"მჯერა, რომ საქართველოში გიგანტური ადამიანი ცხოვრობდა" - შედეგი, რომელიც "დისქავერის" ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მოჰყვა

"მჯერა, რომ საქართველოში გიგანტური ადამიანი ცხოვრობდა" - შედეგი, რომელიც "დისქავერის" ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მოჰყვა

გასულ ზაფხულს, როგორც იცით, საქართველოში "დისქავერის" გადამღები ჯგუფი იყო ჩამოსული, რომელიც ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ქართველ მეცნიერებთან ერთად, გიგანტური ადამიანის ნაკვალევს გაუყვა, რაზეც ფილმიც გადაიღეს. მათი ნამუშევარი "დიქავერის" ეთერში უკვე გავიდა.

საინტერესოა, საბოლოოდ ამ ყველაფერმა რა შედეგი გამოიღო. ამიტომ ვესაუბრეთ ამ ექსპედიციის ერთადერთ მონაწილე ქალბატონს, ჟურნალისტ ლელა ნინუას:

- "დისქავერის" სტუმრობამ საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების და რაც მთავარია, მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია. დელეგაცია, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, სანამ აქ ჩამოვიდოდა, არჩევანის წინაშე იყო, - წასულიყო აფრიკაში თუ ჩამოსულიყო საქართველოში. მათი არჩევანი ჩვენს ქვეყანაზე შეჩერდა.

- რატომ?

- ამ ყველაფერს როგორც იცით, საფუძველი წლების წინ, კერძოდ, 2008 წელს ჩაეყარა. სახელდახელოდ მოწყობილი ექსპედიციით, რომელსაც ისტორიკოსი ერეკლი ჯულაყიძე ხელმძღვანელობდა. ჯგუფი რამდენიმე წევრისგან დაკომპლექტდა და ის, რაც მაშინ ჩემმა ობიექტივმა დააფიქსირა, მათთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ წელს აქ ჩამოსულიყვნენ და 10 დღის განმავლობაში ქართველ არქეოლოგებთან, ისტორიკოსებთან და მეცნიერებთან ერთად, იგივე გზა გაევლოთ. ისინი არა მხოლოდ შედეგზე იყვნენ ორიენტირებულნი, არამედ თვით იმ რთულ, გაუკვალავ და ცვალებადკლიმატიანი გზით აღფრთოვანდნენ, რასაც ჩვენ ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდით. მეგელითური ფილები გზადაგზა აოცებდა ფილმის წამყვანს, ეზოთერიკსა და მწერალს ბრიუს ფენეტონს. მაშინვე ითქვა, რომ თავად გარემო, დეტალები, ნაქალაქარი, სამარხი მათ ინტერესს იწვევდა და იმას პასუხობდა, რასაც ისინი ეძებდნენ. ბოლომდე არაფერს ამბობდნენ და ეს ფილმშიც ჩანს, რომელიც ამერიკაში მხოლოდ ცალკე მეცნიერთა ჯგუფისთვის წარადგინეს.

- ის კადრები, რაც მათ ამ ზაფხულს გადაიღეს, სრულად აჩვენეს ფილმში?

- 12-საათიანი მასალის ჯერ მხოლოდ 1% გამოიყენეს, რომელიც ასე ახსნეს, რომ ფილმი მართალია "დისქავერზე" გავიდა, მაგრამ ის სპეციალურ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, რომელსაც არა მხოლოდ აინტერესებს ეს თემა, არამედ წლებია, ამაზე მუშაობს. ამოუხსნელი ფაქტების შესახებ მათ შედეგების დადება სხვა დროისთვის გადადეს, ფილმში კითხვები დასვეს და ეს ადვილად გასაგებიც არის. ნამუშევრის ჩვენების შემდეგ აშშ მეცნიერთა ჯგუფმა საქართველოზე შემდეგ ზაფხულს კვლავ დაგეგმა ფილმის გადაღება და ამ ადგილის საეთაშორისო დონეზე შასწავლის სურვილი გამოთქვა. დღეს კი აღნიშნული ადგილი და ზოგადად თემა, უკვე სრულმასშტაბიანი ექსპედიციის ეპიცენტრად იქცა. "დისქავერის" საერთაშორისო გუნდთან ერთად, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, აინტერესებს ჩაატაროს საერთაშორისო ექსპედიცია.

- ეს ინფორმაცია უშუალოდ ვისგან გაქვს?

- ეს მე ბრიუსსმა დამიდასტურა და იკითხა ასევე ვერტმფრენის შესახებაც, რადგან ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს ე.წ. რადარებითა და სპეციალური აპარატურით. იმ გზის გავლას ფეხით აღარ აპირებენ. გადაღებული კადრები ამიტომაც შემოინახეს და იქ უკვე ვერტმფრენით აპირებენ ჩაფრენას. ბრიუსმა ასევე სახელმწიფო დონეზე ითხოვა მხარდაჭერა და ჩართულობაც ამ საქმეში, რადგან ყველაფერ ამას ნებართვა და ქვეყნის დაინტერესებაც სჭირდება. ევროპის ბაზარზე კი ფილმს ოქტომბრის ბოლოს ელოდებიან. რაც შეხება ამ საქმეში ჩემ ჩართულობას და ინტერესს, ვისაც ჩემი მუშაობას პრინციპი და თემების ისტორია ოდნავ მაინც ახსოვს, მიყვარს თემები, რომლებზედაც რთულია მუშაობა ყველა დროს და ყველა ასპექტში. მიხარია და ბედნიერი ვარ, როცა "დისქავერის" წამყვანი მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემი სახელი მსოფლიო ისტორიაში შევა.

ჩვენ ასევე ხელთ გაქვს ამ ექსპედიციის წევრის, "დიქავერის" წამყვანის, მწერლის, ეზოთერიკის, ბრიუს ფენეტონის ინტერვიუც:

- სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ჩართული ვიყავი ეკვადორში ისეთ კვლევაში, რომელიც ძველ, დაკარგულ ქალაქებს ეძებს, ასევე იქ მცხოვრებ გიგანტურ ადამიანებს. მერე ამ თემით არხი "დიქავერიც" დაინტერესდა და დამიკავშირდნენ. გამიხარდა, რადგან მომეცა საშუალება, ახალ საინტერესო კვლევაში ჩავრთულიყავი. საქართველოს მთებში მოგზაურობა ჩემთვის საინტერესო და გამოცდილების კუთხით, ბევრისმომცემი იქნებოდა. ხოლო თუ აქ საშუალება მომეცემოდა, დამემტკიცებინა გიგანტური ადამიანის არსებობის შესახებ, ეს იმაშიც დამეხმარებოდა, რომ ეკვადორში და სხვა ადგილებშიც დამემტკიცებინა ეს.

- რა მოლოდინი გქონდათ?

- როდესაც მითხრეს, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხომ არ წამოხვალო, მეგონა, რომ მანძილი პატარა იქნებოდა, რაშიც მოვტყუვდი. საკმაოდ რთული მონაკვეთების გავლა მოგვიხდა, რაც ძალიან საინტერესო იყო. გაკვირვებული ვიყავი იქაური ბუნებითა და რელიეფით, არქეოლოგიური კვლევისთვის საოცარი მასალებით.

- გჯერათ, რომ საქართველო ის ადგილია, სადაც გოლიათები წარმოიშვნენ და ცხოვრობდნენ?

- დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უძველეს დროში გიგანტური ადამიანები მართლაც ცხოვრობდნენ. გიგანტურში ვგულისხმობ სიმაღლეში - 2 - 2,5 მეტრს. ამის თქმის საფუძველს ის ძვლები იძლევა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიპოვეთ. ვიგრძენი და ვნახე, რომ საქართველოში უძველესი ცივილიზაცია რამდენიმე ათასი წლის წინ იყო. ეროვნულ პარკში, აღნიშნულ მონაკვეთზე ბევრი აუხსნელი ადგილია. მთაში უცნაური რაღაცები ვნახე, ძველი დაკარგული კულტურა, რომელსაც მაღალი დონის სამეცნიერო შესწავლა და გაგება სჭირდება. მოკლედ, იქ სერიოზული ექსპედიცია უნდა ჩავიდეს, მაგრამ ამისთვის ქვეყნის ხელისუფლებასთანაა თანამშრომლობა საჭირო, რომ იქ მაღალი დონის გათხრები ვაწარმოოთ.

- მოკლედ, ფიქრობთ, რომ იქ მართლაც ცხოვრობდა გიგანტური ადამიანი?

- დიახ, ასე ვფიქრობ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის არაერთ სარწმუნო ფაქტს ვიპოვით და მსოფლიო გაიგებს იმის შესახებ, რომ უზარმაზარი აღნაგობის ადამიანები საქართველოში ნამდვილად ცხოვრობდნენ და რომ იქ არის დაკარგული ცივილიზაცია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით გახსნილად და ღიად ვითანამშრომლებთ, რადგანაც ამ მასალების ამოხსნა, არა მარტო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის არის აუცილებელი.

ამასთან, თქვენი ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით მეტად მიმზიდევლი გახდება. აქ უამრავ ადამიანს მოუნდება ჩამოსვლა, არაჩვეულებრივი ადგილებისა და კულტურის ნახვა, რომელიც საქართველოში არსებობს. მე დაინტერესებული ვარ ქართველ მკვლევარებთან თანამშრომლობით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იქ უფრო სერიოზულ მტკიცებულებას ვიპოვით დაკარგული ცივილიზაციის შესახებ, რაც შესაძლოა, ყველაზე ძველიც კი აღმოჩნდეს დედამიწაზე.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია