ბატონო ზურაბ, არ გაგიტყდათ ამის თქმა?! - პასუხი დეპუტატს, რომელიც 160 ლარს "ყოფნის"

ბატონო ზურაბ, არ გაგიტყდათ ამის თქმა?! - პასუხი დეპუტატს, რომელიც 160 ლარს "ყოფნის"

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს." ეს რომ მოვისმინე, მაშინვე კითხვა გამიჩნდა - ბატონო ზურაბ, არ გაგიტყდათ ამის თქმა?! რა სათნო ხართ წინასაარჩევნოდ და არჩევნების მერე, ასეთი როგორ ხდებით? ბატონო ზურაბ, პარლამენტის გარეთ თვეში ერთხელ მაინც თუ გამოხვალთ, ნახავთ რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც თვიდან-თვემდე ზოგჯერ 100 ლარიც არ აქვს და ეს ხალხი არსებობს. შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ ეს ასეა. ღმერთმა დაგიფაროთ და ერთ წამს წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ პენსიონერის ადგილას, ვინც 160 ლარს უნდა ეყოს, თქვენ ეყოფოდით?! დიდი ეჭვი მაქვს, რომ პასუხი უარყოფითი იქნება.

სხვათა შორის, ეს პენსიონერები თქვენი ამომრჩევლები არიან, კი ვართ ქართველები ამნეზიისკენ მიდრეკილი ერი, მაგრამ ასეთ ფრთიან გამონათქვამებს არ ვივიწყებთ ხოლმე და შესაძლოა, არჩევნებზე მხოლოდ 160 ხმა მიიღოთ და როგორ ფიქრობთ, ეს 160 ხმა გეყოფათ?! თუ თქვენ ეყოფით 160 ხმას?!

160 ლარი, რომ გავყოთ 31-ზე დღეში 5,16 ლარი გამოდის, რაც საჭმლისთვის შეიძლება ეყოს მოხუცებულს. შესაძლოა, თქვენ არ იცოდეთ, ბატონო ზურაბ და პენსიონერები ზოგჯერ გარეთაც გადიან, მეტიც, ზოგჯერ ტრანსპორტითაც კი სარგებლობენ და როგორ ფიქრობთ, ამ დროს მძღოლს რომ თქვენი სახელი უხსენონ, უფასოდ იმგზავრებენ?!

ვეძებე და ვერაფრით ვნახე თქვენს მიერ გამოთქმული შეშფოთება მინისტრების, ან თუნდაც თქვენი კოლეგა პარლამენტარების მაღალ პრემიებზე, თუ ეს ის ხალხია, ვინც ხელფასს არ უნდა ეყოს?!

ინტერნეტში არსებული მასალების მიხედვით "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის ყოველთვიური ხელფასი 56 875 ლარია. წარმომიდგენია, როგორი რთული იქნება 56 875 ლარს "ეყოს" ადამიანი, თუმცა როგორც კულუარებში ამბობენ, ბატონი ზურაბი ამას ახერხებს: სავარუდოდ, ტანსაცმელს მეორადებში ყიდულობს, პურს - წინა დღისას, რადგან 20 თეთრით იაფია და თან კუჭისთვის სასარგებლოა.

ევროპისკენ მიმავალ გზას რომ ვადგავართ, კი გეცოდინებათ ეს და თუ კითხულობთ ევროპელი კოლეგების ინტერვიუებს? მეეჭვება, სადმე გენახოთ მსგავსი გამოთქმა, შეიძლება ფიქრობდნენ ეგრე, მაგრამ საკუთარ ტყავზე ზრუნავენ და იმიტომ არ ამბობენ. თუმცა, თქვენ იცით, რომ ხვალ რომელიმე პარტიას ამოფარებული ისევ პარლამენტში იქნებით და ნებისმიერ განცხადებაზე კარტ-ბლანში გაქვთ.

პრინციპში, თქვენ რას გემდურით, რასაც ფიქრობთ, ის თქვით. ჩვენ ვართ სასაცილოები და მეტის ღირსები, რომ ისევ თქვენ შემოგყურებთ იმედით, იქნებ 10 ლარი მოგვიმატოთ და მერე უკვე თქვენს მიერ თქმულ: "170 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 170 ლარს", ტაში დავუკრათ.

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია