"შვიშტოკი", წამება, კორუფცია - დაუვიწყარი მოგონებები 90-იანი წლების პოლიციაზე

"შვიშტოკი", წამება, კორუფცია - დაუვიწყარი მოგონებები 90-იანი წლების პოლიციაზე

90-იანები წლები ქართული პოლიციის გარეშე ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. როდესაც ამ პერიოდზე ვსაუბრობთ, მათი ხსენება ისეთივე აუცილებელია, როგორც მჭადის თქმისას - ყველის.

იმდროინდელი ქართული ავტო-ინსპექცია ბევრად უფრო ახლოს იდგა მოქალაქეებთან, ვიდრე პატრული. ეს თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ გაჩერებული მანქანიდან მძღოლი დაუყოვნებლივ გადმოდიოდა და ავტო-ინსპექტორს ხელს ართმევდა, მერე რა, თუ ამ ხელში ფული ედო და ინსპექტორის ხელში ტოვებდა?! სამაგიეროდ, ეს ფაქტი დიდ როლს ასრულებდა ადამიანების დაახლოების საქმეში. ხშირად ხელის ჩამორთმევის ფუნქციას მანქანის მართვის მოწმობა ასრულებდა, მაგრამ სითბო იგივე რჩებოდა.

90-იანი წლების პოლიციელთა უმეტესობა ერთად რომ დაგვეყენებინა, თავი კიუშუს ბაშოზე (სუმოს ლიგა) გეგონებოდა. უბრალოდ, სუმოს მოჭიდავეებისგან განსხვავებით, ქართველ პოლიციელებს არ ჰქონდათ მარილი ბოროტი სულების დასაფრთხობად, თუმცა მათთვის მარილის ფუნქციას "შვიშტოკი" და ზოლიანი ჯოხი წარმოადგენდა, რომელსაც რა გინდა, რომელი მანქანის გაჩერება არ შეეძლო...

საინტერესო იყო პოლიციის განყოფილებები. აბსოლუტურად ყველას მოუხდებოდა დანტე ალეგიერის მიერ ჯოჯოხეთის კარზე დაწერილი - შემსვლელებმა იმედები დატოვეთ გარეთ. თუმცა ჯოჯოხეთისგან განსხვავებით, აქ გარეთ დატოვილ იმედსაც პატრონი უნდა გამოსჩენოდა, თორემ ისე გაქრებოდა, როგორც ამ პერიოდში ასაწონი კარაქი გაქრა მაღაზიებიდან.

განყოფილებათა უმეტესობაში, ჭერიდან კაბელი იყო ჩამოკონწიალებული, რომელზეც თავს იწონებდა "ილიჩის" ნათურა, ხოლო ჭაღი მხოლოდ პოლიციის უფროსთა ფუფუნება იყო.

ამ პერიოდის პოლიციელთა გარკვეული ნაწილისათვის უცხო იყო ნივთი სახელად - დიპლომი. ამ საბუთის მნიშვნელობა მათ არ იცოდნენ, ვინაიდან მისი ცოდნის საჭიროებას ვერ ხედავდნენ, სამაგიეროდ ნებისმიერ აკადემიკოსზე უკეთ გეტყოდნენ, რა დარღვევას რამდენი დასჭირდებოდა თავის დასასხსნელად.

90-იანებში პოლიცია მავანთათვის ელდორადოს წარმოადგენდა, ალბათ ამიტომ იყო იქ მუშაობის დაწყება საოცნებო. პოლიციელის ხელფასი ხშირ შემთხვევაში 30-40 ლარი იყო. ბუნებრივია, ასეთ ხელფასზე მომუშავე ადამიანი კორუფციულ გარიგებაში ჩაებმევა. პოლიცია და კორუფცია ერთმანეთის გარეშე არავის წარმოედგინა. ფაქტობრივად, არ არსებობდა კანონდარღვევა, რომელიც ფულის საშუალებით არ ჩაიფარცხებოდა.

90-იანების პოლიციაში ჩვეული მოვლენა იყო პატიმრების წამება, მეტიც ხშირად ამაზე თვითონ პატიმრებიც არ ჩიოდნენ, რადგან ეს ისეთივე ბუნებრივ მოვლენად მიიჩნეოდა, როგორც დაკავებისას ეჭვმიტანილისათვის საკუთარი უფლებების გაცნობა, თუმცა ეს უკანასკნელი, როგორც წესი, არ ხდებოდა ხოლმე.

90-იანებში ხშირად ნახავდით პოლიციელს, რომელიც მეგობრების წინაშე თავს იწონებდა ამა თუ იმ კრიმინალურ ავტორიტეტთან ნაცნობობით, ხოლო ის, ვისაც "კანონიერი ქურდი" ცოცხლად ყავდა ნანახი, კოლეგებზე ერთი თავით მაღლა იდგა და მას ხშირად რჩევასაც ეკითხებოდნენ.

ასეთია ბნელი 90-იანების სამართალდამცავების ყოფის მოკლე მიმოხილვა, თუმცა ზემოთ დაწერილი სტრიქონები ამ პერიოდის უნახავ ადამიანს ზედაპირულ წარმოდგენას მაინც შეუქმნის, თუ რა ხდებოდა იმ დროს სისტემაში.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია