თბილისის ყველაზე ძველი და მრავალჯერ დანგრეული ხიდი და მისი საოცარი ისტორია

თბილისის ყველაზე ძველი და მრავალჯერ დანგრეული ხიდი და მისი საოცარი ისტორია

ხიდი კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო გამოგონებაა. მისი კონსტრუქცია დამოკიდებულია მის ფუნქციასა და ლანდშაფტის ხასიათზე. საბოლოოდ კი ხელოვნური ნაგებობაა, რომელიც გადაჭიმულია მდინარეზე, ხეობაზე, ტბაზე ან ნებისმიერ ფიზიკურ დაბრკოლებაზე.

თბილისში, მდინარე მტკვარზე 10 ხიდია გადებული, რომელიც მდინარე მტკვრის ორივე ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი დედაქალაქი ხომ ვიწრო ქვაბულში მდებარეობს, რომელსაც შუაში მდინარე მტკვარი ჰკვეთს.

თბილისის ხიდებიდან ყველას თავისი საინტერსო ისტორია აქვს, მაგრამ ამჯერად ძალზე ძველ და ისტორიულ ხიდზე გვინდა, შევჩერდეთ. თემის გარშემო კი ისტორიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ალექსანდრე ბოშიშვილი გვესაუბრება:

- საქართველოს დედაქალაქი, მსოფლიოს ძველ ქალაქებს შორის საპატიო ადგილს იკავებს, თავისი ხანგრძლივი, უწყვეტი და საინტერესო ისტორიით, ამასთან, ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. ისტორიულად სამ ძირითად ნაწილად იყო გაყოფილი, - თბილისი, კალა და ისანი. თბილისი და კალა მტკვრის მარცხენა მხარეს იყო განლაგებული, ისანი კი მათ პირდაპირ მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა. მოგვიანებით ისანს მეტეხი ეწოდა...

ისანთან დასაკავშირებლად თბილისს ხიდი ესაჭიროებოდა, ამიტომაც მდინარე მტკვარზე მის არსებობას უძველესი დროიდანვე ვარაუდობენ...

- ამას ისტორიული წყაროები ადასტურებს?

- დიახ, მაგალითად, არაბების ბატონობის პერიოდის, VIII საუკუნის, ამბების აღწერისას, იოანე საბანისძე, "აბოს წამებაში" ახსენებს ფრაზას - "ხიდთა მათ ქალაქისათა" – ამ ცნობის საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ მეტეხის ციხის ძირში, ორი ერთმანეთის გვერდით განლაგებული ხიდი არსებობდა.

ორი ხიდის ერთად არსებობა, როგორც ჩანს, იმით იყო გამოწვეული, რომ ციხესა და ქალაქს შორის საჭირო იყო მუდმივი ინტენსიური კავშირი, რასაც სწორედ მტკვარზე განლაგებული ორი ხიდი უზრუნველყოფდა, იმ დროის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მხოლოდ ხის ხიდის არსებობა იყო შესაძლებელი.

ერთი ხიდი, რომელსაც გრძელი მალი ჰქონდა, განლაგებული იყო მაღალი ნაპირების კლდოვან გამონაშვერებზე და მას მცირე დატვირთვისთვის შეეძლო გაძლება. სავარაუდოდ, მას მერყევი კონსტრუქცია ჰქონდა და მხოლოდ ფეხოსან და ნაწილობრივ სასაპალნე მოძრაობისთვის იქნებოდა გამოყენებული.

მეორე კონსტრუქციულად შედარებით მყარი უნდა ყოფილიყო, იგი მდინარე მტკვრის კალაპოტში ღრმად იყო ჩამჯდარი, გამოიყენებოდა უმთავრესად ურმების მოძრაობისთვის, მაგრამ, ამავე დროს ეს ხიდი ხშირ ნგრევას განიცდიდა, რადგან განლაგებული იყო შიგნით მდინარეში და გაზაფხულის წყალდიდობა აზიანებდა.

X საუკუნის გამოჩენილი არაბი გეოგრაფი, ალმუქუდასი თავის ნაწარმოებში ახსენებს თბილისის მეტეხის ხიდს, ავტორი ქალაქის აღწერისას მოგვითხრობს, რომ "მას (თბილისს) გადაჰკვეთს მდინარე მტკვარი, იგი გაშლილია ორივე ნაპირზე და დაკავებულია ხიდით".

