"ბომჟი" მამისგან უარყოფილი თბილისელი ექთნის ისტორია

"ბომჟი" მამისგან უარყოფილი თბილისელი ექთნის ისტორია

"არსებობს ისტორიები, რომელიც ზღაპარს გავს, მაგრამ რეალურად ის აქ, ჩვენს გვერდით ხდება. არ ვიცი, რამდენად დაიჯერებთ ჩემს ამბავს და არც ის ვიცი, მე რატომ გამიჩნდა სურვილი, რომ თქვენთვის მომეწერა, მაგრამ ასე გადავწყვიტე და თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ამ ისტორიას ვრცლად გიამბობთ", - ამ შინაარსის წერილი Ambebi.ge-მ Facebook-ის გვერდზე მიიღო. წერილის ავტორი, 28 წლის ნინო ხინთიბიძე (რესპოდენტის თხოვნით სახელი და გვარი შეცვლილია) ექთანია. სწორედ მისმა პროფესიამ შეახვედრა მამას, რომელიც მთელი ბავშვობა გარდაცვლილი ეგონა:

- დედისერთა ვარ. დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როდესაც დედას ვკითხე, თუ რატომ არ მყავდა მამა, რაზეც დედამ მიპასუხა, რომ მამაჩემი მეხანძრე იყო და 1986 წლის ჩერნობილის ტრაგედიას ემსხვერპლა, მაშინ როცა მე დაბადებულიც არ ვიყავი. იმდენად არ წარმომედგინა დედისაგან ტყუილი, რომ ადვილად დავიჯერე და სხვებსაც ასე ვეუბნებოდი, ვიდრე მეხუთე კლასში, კლასელმა არ მითხრა: დედაშენი მეძავი იყო და შენ რომ დაიბადე მამაშენმა მიგატოვაო. როგორც ჩანს, ამ ბავშვის მშობლები ამბობდნენ ასე და მანაც გაიმეორა.

- დაიჯირე მისი ნათქვამი?

- მაშინვე სახლში გავიქეცი და დედას მოვუყევი ყველაფერი. დედამ მომისმინა და ატირდა. ამის მერე მიამბო რეალური ისტორია. მამას და დედას ერთმანეთი ჰყვარებიათ, დედა დაფეხმძიმებულა და ეს რომ გაუგია მამას, ჯერ აბორტის გაკეთება მოუთხოვია, მერე უცემია, რომ მუცელი მოშლოდა, საბოლოოდ კი მიატოვა. დედას ორსულობა რომ გაიგეს ძმებმა და ოჯახმა, მასზე უარი თქვა და სულ მარტო მოუწია დედას როგორც მშობიარობა, ისე ჩემი გაზრდა. როცა დავიბადე, მამა უნახავს და უჩვენებია ჩემი თავი. მამას უთქვამს, - ასეთ მახინჯს შვილად ვერ ვაღიარებო. დაუცინია კიდეც: რომ მიწვებოდი, გეგონა ცოლად მოგიყვანდიო?! მოკლედ, ამის მერე მამაზე არც არაფერი აღარ გაუგია დედას. მარტომ გამზარდა. 90-იანი წლები რა პერიოდი იყო, კი იცით, და იმ გაჭირვებაში მარტო მზრდიდა. ვკითხე, მამა ცოცხალია-მეთქი და არა, როგორც ვიცი, აფხაზეთში დაიღუპაო, ამის მერე მამაზე არც აღარაფერი მიკითხავს, თითქოს ტაბუ დაედო ამ თემას.

- მოგვიყევი, როგორ შეხვდი მამას...

- სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი და პრაქტიკებზე დავდიოდი ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ექთნად ვმუშაობდი. ერთ დღეს ოთხივე კიდურმოტეხილი ბომჟი მოიყვანეს. ქირურგმა ოპერაცია რომ გაუკეთა, ყველამ უარი თქვა მის მოვლაზე. ძალიან შემეცოდა და გადავწყვიტე, მე მიმექცია ყურადღება. ყოველდღე შევდიოდი მასთან, დედას საჭმელებს ვაკეთებინებდი და მომქონდა. 2-3 კვირა ისე გავიდა, სახელიც არ ვიცოდი, ვიდრე ერთხელ თვითონ არ გამომელაპარაკა. ჩემი გვარი რომ გაიგო, გაეცინა, მოგვარეები ვყოფილვართო. გამიხარდა, კიდევ უფრო მეტად მზრუნველობით ვექცეოდი. მერე ისე ვკითხე, აქედან რომ წახვალთ, ოჯახი გყავთ რომ იცხოვროთ-მეთქი? 3 შვილი მყავს და სამივემ მიმატოვაო. მითხრეს, ლოთი მამა არ გვჭირდებაო და სამივე უცხოეთში წავიდა საცხოვრებლადო. მხოლოდ იმიტომ მირეკავენ, რომ სახლი არ გავყიდო და მათ დავუტოვო, თორემ არ ვაინტერესებო. მერე დააყოლა - პრინციპში, მეტის ღირსი ვარ, 1 თვის შვილი ისე მივაგდე, რომ მას მერე აღარც მომიკითხავს და უფალმა ასეთი სასჯელი მარგუნაო. ამპარტავანი კაცი ვარ და რადგან ერთი "არა" ვთქვი, მერე აღარ შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება, თორემ მთელი ცხოვრება მესიზმრებოდა ის შვილი, ახლა კი ვნანობ, მაგრამ ცხოვრებას უკან ვერ დააბრუნებ, სიცოცხლესაც დავთმობდი, ოღონდ ერთი წამით მანახა, როგორია და ვინააო".

შვილი რომ ახსენა, უცებ გამახსენდა, ადრე ნათქვამი, რომ მოგვარეები ვიყავით და ისე ამიჩქარდა გული, რომ ცუდად გავხდი. 2 დღე მაღალი სიცხეები მქონდა ნერვიულობისაგან. ბოლო-ბოლო დედას გავუმხილე და მითხრა, კი ეგ არისო. თურმე დედა სულ კითხულობდა მამას ამბავს. მოკლედ, გაწერის დღე რომ იყო, გავუმხილე ვინ ვიყავი, ფეხებში ჩამივარდა - არაფერს გთხოვ, მხოლოდ ერთი სიტყვა მითხარი, რომ მაპატიე ჩემი შეცდომა და საერთოდ აღარც კი გამოვჩნდებიო. მოვეხვიე და სახლში წავიყვანე (დედისგან მქონდა ნებართვა აღებული). ისე განიცდიდა დედას ნახვას, რომ გზაში მეხვეწებოდა, არა ვარ ღირსი რომ დედაშენს თვალებში შევხედოო. მოკლედ, ჩვენთან დავტოვე, რადგან ისევ მოვლა სჭირდებოდა, ხოლო საავადმყოფოში აღარ აჩერებდნენ.

- დედამ როგორ მიიღო?

- ჩვეულებრივ. ძალიან თავშეკავებული ქალია დედა და არავითარი ზედმეტი არ უთქვამს, მხოლოდ ერთხელ გავიგე თავისთვის რომ ამბობდა, რა იქნებოდა ერთად გვეცხოვრა, ხომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. სამწუხაროდ, მამა 1 თვეში გარდაიცვალა, თუმცა არა ავადმყოფობის გამო. ერთ დღეს სახლიდან გავიდა. რომ ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, აუცილებელი საქმე მაქვსო, მითხრა. ძალიან რომ დააგვიანა, ავნერვიულდი. მერე საპატრულოდან დაგვირეკეს, თურმე მანქანა დაჯახებია. ადგილზე დაღუპულა. როდესაც საპატრულოში მივედით, მამას პირადი ნივთები გადმოგვცეს, რაც ჯიბეში ედო. ამ ნივთებში იყო ერთი საბუთი, სადაც ეწერა, რომ საკუთარ სახლს გარდაცვალების მერე მე მიტოვებდა, ამის დასამტკიცებლად იყო წასული ნოტარიუსთან და უკანა გზაზე დაეჯახა მანქანა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩემი და-ძმის ნომერი მომცა, როცა მოახერხებ, დაურეკეო. სამივე შვეიცარიის მოქალაქეა და იქ ცხოვრობენო. დავურეკე, ავუხსენი ვინც ვიყავი, მაგრამ მლანძღეს, შენ სახლი გინდოდა და მოატყუე, ვითომ შვილი ხარო. მოკლედ, დაკრძალვაზე სამიდან მხოლოდ ერთი ჩამოვიდა, მაგრამ დიდად თავი არც მას შეუწუხებია, მე და დედამ გავაკეთეთ ყველაფერი. დღეს მამას დატოვებულ სახლში ვცხოვრობ. ძალიან მწყდება გული, ყველაფერი ასე რომ მოხდა, მაგრამ უკვე მომხდარს ვეღარ შევცვლით.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია