"50 თეთრიანი სხვაობა სატენდერო და საცალო ფასს შორის არის რეკორდული მაჩვენებელი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში!"
"ევრო დიზელი 1 ლიტრი - 1,66 ლარი, პრემიუმი - 1,66 ლარი, სუპერი - 1,80 ლარი, დიზელი- 1.60 ლარი... სახელმწიფო ნოემბრის თვეში აი, ამ ფასებში ყიდულობს საწვავს, ჩვენთვის კი 50 თეთრით ძვირად ყიდიან! 50 თეთრიანი სხვაობა სატენდერო და საცალო ფასს შორის არის რეკორდული მაჩვენებელი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში! სხვაგან, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს რამეს!!!" - ეს ინფორმაცია სათაურით -"აი, როგორ გვძარცვავენ! 50 თეთრიანი რეკორდული სხვაობა", რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა და "სტატუსის" ავტორმა, ინფორმაციის გასამყარებლად, "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ბმულის მიუთითა.
თემას სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები პროტესტის ნიშნად უკვე აქციებსაც აანონსებენ. როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, ბექა კემულარია ამბობს, მომხმარებლის უფლებებზე ახლადშექმნილი უწყება, "კონკურენციის სააგენტო" უნდა ზრუნავდეს, თუმცა მისი განცხადებით, სააგენტო უუნაროა და ეს ყოველივე იმის ეჭვს ბადებს, რომ საქმე ელიტურ კორუფციასთან გვაქვს. "კონკურენციის სააგენტოს" მიზნებში ხაზგასმულია, რომ უწყებამ საქართველოს ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა უნდა უზრუნველყოს, თუმცა კემულარიას განცხადებით, უწყებას შექმნის დღიდან დღემდე არაფერი გაუკეთებია.