ვინ მოგვისმენს ხვალიდან - გადამწყვეტი ბრძოლა "გასაღებისთვის"

ვინ მოგვისმენს ხვალიდან - გადამწყვეტი ბრძოლა "გასაღებისთვის"

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს ხელს არ მოაწერს, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის უფლება აღარ ექნება.

პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის ნორმა, რომლის მიხედვითაც, შსს-ს "ოტო"-ს სამსახურს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის კანონიერი უფლება ერთმევა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის გათვალისწინებით, სამართლდამცავებს ამის უფლება 28 თებერვლამდე მიეცათ. ამავე დროში პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, ვის ხელში იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა – ე.წ. გასაღები და ასევე, სად, რა ვადით და რა მოცულობით უნდა ინახებოდეს კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

არასამთავრობო სექტორი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ურჩევს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა.

"ჩვენ პრეზიდენტს ვურჩევთ, რომ ამ კანონპროექტს დაადოს ვეტო, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა არ დაწყებულა ერთი ან ორი თვის წინ. კანონპროექტი პარლამენტში შევიდა 2013 წლის მაისში, ანუ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და საკითხი, თუ ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები, ამ დროის შემდეგ განიხილება", - განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პარლამენტს 2014 წლის 1 ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა საკითხზე კონსესუსის არარსებობის გამო პროექტი ვერ მომზადდა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ვადამ 28 თებერვლამდე გადაიწია. ინიცირებული კანონპროექტი ვადასთან დაკავშირებით გუშინ კენჭიყრის წინ ჩასწორდა – თავდაპირველ ვარიანტში დაგეგმილი იყო ვადის 1 აპრილამდე გადაწევა, თუმცა პარლამენტს დავით უსუფაშვილმა სთხოვა, რომ კანონი პარლამენტს 28 თებერვლისთვის მიეღო, რაც უმრავლესობამ გაითვალისწინა.

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს კანონპროექტზე ხელმოწერის ვადა დღეს ეწურება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია