ნახვამდის, თემურ...

ნახვამდის, თემურ...

14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

ამ წაგების შემდეგ, ფაქტობრივად, საბოლოოდ დავემშვიდობეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ოცნებას და... ნაკრების მთავარ მწვრთნელს - თემურ ქეცბაიას, რომლისთვისაც ეს ბოლო მატჩი იყო ეროვნული გუნდის მესაჭის რანგში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გაფორმების დღიდან - დღემდე, აღნიშნული ვადები უცვლელი იყო. კონტრაქტი  2015 წლის 12 სექტემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა პოლონეთთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ქეცბაიამ დაანონსა, რომ, რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო შეხვედრა. ის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა. ეს იყო ქეცბაიას ხელმძღვანელობით მეორმოცე მატჩი...

ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობის დროს ხშირად იყო კრიტიკის საგანი ქეცბაიას "ტაქტიკა". იყო დაპირისპირება ნაკრების ფეხბურთელებთან. უფრო ხშირად კი ქეცბაის რისხვის ობიექტები სპორტული ჟურნალისტები ხდებოდნენ. ამის მაგალითია, ისიც, რომ რამდენიმე ჟურნალისტმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა.

თემურ ქეცბაიას კარიერა დღემდე:

ფეხბურთელი და მწვრთნელი, თემურ ქეცბაია 1968 წლის 18 მარტს გალში დაიბადა. 2010 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1990-იანი წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე.

ფეხბურთელის კარიერა

საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას "ანორთოსისი") გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეთში, ათენის "AEK" ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.

1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური "ნიუკასლის" სელექციონერებისთვის შეუმჩენეველი არ დარჩა და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, კლუბი მას იშვიათად იყენებდა, განსაკუთრებით კი რუუდ გულიტის მწვრთნელობის დროს. 2000 წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმსის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" £900,000-ად აფორმებს კონტრაქტს, თუმცა აქაც დიდხანს ვერ ჩერდება და 2001 წელს შოტლანდიური "დანდის" წევრი ხდება.

მწვრთნელის კარიერა

2002 წლის ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით.

2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 2010 წელი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებისთვის. გუნდს წლის მანძილზე არც ერთი თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ნაკრების წარმატებული სერიის კულმინაცია იყო ხორვატიის ნაკრებთან საშინაო მატჩი 2011 წლის მარტში, რომელიც საქართველომ ლევან კობიაშვილის გვიანი გოლით 1-0 მოიგო. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად წარუმატებლობისა, 2011 წლის 13 სექტემბერს ქეცბაიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გაუფრომა.[1] თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების გამო აღარ გამოიძახებდა ვეტერანებს ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, სადაც საქართველოს მეტოქეებად ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები მოუწია, ქეცბაიას გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეს ციკლიც ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს.

მასალა თემურ ქეცბაის კარიერის შესახებ მომზადებულია ვიკიპედიაზე დაყრდნობით.