"ოცნებამ" დაკარგა მხარდამჭერების სერიოზული ნაწილი - როგორ აფასებენ ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს ცნობილი ადამიანები

"ოცნებამ" დაკარგა მხარდამჭერების სერიოზული ნაწილი - როგორ აფასებენ ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს ცნობილი ადამიანები

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენი საზოგადოების ცნობილი წევრები "ამბები.გე"-სთან თავისებურად აფასებენ და ეხმაურებიან.

ვახტანგ რჩეულიშვილი:

- ალასანიას გადადგომას და განხეთქილებას მმართველ კოალიციაში ყველა აფასებს, როგორც "ქართული ოცნების" სერიოზულ მარცხს. ერთი შეხედვით ეს ასეც არის, მაგრამ პოლიტიკა არ არის ისეთი მარტივი გასაანალიზებელი, როგორც ეს უბრალო ადამიანებსა და მათ პოლიტიკურ აზროვნებაზე ორიენტირებულ ექსპერტებს მიაჩნიათ.

დავიწყოთ იმით, რომ:

1. 2016 წ. არჩევნებისთვის "ოცნება" აღარც "აიკიდებდა" სატელიტებს და შეეცდება, თავად გამოიყენოს მთელი სახელისუფლებო რეზერვი. ორი წლის მანძილზე მათ კარგად დაინახეს, ვინ არის მათი ერთგული და ვინ - დროებითი მოკავშირე. ხოლო თუ მოკავშირე დროებითია, სჯობს, მასთან "დაცილება" გაფორმდეს არჩევნებამდე რაღაც დროით ადრე და არა არჩევნების წინ, როდესაც ასეთ დარტყმას "ოცნება" ნამდვილად ვერ გადაიტანდა;

2. "ოცნებამ" დაკარგა მხრდამჭერების სერიოზული ნაწილი, მაგრამ მთავარი "კოზირი" ჯერ ხელთ აქვთ: ხელისუფლება და ივანიშვილის შესაძლებლობები. ივანიშვილი ჯერჯერობით მიჰყვება თავის მიერ გამოცხადებულ გეგმას: შეასრულა დანაპირები ნაციონალების სისტემის დემონტაჟზე და საკუთრივ მისი პოლიტიკიდან წასვლაზე (გარეგნულად მაინც). რაც შეეხება ეკონომიკურ აღმავლობას, მან თავიდანვე გამოაცხადა, რომ ეს მეოთხე წელს, ანუ არჩევნების წინ მოხდება. უნდა ვიფიქროთ, რომ რესურსების მობილიზაცია ამისათვის დიდი ხანია, რაც მიდის. თუ ეს მართლაც ასეა, ამ რესურსების არავისთვის განაწილებას ივანიშვილი ცხადია, აღარ აპირებს;

3. "ნაცებმა" არა მარტო დაამტკიცეს თავისი ძალა და ბრძოლისუნარიანობა (ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის დემონსტრირებითა და დღევანდელ სამთავრობო, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში გარკვეული გავლენის შენარჩუნებით). სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ კადრების მეშვეობით მოხდა პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროზე შეტევა და კრიზისის პროვოცირება;

4. ორპარტიული სისტემა მთავარ ოპოზიციად "ნაცების" ჩამოყალიბებით ბევრს არ მოსწონს. მათ შორის, უნდა ვიფიქროთ, მმართველ გუნდსაც, სხვა ოპოზიციურ ძალებზე რომ არ ვილაპარაკოთ. ამიტომ ოპოზიციური ძალაც უპრიანი იყო, თავად მმრთველ კოალიციაში რომ ჩამოყალიბებულიყო. ამას "ნაცებმა" ვერ მიაღწიეს (ბურჯანაძემ ნაადრევად დატოვა იმჟამინდელი პარლამენტი და თან, პოლიტიკური ორიენტაცია ღიად შეიცვალა). ალასანია ამისათვის იდეალური კანდიდატია;

პოლიტიკური რეალიზმი გვასწავლის, რომ სუპერ ძალები (შიდა პოლიტიკაში ეს მმართველი პარტია და ძირითადი ოპოზიცია) არა მარტო საკუთარი გამარჯვების, არამედ მოწინაამღდეგის დასუსტების ამოცანით არიან დაკავებულები. არავის აწყობს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ორივე ძალა ხეირობს - ურჩევნიათ თავადაც წააგონ, თუკი მეტოქე უფრო დიდ ზარალს მიიღებს. ამას ჰქვია ნულოვანი ჯამის თამაში. ამ შემთხვევში ამ თამაშზე მიგვითითებს ის ზარლიც, რაც "ნაცებმა" შეიძლება მიიღონ მოვლენათა ასეთი განვითარებისაგან: ალასანიას მთავარ ოპოზიციურ ძალად გადაქცევა, არა მარტო უმრავლესობის (რომლის შენარჩუნების ბერკეტები ალასანიას გასვლის შემთხვევაშიც კი "ოცნებას" გააჩნია), არამედ უმცირესობის შესაძლო დაშლაც. ოპოზიციაში გადმოსვლის შემთხვევაში რომ ალასანია დავით ბაქრაძეს უმცირესობის ლიდერად არ შეეგუება, მგონი, ცხადია.

ერთი სიტყვით, არც ისე მარტივად არის ყველაფერი, როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ. წინ ბევრი საინტერესო პოლიტიკური მოვლენა გველის. ვეთანხმები კახი კალაძეს, რომ არც ერთი მხარისათვის ტრაგიკული ჯერ არაფერი მომხდარა - ეს ის პოლიტიკური გამოწვევაა, რომელიც ძლიერს კიდევ უფრო გააძლიერებს, სუსტს კი დაასუსტებს. "პოლიტიკა მკაცრია" (ეს უკვე ედუარდ შევარდნაძის სიტყვებია). თუმცა გამოწვევა ძალიან სერიოზულიცაა. ამავდროულად ეჭვს იწვევს როგორც გარე საფრთხე (რუსეთი), ასევე შიდა საფრთხეც (პროკურატურის ნამდვილი როლი). ის კი ცხადია, რომ ალასანიას პოლიტიკური წონა მინისტრის პოსტის დატოვებით არა თუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. როგორ შეეჩვევა "ზედმეტ წონას" ირაკლი ალასანია და მისი გუნდი, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ: მძიმე წონით კატეგორიაში გადასვლა ადვილი საქმე არ არის. ვუსურვოთ მას წარმატებები. ისევე, როგორც ზოგადად დემოკრატიას საქართველოში.

ირმა სოხაძე:

- ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ცოტა დაბნეული ვარ, შეშფოთებული და შეწუხებულიც. არ ველოდი ასეთ კრიზისს ქვეყანაში. გუშინწინ ჩამოვედი პრაღიდან ჩვენს დაწყნარებულ საქართველოში და გუშინწინ საოცარი ამბები დამხვდა. ცალსახა და ერთპიროვნული ანალიზი ძალიან გამიჭირდება, ალბათ, ყველაფერს დრო დაალაგებს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი არაფერს არ გამორიცხავს. ისიც შეიძლება, რომ ალასანიას სისტემაში კორუფციას ჰქონოდა ადგილი და არც იმას, რაც შემდგომ ბატონმა ირაკლიმ თქვა. რასაც ამბობს, იმას დასაბუთება უნდა და სინამდვილეში მართლა მაინტერსებს, რა მოხდა. თუ ეს სიმართლეა, რაც მოვისმინეთ, რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი, დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე. ეს ქვეყნის კურსიდან აცდენის ფაქტია. თუმცა რეალურად მაინც არაფერი ვიცით და ვართ გაუგებრობაში, ველოდებით გამოძიებას და სასამართლოს ვერდიქტს.

ამის შემდეგ უნდა დაველოდოთ ასევე ალასანიას მიერ ნათქვამი ახალი ამბის გაგრძელებას. თუ ეს დამტკიცდა, არ ვიცი, კვლავ რასთან გვექნება საქმე. ვფიქრობ, რომ მაინც რაღაც გაუგებრობაა. ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი ქვეყანა არჩეულ გეზს არ უღალატებს.

კახა მამულაშვილი:

- პრობლემა საერთოდ გუნდურობის პრინციპშია. ეს კოალიცია ერთი გუნდი არასდროს ყოფილა.

კრიზისი, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაშიც და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც... ირაკლი ალასანია შემდეგში რას იზამს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მას ბავშვობიდან ვიცნობ, პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანია.

პოლიტიკა საერთოდ რთული საქმეა, ამ სფეროში, ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, - დამოუკიდებლად რომ ყოფილიყო, ალბათ თავიდანვე, ახლა მეტად ძლიერ პოზიციებზე იქნებოდა. ასე მგონია... ახლა რა გზას დაადგება, ვერ გეტყვით, ალბათ თვითონ უკეთესად იცის.

საერთოდ, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ამდენი პოლიტიკურ არეულობას და ცვლილებას, ეს პატარა ქვეყანა, როგორ უძლებს, მიკვირს... მიუხედავად ამისა, ყოველთვის იმედით ვუყურებ მომავალს, ამიტომ, მგონია, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, სხვანაირად არც შეიძლება... ღმერთმა გაძლება მოგვცეს.

ჯემალ ჭკუასელი:

- მე რა მინდა? პირველ რიგში მშვიდობა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

დასასჯელი უნდა დაისაჯოს, წასახალისებელი უნდა წახალისდეს. რაც დროზე იქნება ეს ყველაფერი, უკეთესია. ისე კი, ძალიან საწყენია, თუ დასასჯელები ზოგადად არსებობენ. საერთოდ, ხომ გითხარით, ჩემი ცხოვრების კრედოა, უნდა ვიყო, ან - არა. ყველაფერი გარკვეული მინდა, რომ მქონდეს და იყოს, ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. 

რაც შეეხება იმას, რომ მინისტრთა კაბინეტი მიდის და იშლება, ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, რომ შესაბამის ძალას გამონახავენ, რომ ეს პროცესი აღარ გაგრძელდეს. თავიდანვე გითხარით, რომ პირველ რიგში გვინდა, მშვიდობა, ამას გურულები ოდითგანვე ვამბობდით. მაგრამ ბოლო დროს მშვიდობაც სანატრელი გახდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამებები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია