რა ცვლილებები შევიდა ახალ სამშენებლო კოდექსში

რა ცვლილებები შევიდა ახალ სამშენებლო კოდექსში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ახალი სამშენებლო კოდექსის პროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ნოემბერში პროექტი პარლამენტს გადაეგზავნება და 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოს უკვე ახალი სამშენებლო კოდექსი ექნება. ამის თაობაზე bpn.ge ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს - დავით გიგინეიშვილს ესაუბრა. როგორც რესპონდენტი ამბობს, პროექტზე მუშაობა ცოტა გაიწელა, ლამის ყველა მუხლი კამათისა და სერიოზული დებატების შედეგად ჩამოყალიბდა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც "ჩიტი ბდღვნად ღირს".

დავით გიგინეიშვილი: ეს არ არის მხოლოდ სამშენებლო კოდექსი - ეს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსია. სხვათა შორის, საქართველოს ისტორიაში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს: ჯერ არ გვქონია კანონი, რომელიც სამშენებლო და ურბანული სექტორის პრობლემებს გააერთიანებდა და ერთ საკანონმდებლო სივრცეში მოაქცევდა, რაც თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს რამდენიმე კანონი, რამდენიმე ბრძანება და დადგენილება, რომელიც ამ სფეროებს არეგულირებს. ახალი კოდექსი კი, ამ ყოველივეს გააერთიანებს და თანაც, არაერთ სიახლეს დანერგავს.

- პროექტზე მუშაობის დროს, სამშენებლო კომპანიების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს თუ ითვალისწინებდით?

- მაქსიმალურად ვცდილობდით, ამ კოდექსზე მუშაობის პროცესში, ფართო საზოგადოება ჩაგვერთო. კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მერე შეჩერდა, მერე ისევ განახლდა და მხოლოდ შარშან, ოქტომბერში დაიწყო მასზე ინტენსიური მუშაობა. ამ პროცესში ჩაერთო დონორი ორგანიზაცია GIZ-ი, ავიყვანეთ რამდენიმე ექსპერტი, მათ შორის - გერმანელებიც, მაგრამ კოდექსის სტრუქტურა ქართული რეალობის გათვალისწინებით შედგა. გერმანული კოდექსი დაწერილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ის დანგრეული გერმანიისათვის იქნა შედგენილი და საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა გერმანელებისათვის, თუმცა ჩვენს ახალ კოდექსში მხოლოდ 20-30%-ია გერმანული, დანარჩენი მთლიანად ქართულ სინამდვილეზეა აგებული. კოდექსი იწყება ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხით, იქ ყველაფერია გათვალისწინებული: როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქის, ან დასახლების გეგმა, რას უნდა მოიცავდეს, ვინ არის პასუხისმგებელი მის შედგენაზე და ა.შ... ეს საკითხი განიხილება ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების დონეზე. სივრცითი მოწყობის ნაწილის შემდეგ კოდექსი გადადის უშუალოდ მშენებლობებზე: როგორი უნდა იყოს შენობა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ სად უნდა იდგეს, რა პარამეტრები უნდა ჰქონდეს, რა სიმაღლე, ან სიგანე - ეს ყველაფერი ქალაქმშენებლობის გეგმებში დგინდება. ამ საკითხების განხილვას მრავალი დაინტერესებული პირი ესწრებოდა, ლამის ყველა მუხლი სათითაოდ განვიხილეთ და ამ განხილვებში მონაწილეობდა ყველა, ვისაც უმუშავია საერთოდ ურბანისტიკის პრობლემებზე საქართველოში, და არა მარტო საქართველოში. მუშაობის პროცესში ჩართული გვყავდა არქიტექტორთა კავშირი, მშენებელთა ასოციაცია და საზოგადოების აზრი მაქსიმალურიად იქნა გათვალისწინებული.

- ამბობთ, რომ ახალი კოდექსი არაერთ სიახლეს გვთავაზობს. კონკრეტულად, რომელ მათგანს გამოყოფდით?

- სიახლეებს რაც შეეხება, დღეს ჩვენთან დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა: მაგალითად, თბილისს აქვს პერსპექტიული განვითარების გეგმა - ქალაქის გენგეგმა. ამ გენგეგმაში თითოეულ უბანზე გათვალისწინებულია განსხვავებული პარამეტრები, რაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული: განაშენიანების ინტენსივობაზე, ტრანსპორტის რაოდენობაზე, გამწვანების კოეფიციენტზე და ა.შ... ეს პარამეტრები დადგენილია ურბანისტების მუშაობის შედეგად, მაგრამ ამავე დროს, არსებობს ზონალური შეთანხმების საბჭო. თუ თქვენ ხართ მშენებელი და იტყვით, რომ ეს პარამეტრები არ გაწყობთ და მათ შესაცვლელად თანხასაც გადაიხდით, მათ შეცვლიან. ასეთი რამ თბილისში წლების განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ მომავალში აღარ მოხდება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში გენგეგმა კარგავს თავის აზრს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია