რამდენი ქართველია იტალიაში და ვართ თუ არა "მოწინავე" ემიგრანტები კრიმინალში

რამდენი ქართველია იტალიაში და ვართ თუ არა "მოწინავე" ემიგრანტები კრიმინალში

თითქმის ორი ათეული წელია, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწევს ცხოვრება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, ალბათ, ეს არის, რომ კარგად ესმის თითოეული ემიგრანტის ტკივილი და მისთვის ნაცნობია სამშობლოს ნოსტალგია. კარლო (კახა) სიხარულიძე, საქართველოს ელჩად იტალიაში, ერთი წლის წინ დაინიშნა. ამბობს, რომ საქმისათვის ალღოს აღება არ გაუჭირდა, რადგან იტალიელები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს მენტალიტეტით, ხასიათითა თუ გულიანობით.

კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად მიდის ემიგრანტებთან და რამდენად ხშირად მიდიან ემიგრანტები მასთან, გვიპასუხა, რომ იგი ყოველთვის მზადაა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მისაღებად და დასახმარებლად და ამას არც თუ იშვიათად აკეთებს. ერთ-ერთ მაგალითად კი ქალაქ ფლორენციაში გამართული ღონისძიება დაასახელა, სადაც მართლაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისვლა და ელჩთან გასაუბრება.

ღონისძიება, სადაც ელჩს შევხვდით, ტოსკანას რეგიონის, ქალაქ ფლორენციის ქართულმა სათვისტომომ წარმოადგინა და იტალიურ საზოგადოებას მართლაც ულამაზესი და მრავალფეროვანი საღამო აჩუქა. გაიმართა საქართველოს კულტურის, ხელოვნების პრეზენტაცია.

განუმეორებელმა ქართულმა ცეკვამ და სიმღერამ, ქართულმა უნიკალურმა სამზარეულომ, სცენაზე კადრებად გაცოცხლებულმა საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ, დაძმობილებული ქართულ-იტალიური საზოგადოება სასიამოვნოდ გაოცებული და ემოციებით დატვირთული დატოვა.

ელჩმა ღონისძიებასთან დაკავშირებული ემოციებიც გაგვიზიარა და სხვა საკითხებსა და პრობლემებზეც გვესაუბრა:

- საქართველო-იტალიის ურთიერთობა - პოლიტიკური, კულტურული თუ მენტალური, საუკუნეებს ითვლის. მაგალითისთვის ორი ისტორიული ფაქტი - ფარსმან ქველისა და ფორე მოსულიშვილისათვის მადლიერი იტალიელი ხალხის მიერ ძეგლების დადგმაც საკმარისია. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ასე ახლოდან მოვფერებოდი ფლორენციელ ქართველებს და გაოცებული ვარ იმ ნიჭით და მონდომებით, რომლითაც მათ ქართული სული მიიტანეს იტალიურ საზოგადოებამდე. ეს ადამიანები საოცარი შრომის ფასად ცდილობენ საქართველოში დარჩენილი ოჯახების შენახვას და მაინც ასე მაღალპროფესიულ დონეზე შეძლეს საღამოს ჩატარება. საოცრად ემოციური იყო ჩემთვის რამდენიმე იტალიელის მიერ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ისეთი ღრმა ცოდნა, რომლითაც ბევრი ქართველი ვერ დაიკვეხნის.

- ბატონო კარლო, რამდენად აქვთ იტალიაში მცხოვრებ ქართველებს თქვენთან პირადად გასაუბრების საშუალება, მაგალითად, როგორც დღეს...

- ელჩად დაახლოებით ერთი წლის წინ დავინიშნე. ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხე კალაბრიისა და მილანის სათვისტომოებთან შეხვედრა. საოცრად გულთბილი შეხვედრები იყო. არავინ თქვას, რომ ქართველებს ცუდი სახელი აქვთ იტალიაში. ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ იტალიაში მცხოვრები ქართველების 90% პატიოსნად შრომობს და საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს საქართველოში ოჯახების დასახმარებლად.

- თუმცა კრიმინოგენულ მონაცემებს გვერდს ვერ ავუვლით...

- მიმაჩნია, რომ კრიმინალს ეროვნება არ გააჩნია. კრიმინალი კრიმინალია და მორჩა. გახსოვთ ალბათ, გასულ წელს სამი ქართული კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფება რომ აიყვანეს რომის, კალაბრიის, ნეაპოლის მასშტაბით, დაახლოებით 150 პირი, იმის შემდეგ მსგავსი აღარაფერი მომხდარა. როგორც მოგახსენეთ, დაახლოებით ერთი წელია, რაც ამ თანამდებობაზე ვარ და პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში დაკავებულთა რიცხვი თუ არ შემცირებულა, არც გაზრდილა. იტალიაში ზოგადად კრიმინოგენული ვითარება სახარბიელო ნამდვილად არ არის და მიხარია, რომ ამ მხრივ "მოწინავეები" არ ვართ.

- რაც შეეხება ქართველების რაოდენობას იტალიაში, ციფრი გაზრდილია?

- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ზრდა შეინიშნება. არაოფიციალური მონაცემებით, იქიდან გამომდინარე, რომ არალეგალურად შემოსული პირების აღრიცხვა ვერ ხერხდება, ამჟამად ტოსკანას რეგიონში დაახლოებით 4000, ხოლო მთლიანად იტალიაში 25 000 ქართველი იმყოფება.

- მინდა, იტალიაში მცხოვრები ქართველებისათვის კიდევ ერთ, საკმაოდ პრობლემატურ საკითხს შევეხო. საკონსულო მხოლოდ ქალაქ რომშია, საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერი ბიუროკრატიული საკითხის გადასაჭრელად რომში უწევთ ჩასვლა და საკმაოდ დიდი დროისა და ფულის ხარჯვა.

- ამ კუთხით ცვლილებებია. ვგეგმავთ გენერალური საკონსულოების გახსნას იტალიის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიც არის მილანი, ბარი, ფლორენცია და ა.შ. მაგრამ პირველ რიგში, ალბათ, უფრო ბარში, რადგან აქ ყველაზე მეტი ქართველია. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ ჩვენს მოქალაქეებზე. საელჩოს პირდაპირი მოვალეობაა საკუთარი თანამემამულეებისათვის იურიდიული დახმარების გაწევა და მათი ინტერესების დაცვა. მაგრამ მაინც, ყველა ემიგრანტს თავის დროზე სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებ. 19 წელიწადია სხვადასხვა მისიით საქართველოდან შორს ვიმყოფები და ნაცნობია სამშობლოსა და ახლობლების ნოსტალგია. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი დავბრუნდებით საქართველოში! გვფარავდეს ღმერთი! გაუმარჯოს საქართველოს!

ნინო მამუკაძე

იტალია, ფლორენცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია