კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:35 / 15-04-2017
როგორ გადაარჩინა სიკვდილს ჯაბა იოსელიანმა და რას იხსენებს ნოდარ ნათაძესთან მომხდარ ინციდენტზე - ვახტანგ რჩეულიშვილის გულახდილი ინტერვიუ
13 აპრილს, რამდენიმე კვირიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. 63 წლის რჩეულიშვილს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

2015 წელს, AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რჩეულიშვილმა მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ რა ვითარება იყო იმდროინდელ მთავრობაში, ვინ მართავდა ქვეყანას, როგორ მუშაობდა პარლამენტი, რა ურთიერთობა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ჯაბა იოსელიანთან და ა.შ...

"1992-1995 წლების საქართველოს პარლამენტი უნიკალური იყო რამდენიმე ნიშნით: მას სახელმწიფოს მეთაური - ედუარდ შევარდნაძე თავმჯდომარეობდა; იყო პირველი ქართული პარლამენტი მას შემდეგ, რაც საქართველო გაეროს წევრი გახდა და საქართველოს დამოუკიდებლობა მთელმა მსოფლიომ აღიარა; ამ პარლამენტმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსს, ქვეყნის დასავლურ არჩევანს;

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერს, პატივი მერგო, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში პირველი ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ვყოფილიყავი და პირველი შენიშვნაც ევროპელი კოლეგებისგან მაშინ მიგვეღო (ამიტომაც არ მიკვირს ევროპის სახალხო პარტიის გამუდმებული კრიტიკა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ): შევარდნაძე ერთდროულდ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა შტოებს რომ ხელმძღვანელობს, ეს დემოკრატიის მოთხოვნას არ შეესაბამებაო! ეს ჩვენც ვიცოდით, მაგრამ კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ, რომელიც იმ პერიოდისთვის არარსებულ კონსტიტუციას ცვლიდა, შედგენილი იყო ფართომასშტაბური პოლიტიკური კონსენსუსის, ანუ საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის (ზვიადისტების გარდა) შეთანხმების საფუძველზე. ხოლო გამსახურდიას შემდეგ, პრეზიდენტის ძალაუფლების ვინმესთვის, უწინარესად შევარდნაძისთვის გადაცემისა, ამ პარტიებს ეშინოდათ, ამიტომაც იყო არჩეული ეს კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იყო.
პარლამეტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური, პირველი პირის ლეგიტიმაციის მისაღებად ცალკე ირჩეოდა, საყოველთაო პირდაპირი არჩევნების გზით! ცხადი,ა ევროპამ გაგვაკრიტიკა, მაგრამ როდის უჯერებს ამაყი ქართველი სხვას, სანამ ცხვირს არ წაიტეხს? სწორედ ამ უნიკალურმა პარლამენტმა მიიღო ქვეყნის კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის ხელმოწერის ცერემონიალის დროს, მის ეზოში ააფეთქეს შევარდნაძე (მეც მასთან ერთად)! მაშინ დაეცა სოხუმი, ზუგდიდში დაბრუნდა ზვიად გამსახურდია, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველო შევიდა დსთ-ში, მოიკიდა ფეხი ტერორიზმმა - მოკლეს ედპ-ს ლიდერი გია ჭანტურია, შევარდნაძის ფონდის თავმჯდომარე - სოლიკო ხაბეიშვილი.

წარსულში კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი მართავდა ქვეყანას, სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველკვარტალურად ვიღებდით, შემოვიდა კუპონი, გათავისუფლდა ფასები პურზე - ხალხი მთელ ღამეს პურის რიგებში ათენებდა! მაგრამ სწორედ ამ პარლამენტის დროს შედგა ქვეყანა: შემოვიდა ეროვნული ვალუტა - ლარი, ამოქმედდა სასამართლო, შსს და პროკურატურა, ხელისუფლებიდან წავიდნენ (დააპატიმრეს) ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი, რუსეთში გაიქცა იგორ გიორგაძე, ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პოსტსაბჭოთა ელიტა (ჟვანია, სააკაშვილი და სხვები). ქვეყანა თანდათან ფეხზე წამოდგა. ბოლოს და ბოლოს, ეს იყო არაჩვეულებრივად წარმომადგენლობითი პარლმენტი, რომელმაც გააერთიანა საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, იმ დროისთვის არსებული პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა დაქსაქსული შეურიგებელი ზვიადისტებისა. დეპუტატებს შორის იყო საქართველოში ცნობილი თითქმის ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ქართული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენელი: ჭაბუა ამირეჯიბი, თენგიზ აბულაძე, რეზო ჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზურაბ წერეთელი და
You must have Flash Player installed in order to see this player.
სხვები.

პარლამენტში მოვიდნენ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ირინა სარიშვილი-ჭანტურია და მამუკა გიორგაძე (გია ჭანტურია არ შემოსულა პარლამენტში), აკაკი ასათიანი, ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე, ვაჟა ადამია თავისი პარტიებით, დისიდენტები - ირაკლი შენგელია, მიხეილ ნანეიშვილი, ლუიზა შაკიაშვილი, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა (ე.წ. "პუტჩისტები"), რესპუბლიკელები (ივლიანე ხაინდრავა, ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და სხვა), მწვანეები ქარტია "მონარქისტები," ძველი თაობის ცნობილი პოლიტიკური სახეები - ჟიული შარტავა, ჯუმბერ პატიაშვილი, თეიუმურაზ შაშიაშვილი და იმ დროისათვის ახალი სახეები - ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჟვანიას ახალგაზრდული გუნდი. ერთი სიტყვით, ამდენი ცნობილი ადამიანი არც ერთ სხვა პარლამენტში არ შემხვედრია. სპიკერატში წარმოდგენილები ვიყავით - ვახტანგ გოგუაძე (სპიკერი), რუსუდან ბერიძე (მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე) და მე.

მაშინ ჩაეყარა საფუძველი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ინსტიტუტს - მე ვიყავი უმრავლესობის ლიდერი, რუსუდან ბერიძე კი უმცირესობისა.

- მაშინდელი დეპუტატები ჰგავდნენ თუ არა დღევანდელებს?
- მაშინაც იყვნენ ლიდერებიც და უსახო პარლამენტის წევრებიც. უბრალოდ, ბევრად მეტი ცნობილი ადამიანი იყო იმ პარლამენტში და რაც მთავარია, ედუარდ შევარდნაძის და პრაქტიკულად, ყველა გავლენიანი ადამიანის მონაწილეობა პარლამენტის სხდომებში არაჩვეულებრივად ზრდიდა საკანონმდებლო ორგანოს როლს და ავტორიტეტს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ერთგვარი დისპროპორციაც კი შეიქმნა პარლამენტის სასარგებლოდ აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან შედარებით. დეპუტატები ხშირად ინიშნებოდნენ მინისტრებად, გუბერნატორებად, გამგებლებად. პარლამენტი მოვლენათა ეპიცენტრში იყო. ჩემთვის პირდად, ეს სამოქმედო ასპარეზიც და უზარმაზარი პოლიტიკური სკოლაც იყო.

- თქვენი თვალით დანახული ჯაბა იოსელიანის როლი იმ პარლამენტში...

- ჯაბა იოსელიანი უნიკალური პიროვნება იყო. სახელმწიფო იერარქიაში მეორე კაცის პოზიცია ეკავა შევარდნაძის შემდეგ. ყოფილი კანონიერი ქურდი და მოქმედი შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელი ასეთ თანამდებობაზე ქვეყნისთვის ცხადია, საშიშროებას წარმოადგენდა, მაგრამ იმ ეტაპზე სტაბილურობის შენარჩუნების სხვა საშუალება არ იყო. ის აჩერებდა ზვიადისტებს მასობრივი საპროტესტო აქციებისგან, ძალას სძენდა სახელმწიფოს იძულების მექანიზმს, რომლის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. შევარდნაძემ სრულად გამოიყენა მისი ეს შესაძლებლობები და მერე მხედრიონთან ერთად მოიცილა ისიც და კიტოვანიც.

მე ვაფრთხილებდი ჯაბას ამის შესახებ, ვახსენებდი ცნობილ ფრაზას - "რევოლუცია საკუთარი შვილების ჭამას იწყებს". მაგრამ ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა - უბრლოდ, ბოლო წლებში პროცესებს ვეღარ აკონტროლებდა, საკუთარი ფორმირების მძევლად იქცა. ამავე დროს ბევრი გამორჩეული თვისების მატარებელი იყო: ჭკვიანი, ნაკითხი, მამაცი და ბოლოს და ბოლოს, სიმპათიური. ფულს პირადად არ ესწრაფოდა - ოჯახში არასოდეს მიჰქონდა მილიონები. ბევრჯერ ამომდგომია გვერდში - პოლიტიკურადაც (როდესაც პარლამენტში თანამდებობიდან გადაყენებას მიპირებდნენ), ეკონომიურადაც (როდესაც სიმამრს ბიზნესს ართმევდნენ). გია ჭანტურიას მსგავსად, ჩემი მოკვლის საკითხიც რომ დადგა, ჯაბას ჩარევამ მიხსნა. ერთი სიტყვით, თავისი დროის შვილი იყო და ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურა იმდროინდელ საქართველოში.

- რა პრობლემის წინაშე იყო ის პარლამენტი და რა იყო მისი მთავარი ღირსება?
- დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, დღემდე საქართველოს ერთი და იგივე პრობლემა აქვს - ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთე. მაშინაც და დღესაც საქართველოს მთავარი პრობლემა რუსეთის იმპერიული ამბიციები, აფხაზური და ოსური სეპარატიზმი იყო. მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და სწორედ ეს იქცა და დღესაც რჩება რუსეთთან მთავარ პოლიტიკურ პრობლემად. ვინაიდან დაპირისპირება რუსეთთან ცივილური არჩევანის საკითხია და ორივე მხარე ამ არჩევანის მძევალია.

დიდ პოლიტიკაში ჩემი პირველი ნაბიჯი სამეზობლო პოლიტიკასთან და რუსეთთან ურთიერთობების დამყარებასთან იყო დაკავშირებული. პირველი სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა, შემდეგ სომხეთში, და შემდეგ რუსეთში. მაშინ მოვიწვიეთ პირველი რუსული ოფიციალური დელეგაცია პარლამენტის ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარის რამაზან აბდულტიპოვისა და ვიცე-პრემიერ სერგეი შახრაის შემადგენლობით. მივიღეთ პირველი კომუნიკე, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოხატავდა. ზურაბ ჟვანიას და ნოდარ ნათაძის ინიციტივით პარლამენტმა ამ დოკუმენტის დეზავუირება მოახდინა და ჩემი თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც დაისვა. შევარდნაძე მიცავდა, მაგრამ პარლამენტი ბობოქრობდა. სიცხიანი ჯაბას გამოჩენამ პარლამენტში და მისი მხრიდან ჩემმა დაცვამ საბოლოოდ ჩაშალა ეს მცდელობა. ცხადია, უკვირდა ჯაბას, მე რომ "მხედრიონს" ვუპირისპირდებოდი - "მე შენსკენ, შენ კი ეშმაკებისკენ", - ალბათ ფიქრობდა. მაგრამ ასეთი წინააღმდეგობრივია პოლიტიკური ცხოვრება - პირად სიმპათიებზე მაღლა, როგორც წესი, სახელმწიფო ინტერესი დგება.

- ალბათ, იმდროინდელი ისეთი ამბების გახსენებაც შეგიძლიათ, რომელიც ღიმილს მოგვგვრის...

- ეს ყველაფერი დღეს უკვე ისტორიაა, ამიტომაც იმ პერიოდის რამდენიმე სასაცილო ამბავსაც მოგიყვებით: როდესაც სტრასბურგში ჩავედით, დიდი პატივისცემით მიგვიღეს. მაშინ კლინტონი ახალი არჩეული იყო ამერიკის პრეზიდენტად. მასპინძლებთან ერთად ევროპარლამენტის უზარმაზარ შუშის ლიფტში რომ შევედით, თანამშრომლებმა იმ დროს ამერიკის პრეზიდენტად ახლადარჩეულ პრეზიდენტს მიმამსგავსეს (ეტყობა, ჭაღარით) და ჩურჩული დაიწყეს - კლინტონი, კლინტონიო. საქართველოში რომ ჩამოვედით, იმჟამინდელი რესპუბლიკის პროკურორმა - თედო ნინიძემ შევარდნაძეს ეს ამბავი მოუყვა. ეს რა არისო, - უპასუხა შევარდნაძემ, - კლინტონი რომ ჩავიდა ვიზიტით სტრასბურგში და ლიფტში შევიდა, ყველამ ჩურჩული დაიწყო - რჩეულიშვილი, რჩეულიშვილიო!

- ინციდენტი, რომელიც თქვენსა და ნოდარ ნათაძეს შორის მოხდა, რას მოჰყვა და რატომ შევიდა ის საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი სკანდალური ფაქტი?

- ნათაძესთან თავიდანვე ცუდი ურთიერთობა მქონდა. ჩუღურეთის რაიონში (სადაც კენჭს ვიყრიდი), "სახალხო ფრონტში" მისი მოადგილე, გოჩა გავაშელი მიპირისპირდებოდა და არჩევნები გამიყალბა. კიდევ კარგი გაყალბებული ოქმების სასამართლო ექსპერტიზა ჩავატარე და ორ უბანში არჩევნები თავიდან ჩავატარებინე. მხოლოდ ამის წყალობით შევედი პარლამენტში, მაგრამ ნათაძის საჩივრის გამო პარლამენტმა ჩემი უფლებამოსილება არ დაამტკიცა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა წარვუდგინე, სცნო პარლამენტმა ჩემი უფლებამოსილება.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ იმ დროს ნათაძის პოლიტიკურმა პარტნიორებმა, ვახტანგ ხმალაძემ და რეზო შავიშვილმა ამ ოქმების გაცნობის შემდეგ, მხარი უყოყმანოდ დამიჭირეს (პატიოსანი პოლიტიკოსები არც ისე იშვიათია, როგორც ხალხს ჰგონია). ნათაძე კი ყოველთვის ასეთი ინტრიგანი იყო და ყველას მოაბეზრა ამით თავი, მაგრამ ვერავინ უბედავდა ღიად შეკამათებას, ვინაიდან ნებისმიერ ადამიანს ადვილად ამოსვრიდა ტალახში - ერის მოღალტედ და "კაგებეს" აგენტად დაასახელებდა. განსაკუთრებით ძველი კომუნისტები ერიდებოდნენ - სასტიკად დაშინებული ჰყავდა. მე კი მოურიდებლად ვუთიშავდი მიკროფონს, თუკი რეგლამენტს არღვევდა. ერთხელაც, მიკროფონი რომ გავუთიშე (სხდომები მკაცრად მიმყავდა, ვინაიდან ამდენი ავტორიტეტული ადამიანის დისციპლინის ჩარჩოებში მოქცევა სხვანაირად შეუძლებელი იყო), პრეზიდიუმში მოვარდა და შევარდნაძეს მიმართა - "ვიღაც ნაბიჭვარს მიკროფონს არ გავათიშინებო". შევარდნაძე კარგად მიცნობდა და ხელი დამიჭირა, არაფერი უთხრაო. მაშინ მეორე ხელით დავისხი ჭიქაში "ბორჯომი" და სახეში შევასხი. დისციპლინის პრობლემა პარლამენტში საბოლოოდ გადავჭერი! ამ კადრებმა მთელი მსოფლიო შემოიარა. მაშინ პარლამენტის ახალგაზრდა თანამშრომელი, მიხეილ სააკაშვილი ჰყვებოდა, რომ ნიუ-ჯერსის ცნობილ სტადიონზე "პინკფლოიდების" კონცერტის დროს, შესვენებაზე უზარმაზარ ეკრანზეც კი უჩვენებიათ ეს სცენა - როგორ მიჭერს შევარდნაძე ხელს და როგორ ვასხამ "ბორჯომს" ნათაძეს. აქამდე მეუბნებიან, კომპანია "ბორჯომს" რეკლამისთვის შენთვის ფული უნდა გადაეხადაო!

მაგრამ ოპოზიციის სხვა ლიდერებთან პოლიტიკური ბრძოლის მიუხედავად, ვმეგობრობდი. ერთხელ წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში დავპატიჟე იმ დროისთის საქართველოში აკრედიტებული ელჩები. თან, პარტიული ლიდერებიც იყვნენ სუფრასთან: გია ჭანტურია, აკაკი ასათიანი, ზურაბ ჟვანია და სხვები. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ერთმანეთის სადღეგრძელოებზე რომ გადავედით და ქეიფი დავიწყეთ, გაოცებული ელჩები მოგვიბრუნდნენ და გვითხრეს: თქვენ ხომ არ დაგვცინით, - პარლამენტში ჩხუბს რომ იწყებთ, ჩემოდნებს ვალაგებთ, ქვეყნიდან გასაქცევადო და თურმე როგორ გყვარებიათ ერთმანეთიო! ვინ დაიჯერებს, მაგრამ შევარდნაძესთან დანა-სისხლად წაკიდებულ გია ჭანტურიას ჩემთვის საზღვარგარეთაც კი დაურეკავს, - სასწრაფოდ ჩამოდი, თორემ შევარდნაძის გადაყენების საკითხის დასმას აპირებს პარლამენტი კენჭისყრაზეო! მაშინ ეს მხოლოდ მდგომარეობის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა, პარლამენტის ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული სხდომების წაყვანა კი მხოლოდ მე მევალებოდა - არ არსებობს, რომ ასეთი საკითხი დამეყენებინა კენჭისყრაზე, სულაც რომ თავი გაეგიჟებინათ ოპოზიციონერ დეპუტატებს. კენჭისყრის წინ პარლამენტის დარბაზში რომ შევედი (ამისთვის თურქეთიდან გამოძახებულს, ასლან აბაშიძემ ბათუმში თვითმფრინავი დამახვედრა და სასწრაფოდ გადმომაფრინა თბილისში) ოპოზიცია მიხვდა, რომ საკითხი კენჭისყრაზე აღარ დადგებოდა და პირიქით, როდესაც რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად გასატანი იყო ხოლმე, ისევ მე მიწევდა ამისთვის თავის მობმა.

- ეს ალბათ, ძალიან მოგწონდათ, არა?
- ასეთი როლი სულაც არ მხიბლავდა - როგორია, "მხედრიონის" განიარაღების ან უშიშროების მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი რომ უნდა გაიტანო ისეთ პირობებში, როდესაც ამისთვის სავსებით შესაძლებელია ელემენტალურად შუბლი გაგიხვრიტონ! თან, ამ "შეუცვლელობის" სინდრომმა უკან დამხია პოლიტიკურადაც - შევარდნაძეს არ უყვარდა ქვეყნიდან რომ გავდიოდი და რამდენჯერმე მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩამაშლევინა: აშშ-ში ორჯერ არ გამიშვა, მესამეჯერ კი თავადაც აღარ მივუწვევივართ! რუსეთში წასულს კი საჭიროების შემთხვევაში უბრალოდ უკან მიბარებდა სასწრაფოდ და ბევრი საინტერესო შეხვედრა ჩამშლია ამის გამო - პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარტიის ლიდერებთან, მინისტრებთან.

- რა მოგიტანათ ზოგადად, იმ წლებში საქართველოს პარლამენტში საქმიანობამ?
- ჩემს პოლიტიკურ კარიერაში გადამწყვეტი წლები იყო. ამ პარლამენტმა განაპირობა პოლიტიკაში ჩემი წარმატებაც და საბოლოო მარცხიც. წარმატება იმიტომ, რომ დიდ პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის დროს აღმოვჩნდი. მარცხი იმიტომ, რომ შევარდნაძესთან ერთად დავტოვე დიდი პოლიტიკა. უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მთელმა ქვეყანამ კი მე გამიცნო. მანამდე პოლიტოლოგად და საერთაშორისო მიმომხილველად მიცნობდნენ, სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლად. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ შესაძლებლობა მომეცა, ცხოვრებაში გამეტარებინა ჩემი პოლიტოლოგიური აზრები და კონცეფციები, რისი შანსი ჩემს კოლეგებს იშვიათად ეძლევათ. თუნდაც ჯვრისებრი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, ანუ ერთდროულად დასავლური კურსის შენარჩუნება და რუსეთთანაც პარტნიორობა - ორივე ამ მიმართულების პრიორიტეტულად გამოცხადება.

შევარდნაძემ ჩემი ეს კონცეფცია 2002-ში ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა, მაგრამ ცნობილმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ გაართულა მისი რეალიზაცია. დავაფუძნე საქართველოს "სოცილისტური პარტია," ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი საქართველოს ისტორიაში (70.000 რეგისტრირებული წევრი), მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, პარტია დაიშალა. დავაფუძნე ასევე საქართველოში ერთ დროს ყველაზე წარმატებული და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ცნობილი უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ქართველი მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობით ამზადებდა საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ალტერნატიულ პროგრამებს, აქვეყნებდა შესაბამის რეკომენდაციებს და აწვდიდა მთავრობისა და პარლამენტის წევრებს.

იმ წლებში ჩაეყარა საფუძველი ჩემი და მაიას მეგობრობას ედუარდ შევარდნაძესთან, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩვენი მომავალი ცხოვრება. ბატონი ედუარდი მაიას თანამოაზრედ მიიჩნევდა და იწვევდა ისეთ შეხვედრებზე, სადაც სხვა ქალბატონებს არ ეძახდა - მაგალითად, ჯეიმს ბეიკერთან, სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მე კი არა, მაიას სთხოვდა. ვინაიდან მაია მეგობრობდა ისეთ პოლიტიკოსებთანაც კი, ვისთანაც გამუდმებით კონფლიქტები მქონდა - მაგალითად, მიხეილ სააკაშვილთან და იმდროინდელი ოპოზიციის სხვა წევრებთან. ბიუჯეტის მიღებაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკებაც კი დაავალა ერთხელ.

- და რაკი 90-იან წლებს ვიხსენებთ, მოდი, გვითხარით, პირადად თქვენთვის როგორი იყო ის წლები. გავლენიანი ადამიანი იყავით და ალბათ, ცხოვრების პირობები, იმ უგაზობა-უსინათლობაში საუკეთესო გქონდათ...
- მხოლოდ ჩემი წარმატება არ განაპირობებდა ოჯახის ცხოვრების დონეს. ძლიერი ოჯახი გვქონდა ყოველთვის. მამაჩემი - შალვა რჩეულიშვილი "საუკუნის ადვოკატად" აღიარეს და ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ადამიანებს სჭირდებოდათ, შესაბამისად მაღალი ჰონორარები ჰქონდა. მე პარლამენტში მოსვლამდე ბიზნესში ვიყავი და საკმაოდ დიდი შემოსავალიც მქონდა. მერე მაიამ ჩამანაცვლა. სიმამრი ელექტროსადგურების პრივატიზებაში მონაწილეობდა. მაიამ, რუსუდანმა და ჩემმა დამ - ლალიმ ჯერ ავიაბიზნესი წამოიწყეს - მოსკოვში ჩარტერულ რეისს ასრულებდნენ, ესეც შემოსავლიანი სფერო აღმოჩნდა. შემდეგ მაიამ და რუსუდანმა რესტორანი "ევროპა" გახსნეს. საბოლოოდ კი "ცენტრ-პოინტი". ამიტომ, ყველაზე გაჭირვებულ წლებშიც კი არასოდეს მიჭირდა ეკონომიურად და არც არასოდეს ჩავრთულვარ კორუფციაში, ქრთამი არასოდეს ამიღია.

დღეს "ცენტრ-პოინტის" სკანდალით სახელი შეგვილახეს, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა და განსაცდელია. სინამდვილეში "ცენტრ-პოინტი" უფრო სოციალური პროექტია, ვიდრე ბიზნესი და ესეც მალე გაირკვევა. როგორც ის, თუ ვინ და რისთვის მოინდომა მისი გაკოტრება. ედუარდ შევარდნაძეც იმიტომ აფასებდა მაიას, რომ მისი მთავარი მიზანი არა პირადი გამდიდრება, არამედ ადამიანების და ქვეყნის დახმარება იყო. ამიტომ ლოცულობს მაიაზე და მთელს ჩვენს ოჯახზე მისი უწმინდესობაც - მის ლოცვას კი უზარმაზარი ძალა აქვს, რაშიც მთელი საქართველო არაერთხელ დარწმუნდა. ამიტომაც მჯერა, რომ ამ განსაცდელიდანაც არა მხოლოდ ჩვენი ოჯახი, არამედ ყველა დაზარალებული ადამიანი ღირსეულად გამოვა.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
16:47 / 23-04-2017
lali
0
ღმერთო ნათელში ამყოფე მისი სული დამენანა
10:13 / 22-04-2017
goga
0
ვააა! რა ქვეყნის ამშენებლები ყოფილან მაშინდელი მთავრობა და ვერ დაგვიფასებია! ყველა გარეწრები იყავით, ჯაბაზე და კიტოვანზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ შეიძლება! თქვენი ბრალია ეს ქვეყანა ესეთ დღეში რომ არის! ყველა მეზიზღებით შევარდნაძის თამადობით!!!! გამომივიდნენ ანგელოზები ეს ხორცმეტები!!!!
მსგავსი სიახლეები
ნინო დარასელი ბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვესაუბრა
+VIDEO| "ხან არის გონზე ხან არა, მისი საყვარელი ადამიანები კი მის გვერდით არ არიან"
+VIDEO დაზარალებულების მიმართ ბოდიშის მეტი არაფერი მეთქმის, მათი დამოკიდებულების მიუხედავად ჩემი ოჯახისადმი
"მე პირადად ამ ბოროტი სულების საჯიჯგნად მაიას ნამდვილად ვერ დავტოვებ"
"ჩვენ რჩეულიშვილები ვართ! დიდი პაპა ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის კიბეებიდან დააგორეს კომუნისტმა სტუდენტებმა და პედაგოგებმა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:27 / 22-06-2017  Image კიდევ ერთი უფლებამოსილება, რომელიც პრეზიდენტს შეეზღუდება
პრეზიდენტი მოქალაქეობის მიცემისა და შეწყვეტის უფლებამოსილებას ინარჩუნებს
15:03 / 22-06-2017  Image როგორი უნდა იყოს ბავშვის სათვალე
ბოლო დროს თვალის ექიმთან თუნდაც პროფილიაქტიკის მიზნით მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება
12:59 / 22-06-2017  Image 7 მარტივი საქმიანობა, რომლითაც საქართველოში დამატებით შემოსავალს მიიღებთ
ძაღლების გასეირნების გარდა, ზაფხულში გამომუშავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხი
13:02 / 22-06-2017  Image სექსუალური სამხედრო გოგონები ისრაელის ჯარიდან
+PHOTO ყოველწლიურად ისრაელში 1 500 ჯარისკაცი ქალი ირიცხება თავდაცვით ნაწილში
11:17 / 22-06-2017  Image ეს უნდა იცოდეთ, რათა Online Shopping-ისას მოტყუებული არ დარჩეთ
როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები ონლაინ შესყიდვისას?
მკითხველის რჩევით
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49