდ კონკრეტული მაგალითები.

ჩემი და, მაგალითად, ამსტერდამში როცა სწავლობდა, პარალელურად, სახლებს და გესთ ჰაუზებს ალაგებდა ხოლმე... ნუ, თუ რამე სხვა სამუშაო გამოუჩნდებოდათ, მას და მის ქართველ მეგობრებს, ბედნიერები იყვნენ და უარს, ცხადია, სამუშაოზე არასდროს ამბობდნენ. მუშაობას რომ ასრულებდნენ, მერე, ველოსიპედებით, ქალაქიდან მოშორებით განლაგებულ აკადემიაში მიდიოდნენ და გვიან ღამემედე, უკვე იქ სწავლობდნენ.

მე როცა ჩავდიოდი, თვითონ ბევრჯერ მივხმარებივარ დალაგებაში და მინახია, რამხელა ძალისხმევის ფასად ახერხებდნენ სწავლას.

მუშაობის გარეშე, ისინი ბინის ქირასაც ვერ გადაიხდიდნენ. ისეც ყოფილა, რომ ბინის ფული არ ჰქონიათ და სადგურებზე უთევიათ ღამეები.

ჩემი შვილი, რომელიც ასევე არ ცხოვრობს საქართველოში, მთელი მონდომებით ეძებს ნებისმიერ სამსახურს და ხან კატების მომვლელედ მუშაობს, ხან მდივნის ფუნქციას ასრულებს.

ჩემი ორი დეიდაშვილი, ჩემი მეგობრები, რომლებიც თითქმის ყველა, ასევე ემიგრაციაშია... მუშაობდნენ, ნუ ყველაგან, მიმტანებად, დამლაგებლებად, მოხუცების მომვლელებად, ფეთების მომველებად... მშენებლობებზე, ტვირთების გადამტანებად...

ასე რომ კონკრეტულად, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, სად და რას აკეთებენ, ნამდვილად არ ვიცი. სამაგიეროდ ვიცი, რა ძნელია სხვა ქვეყენაში, უყველაფროდ ჩასვლა, იქ სწავლაც და მუშაობაც, როცა გვერდით დამხმარე არავინაა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ხარ.

ცხადია, ეს ძნელია, მაგრამ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს და ძალისხმევის გარეშე, ქვეყნად საერთოდ არაფერი გამოდის.

ეს ისტერია, რომელიც ამ რამოდენიმე წლის წინანდელ ვიდეოზე ატყდა, (ან სად გამოჩხრიკეს) მაინც, დღევენდელი მთავრობის მორიგი, სრულიად უნიჭო მცდელობა მგონია, მიმართული იმაზე, რომ ქვეყანაში დღეს არსებული, რეალური პრობლემები გადაფაროს.

ქალების მკვლელობები, ქურდობა, ყაჩაღობა, ბავშვების დაუთოება, უმუშევრობა, რამდენჯერმე გაძვირებული პროდუქტები, საგარეო და საშინაო ვალები...მოკლედ ის კრიზისი, რომლამდეც მათ, სულ რაღაც 2 წელიწადში, ქვეყანა მიიყვანეს.

P.S. ქალბატონი, ერთ-ერთი მათგანი ვინც ამ ისტერიაში ჩაერთო, თურმე წერდა, რომ გაბიანების რძალია .... შემიძლია მოგილოცოთ ქალბატონო! კარგი ოჯახის რძალი ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი შვილები გეყოლებათ (ჩემი შვილები, ძალიან გვანან ეხლახანს გარდაცვლილ მამაჩემს და ეს მათი ერთ-ერთ დადებითი მხარეა, რითიც ვამაყობ!)", - წერს ქეთა გაბიანი.

იხილეთ ვიდეო