თბილისის ხიდს არაერთგზის მოიხსენებენ ქართული საისტორიო წყაროები, არაბი ისტორიკოსები, სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურები და სხვა.

- მეტეხის ხიდი, ისტორიულ წყაროებში, როგორც ცნობილია, ჯალალ ედ-დინის შემოსევისასაც მოიხსენიება...

- XIII საუკუნეში, ხვარაზმის შაჰისა და 1226 წელს თბილისის აღების დროს მეტეხის ხიდზე დაუდგამთ სიონის ტაძრიდან გამოტანილი ხატი. ვინც არ შეაგინებდა ამ ხატს, მას თავს ჰკვეთდნენ და ხიდიდან მდინარე მტკვარში აგდებდნენ.

ცოტა მოგვიანებით, 1522 წელს, ირანის შაჰის ისმაილის ჯარების შემოსევის დროს იგივე განმეორდა, რაც ჯალალ ედ-დინის შემოსევის დროს. წყაროების მიხედვით, ქალაქის მცხოვრებლებს, ვინც ისლამს არ იღებდა, მდინარეში ჰყრიდნენ.

თბილისის აღების შემდეგ ისმაილმა, როგორც იმდროინდელი მემატიანე წერს – "აღაშენა მეჩეთი სჯულისა თვისისა ყურესა მას ხიდისასა". ხიდის ყურესთან არსებული მეჩეთი XX საუკუნემდე იდგა და 1940-იანი წლების ბოლოს კი აიღეს.

- აღა-მაჰმად-ხანსაც მიუტანია მასზე იერიში...

- თბილისის ხიდის შესახებ საუბრობენ, მოგვიანო პერიოდის ავტორებიც (ევლია ჩელები, ვასილი გაგარი, დიონჯო კარლი და სხვა.) მეტეხის ხიდი დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზეც.

1795 წელს სექტემბერში, ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო და სხვა, უამრავ ნაგებობასთან ერთად, ერთ-ერთი პირველი, მეტეხის ხიდიც გადაწვა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ იმავე წლის ოქტომბრის ბოლოს ხიდის განაპირა ქვის საყრდენები აღუდგენიათ და ზედ თეძამის ხეობიდან მოტანილი ხის მორები დაულაგებიათ. ამით ფეხით მიმოსვლა აღდგენილა. თბილისის მოსახლეობა განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული, მისი აღდგენით, რადგან სპეციალური გადასახადის დაწესებასაც კი ითხოვდნენ. მეტეხის ხიდის საბოლოო აღდგენას ორი წელი დასჭირდა და საბოლოოდ 1797 წელს დასრულდა.

ეს ხიდი 1805 წლამდე არსებობდა. როგორც ვიცით, 1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის გაუქმების ბრძანება გამოსცა და მთელი სამეფოს ტერიტორია დაიპყრო, რუსეთის მიერ დამყარებულმა ახალმა ადმინისტრაციულმა აპარატმა, კერძოდ, საქართველოს მთავარმმართებელმა, წარმოშობით ქართველმა - პავლე ციციანოვმა რუსეთის იმპერატორს მეტეხის ხიდის შესახებ სპეციალური მოხსენება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ 1805 წლის წყალდიდობის შედეგად დაინგრა ძველი ხიდი და მისი ინიციატივით მოეწყო - დროებითი, მთავარმართებელი უფრო მყარი ხიდის მშენებლობაში დახმარებას ითხოვდა.

რადგან ხიდი იმ დროს ქალაქის სურსათით მომარაგებაში უმთავრესი კვანძი იყო, და მისი გავლით, ავლაბრის მხრიდან შემოდიოდა ქალაქში ტვირთები, ამიტომ სწრაფად, 25 დღეში აუშენებიათ.

1805 წელს აიგო ორი, ერთი შედარებით დიდი და მეორე პატარა ხიდი, - ორივეს საინტერესო ისტორია აქვს. დიდ ხიდს "ავლაბრის ხიდს" უწოდებდნენ, პატარას "მეტეხის ხიდს"...

დიდი ხიდი, როგორც ითქვა, აგებულ იქნა 1805 წელს, შეაკეთეს 1815 და 1820 წლებში, 1822 წელს დაიწყეს ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც უფრო მყარად, ქვის საყრდენებზე აშენდა და ხის კამაროვანი კონსტრუქცია ჰქონდა, მშენებლობა 1826 წელს დასრულდა. მის გვერდით საყრდენი კედლები აგურით იყო მოპირკეთებული. ამრიგად, მრავალი საუკუნის განმავლობაში, არსებული სახიდე კონსტრუქცია, ე.წ. კოჭური ხიდები, 1826 წელს კამაროვანი სახიდე საშუალებით იქნა შეცვლილი, ეს ახალი ხიდები ბევრად მაღლა იყო განლაგებული მტკვრის დონიდან, თუმცა წყალდიდობისგან მის დაცვას მაინც ვერ უზრუნველყოფდა და 1829 წლის წყალდიდობას ვერც გადაურჩა.

- და ხელახლა როდის აღდგა?

- 1870 წელს კი უკვე ინჟინერ ზაზემანის პროქტით, ახალი, ე.წ. "ამერიკული სისტემის" ლითონის ხიდი აშენდა. ავლაბრის ხიდზე, ფეხით მოსიარულეების გარდა ურმები, ეტლები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობდა.

1805 წელსვე, დიდ ხიდის მახლობლად მოქმედებდა მეორე, შედარებით პატარა, ხიდი, რომელიც გარდა სიმცირისა, ნაკლებსაიმედოც იყო, იგი ხშირად იშლებოდა და ხელახლა შენდებოდა, საბოლოოდ, 1839 წელს მთავრობის განკარგულებით ხიდი დაშალეს. თუმცა ქალაქში მეორე ხიდის საჭიროების საკითხი მალევე დადგა და 1843 წელს, მეჩეთის გვერდით, დაშლილი ხიდის ადგილას, ახლის მშენებლობა დაიწყეს, ახალი ხიდი კლდის გამონაშვერ ბაქნებზე იყო განლაგებული, მისი სიგრძე 32 მეტრი იყო. კონსტრუქცია და მდებარეობა ხიდს განსაკუთრებულობას სძენდა, წყლის დონიდან საკმაო სიმაღლეზე არსებობის გამო, იგი წყალდიდობისგან უფრო დაცული იყო. ხოლო 1870 წელს, მის ადგილას ინჟინერ ორდიშის პროექტით ლითონის ხიდი იქნა აგებული. მასზე მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს და სახედრებს შეეძლოთ გადაადგილება, ამის გამო მეტეხის ხიდს, "ვირის ხიდსაც" ეძახდნენ.

ორივე ხიდის ნაკლი ის იყო, რომ ქალაქის ამ ხიდებზე იმდენად დიდ მოძრაობას ჰქონდა ადგილი, რომ ხშირად მასზე ფენილი ორჯერ იცვლებოდა, და მუდმივად საჭიროებდა მათი ცალკეული ნაწილების განახლება.

1870-იან წლებში აგებული და მრავალჯერ შეკეთებული ხიდები XX საუკუნის 50-იან წლებამდე იყო ექსპლუატაციაში, თუმცა ისინი ვეღარ ასრულებდნენ ქალაქის მზარდი გამტარიანობის მოთხოვნებს, ამიტომ ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე დადგა საკითხი მტკვარზე, ახალი, ქვის დიდი ხიდის მშენებლობისა...

- და ახლანდელი მეტეხის ხიდი, როდის აიგო?

- მისი მშენებლობა 1950 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო, პროქტის ავტორი და მშენებლობის ხელმძღვანელი გ. ჩომახიძე, ხოლო არქიტექტორი ს. დემჩინელი იყო.

ხიდი აგებულია მყარი მასალით, ხისტი არმატურითა და ბეტონით. მთავარი სამუშაოები მოკლე ვადაში, 6 თვესა და 17 დღეში შესრულდა, მასზე მოძრაობა 1951 წლის 1 მაისს გაიხსნა...

ხიდის გარე კედელები და თაღები მოპირკეთებულია ბაზალტის ქვით, ხოლო ოთხი 11-მეტრიანი სვეტი ბოლნისის ტუფით, ხიდს თუჯის ლამაზი მოაჯირები და ლამპიონები ამშვენებს.

მასთან მისასვლელი გზის დონე დაახლოებით 2 მეტრამდე აწიეს. მისი აგებითა და ახლომდებარე შენობების აღებით, ქალაქის ამ ნაწილის სახე მთლიანად შეიცვალა. ძველი, ქვემოთ მდებარე რკინის ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დამთავრებისთანავე დაანგრიეს, ხოლო რაც შეეხება "ვირის ხიდს", იგი 1955 წელს დაშალეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია