შსს და ქართველი მომღერლები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

შსს და ქართველი მომღერლები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში, დღეს ქართველი მომღერლები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდენენ და სიმღერა ჩაწერეს. მათ შორის არიან: ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, ნატალია ქუთათელაძე, მარიკო ებრალიძე, ნუცა ბუზალაძე, სოფო გელოვანი, ნინი წიკლაური, მაკა ზამბახიძე, ჯგუფი "ფორტე", ოთო ნემსაძე, ვაჟა მანია, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი მახარაშვილი, სოფო ტოროშელიძე, ბაკურ ბურდული, ზურაბ ხაჩიძე.

"ძალიან ემოციურია ამ ადამიანების ბედი, ჩვენ ხომ ვიცით ჩვენი მშობლები, მათი ნათესავები როგორ ცხოვრობდნენ. მე მახსოვს ბევრი ადამიანის, ქალბატონის ცრემლი, რომელიც ჩემს სახლში დამალულა. ჩვეულებრივად შერიგებიან ამ სიტუაციას, მთელი ცხოვრება დაუსრულებიათ ამ აგრესიაში. არ მინდა ასე ხდებოდეს", - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბრისას ნინო ქათამაძემ.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კომპოზიციის ავტორი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა. იგი კონკრეტული პრობლემის გარშემო საზოგადოების გაერთიანების ეფექტურობაზე საუბრობს.

"მე მიმიღია ასეთ პროექტებში მოანაწილეობა, ნამდვილად შედეგზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელოვნების წარმომადგენლები ერთიანდებიან. როცა შენი მუსიკით გინდა მიხვიდე ამ პრობლემასთან, ვფიქრობ ხმა ადვილად მისაწვდენია", - აღნიშნა რუსა მორჩილაძემ.

სიმღერა სახელოვნებო ინდუსტრია "არტ პალასის" მხარდაჭერით, სტუდია "ბრავო რეკორდსში" ჩაიწერა. "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია ფიქრობს, რომ სიმღერა პრობლემის გადაწყვეტაში გარკვეულ წვლილს შეიტანს.

"ალბათ, ყველა მუსიკოსს უნდა ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა, უნდა ეხმაურებოდეს ისეთ მოვლენებს, როგორიც ოჯახური ძალადობაა. ეს მტკივნეული პრობლემაა, ძალიან მწვავედ დგას საქართველოში და ძალიან კარგია, რომ მომღერლები ამ სიმღერით თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ. რა თქმა უნდა, მათი მესიჯი გარკვეულწილად მიაღწევს მსმენელის გულამდე. დარწმუნებული ვარ, ამას გამოხმაურება ექნება", - განაცხადა ზაზა შენგელიამ.

კომპოზიციაზე რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა დღესვე კლიპი გადაიღო. მომღერლებს ვიდეორგოლში საგანგებოდ შექმნილი მაისურები აცვიათ წარწერით - "არა ძალადობას".

"ვიდეოს მთავარი სათქმელია - არა ძალადობას! პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ ასეთი აქტუალურია საქართველოში,ერთი ვიდეო ნაწარმოებით არ აღმოიფხვრება, მაგრამ ყველამ ჩვენი წილი უნდა შევიტანოთ, რომ ეს პრობლემა საქართველოს წინაშე აღარ იდგეს", - აღნიშნა ზაზა ორაშვილმა. (ფოტოგალერეა)

ქართველი მომღერლების შესრულებით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ვიდეო რგოლის ხილვის შესაძლებლობა საზოგადოებას უახლოეს მომავალში ექნება.

შს სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს. შს სამინისტროს განათლების, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებიც შეუერთდებიან. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი არის ფეისბუქ აქტივობები, ასევე ჟურნალისტებისთვის კონკურსის გამოცხადება, თემაზე საუკეთესო სიუჟეტის, სტატიის და რადიო გადაცემის შესაქმნელად.

ნახეთ ვიდეო

ანა მარშანია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია