უკვდავი გალაკტიონი - ტრაგიკული პირადი ცხოვრება და მისი 4 ქალბატონი

უკვდავი გალაკტიონი - ტრაგიკული პირადი ცხოვრება და მისი 4 ქალბატონი

17 ნოემბერს გენიალური პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. ამ დიდებული ადამიანის ცხოვრებას კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი და განსაკუთრებით მის პირად ცხოვრებაზე შევჩერდეთ.

ცნობილია, რომ გალაკტიონს არც ცხოვრებაში უმართლებდა და არც - სიყვარულში. 1912 წელს, ქუთაისში, მან და მისმა მომავალმა მეუღლემ, ოლია ოკუჯავამ შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი. ეს ამბავი ასე მოხდა: პოეტი და მისი ბიძაშვილი, ტიციანი ქუჩაში მიდიოდნენ, ოლია კი მარტო იყო (იმ წელს გაუცვნია მერი შერვაშიძეც, ისიც ქუჩაში მიმავალი დაუნახავს)... ოლია ამ გაცნობას პირად წერილებში ასე აღწერს: "გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაჰქცეოდა (მაშინ ოლია ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, რომლის გვერდით, კლასიკური გიმნაზიაში გალაკტიონი ეუფლებოდა ცოდნას. - ავტ.). იქ გალაკტიონს სულ ვხედავდი. თავისი შარფით განმარტოვებული დადიოდა და სხვებს ნამდვილად არ ჰგავდა".

მოკლედ, დიდი პოეტისა და მისი მომავალი მეუღლის სიყვარულიც მაშინ დაწყებულა...

მერი შერვაშიძის ნახვამ კი გალაკტიონში განსაკუთრებული შინაგანი მუხტი წარმოქმნა, რაც მის შემოქმედებაზეც აისახა, რადგანაც 1912 წლამდე დაწერილი მისი ლექსები სხვა სტილის გახლდათ. დიახ, როგორც ლიტერატორები ამბობენ, როცა მის ცხოვრებაში ეს ორი ქალბატონი გამოჩნდა, ორივემ თავისებური სიახლე შეიტანა პოეტის პოეზიაშიც, მაგრამ მერი შერვაშიძე გალაკტიონს პირადად არ იცნობდა და ურთიერთობა არ ჰქონიათ. მერი გალაკტიონისგან ცხოვრების სტილით გამორჩეული იყო, თავისი გარეგნობის გამო, ყმაწვილობიდანვე პოპულარული გახლდათ. პოეტს მერი უყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული ოლია ოკუჯავას სიყვარულმა გადასძალა. როდესაც მისი და ოლიას შეუღლება გადაწყდა, 1915 წელს მერისთან გამოსათხოვარი ლექსი - "მერი" დაწერა.

"ბედი, რომელიც მე არ მეღირსა,/ ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი"...

ოლიასა და გალაკტიონს თავიდან დამალული რომანი ჰქონდათ. ოლიას ოჯახს ყველა კარგად იცნობდა, რადგან მისი ძმები იმდროინდელი პოლიტიკოსები, რევოლუციონერები იყვნენ. მამა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ რომანტიკოსი პოეტი ოჯახის შენახვას ვერ შეძლებდა. ოლიამ წმინდა ნინოს სასწავლებელი რომ დაამთავრა, ჭიათურის სკოლაში მუშაობა მასწავლებლად დაიწყო. გალაკტიონი კი იქ ოლიას სანახავად ჩადიოდა. ბოლოს ოლიას მამა იძულებული გახდა, ამ ქორწინებას დასთანხმებოდა და 1916 წელს ჯვარი დაიწერეს. იმ დროისთვის ოლიას ძმები მოსკოვში ცხოვრობდნენ, ახალდაქორწინებულებიც იქ გაემგზავრნენ. გალაკტიონს ძალიან უნდოდა, სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ მოახერხა, ოლიამ კი სამსახური მალე იშოვა და უმაღლეს პოლიტიკურ კურსებზეც ჩაირიცხა. გალაკტიონი იძულებული გახდა, ქუთაისში ჩამოსულიყო და მათ შორის მიწერ-მოწერა დაიწყო. წერილებში ჩანს მონატრება, განშორებით გამოწვეული ტკივილი. ამ ტკივილს ისიც დაერთო, რომ ოლია ორჯერ გადაასახლეს, ამან გარკვეული კვალი დააჩნია პოეტს. ოლია ნამდვილი რევოლუციონერი იყო, მაგრამ ეს მეუღლის სიყვარულში ხელს არ უშლიდა.

გალაკტიონი სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა წერილებს:

"ოლოლ!

როგორი კილოთი მწერ უკანასკნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გრწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა, ისა სთქვას ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა, უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს იყავი კარგად. მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს, მაგრამ არა, რა იდეალური ამხანაგი გყოლია, ოლოლ! ეს ნატალია კაკაბაძე მე ისიც, ისიც მიყვარს უთხარი მას, რომ ისიც ძალიან კარგი გოგონა ყოფილა მე, ოლოლ, მუდამ შენზე ვფიქრობ, რატომ გგონია, რომ სხვაზე? მე მგონია, არასდროს არ შემიცოდავს.…

მარადის შენი გ. ტაბიძე"

***

მაგრამ ოლია მეორედ რომ გადაასახლეს, გალაკტიონის შემეცნებაში რაღაც მოხდა და ამიტომ შეწყვიტა პასუხების მიწერა. ოლია განიცდიდა იმ ფაქტს, რომ გალაკტიონი წერილებს აღარ წერდა. ქალი ეჭვიანობდა და წერდა: აღარ გიყვარვარ? დამივიწყე? და ა.შ.

ეს ოლიას უკანასკნელი წერილია:

"ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო!

აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები. ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ.

ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვებს ჰაერის ტალღებს. გესმის?

ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს. ო, მე მიყვარს დუმილი, მაგრამ რარიგ ძნელია, მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს. არ გსაყვედურობ. არ არის საჭირო. მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს.

ო, დღევანდელი დილა იყო ვარდისფერი, ვარდისფერი. მზემ სისხამზე ვარდებით მოფინა თოვლი, თოვლიც ვარდისფერი იყო. ასეთი დიდებული ვარდისფერი ჯერ არ მინახავს არც ბუნებაში, არც ხელოვნებაში.

ამ ვარდისფერ ტონებში გაბრწყინდა, აკიაფდა ვარდისფერი ფიქრები. მომაგონდა შენი "იისფერი თოვლი". ოი, როგორ ფეიერვერკებად ტრიალებენ, ეხვევიან ერთურთს ოცნებათა ვარდისფერი და იისფერი ტონები. და როგორ ეწვიოს მათ ადამიანის სულის სწრაფვა, ადამიანის ფიქრი, გრძნობა იმისა, დიადი და მიუწვდომელი რომ აქციოს მისაწვდომი, ხელშესახები, რათა დამკვიდრდეს მთელ ქვეყანაზე ბედნიერება, რამეთუ ადამიანი იმსახურებს ამას!"

მაგრამ ცნობილია, რომ ოლიას ამანათებს პოეტის მეორე ცოლი - ოლგა დარიუსი უგზავნიდა. ის ჯერ გალაკტიონის ეკონომისტი იყო...

ოლია რომ დახვრიტეს, ტაბიძემ მესამე ცოლი, ნინო კვირიკაძე შეირთო, გენერალ ებანოიძის ქვრივი, რომელსაც პირველი მეუღლისგან ქალ-ვაჟი ჰყავდა. გალაკტიონს ძალიან უყვარდა თავისი გერები და გერებსაც უყვარდათ...

მეორე ცოლთან ოფიციალური ქორწინება არ ჰქონია, მაგრამ თავად მეუღლეს უწოდებდა. ის ქალბატონი უვლიდა და მასზე ზრუნავდა. ნინოს მიმართ გალაკტიონს რაღაც განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა...

ასეთი გახლავთ გენიალური პოეტის პირადი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები.

ლალი ფაცია, მომზადებულია AMBEBI.GE-სთვის

"2000-ლარიანი ჯარიმის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვემეორებინა იგივე" - აქტივისტებმა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა გააპროტესტეს

"ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება" - თენგიზ ცერცვაძე

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია მინისტრის მდგომარეობა?