დახვრეტილი სამღვდელოება - სასულიერო პირები ტრაგიკული აღსასრულით

დახვრეტილი სამღვდელოება - სასულიერო პირები ტრაგიკული აღსასრულით

ლენინი წერდა: "მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ ყველაზე გადამწყვეტი, დაუნდობელი ბრძოლა შავრაზმულ სასულიერო ფენასთან და ჩავახშოთ მათი წინააღმდეგობა ისეთი სისასტიკით, რომ მათ ეს არ დაივიწყონ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში", - ასე უცხადებდა ბრძოლას საბჭოთა კავშირის ბელადი ეკლესიას.

1921 წელს, როდესაც რუსული არმია ქართველ ბოლშევიკებთან ერთად შემოვიდა საქართველოში, ლენინმა თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანა. მან "სინდისის თავისუფლების" სახელით დაიწყო ეკლესია-მონასტრების დახურვა და ნგრევა. "სინდისის თავისუფლება" გულისხმობდა, რომ ადამიანებს თავად უნდა აერჩიათ, ეწამათ თუ არა. ბოლშევიკები აცხადებდნენ: "მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი შიმშილის ბრჭყალებში გამომწყვდეული სულს ღაფავდა, სამღვდელოება ქვებითა და კეტებით უძალიანდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ეკლესიებში თავმოყრილი საგანძურის გამოტანა. სამღვდელოებას არ სურდა, რომ ტყუილუბრალოდ ეკლესიებში დაყრილ ოქრო-ვერცხლის მაგივრად მშიერი ხალხისათვის პური ეყიდათ".

ეკლესიების ძარცვის პარალელურად, კომუნისტები აქტიურად ებრძოდნენ სასულიერო პირებს, ვინც გაბედავდა და ხმას ამოიღებდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

Ambebi.ge ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ინფორმაციას სასულიერო პირებზე, რომლებსაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯათ.

იოსებ ლეჟავა, რომელსაც ყველა მიტროპოლიტი ნაზარის სახელით ვიცნობთ. მძიმე პერიოდი დაუდგა საქართველოს 1921 წელს, როდესაც ქვეყნაში ბოლშევიკები შემოიჭრნენ. ეს სიმძიმე განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ეკლესიას დააწვა მხრებზე. 1924 წლის 27 აგვისტოს მიტროპოლიტი ნაზარი სოფელ როდინოულში წავიდა ეკლესიის საკურთხებლად სხვა სასულიერო პირებთან ერთად. ღამე სახლში დაბრუნება აღარ უხერხდებოდათ და იქვე დარჩნენ ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები. როდესაც ეძინათ, მათ ჩეკისტები დაესხნენ თავს, ყველანი გაკოჭეს და კონდახებით სცემეს. 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყებამ იფეთქა, რომელიც წინასწარ იყო განზრახული და ასევე, ყველაფერი იცოდა ბოლშევიკურმა მთავრობამ. როგორც 4 000 ქართველი აჯანყებული, ისე მიტროპოლიტი ნაზარი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს.

1924 წლის აჯანყების დროს დახვრიტეს სოფელ ახალსოფლის დეკანოზი გიორგი იოსების ძე ინაშვილი. მასთან ერთად მოკლეს მარტყოფის ეკლესიის მოძღვარი ივანე თუშმალაშვილი, ნორიოს ეკლესიის მოძღვარი გიორგი

მაცუკაძე და 12 პატრიოტი. ეს ჯგუფი ცდილობდა ქართული წითელი არმიის დანაყოფის გადმობირებას აგვისტოს აჯანყების დროს და გაერთიანებული ძალით ვაზიანის რუსული დანაყოფის განიარაღებას.

1983 წელს, რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ თვითმფრინავის გატაცება და ამერიკაში გაქცევა სცადა. ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები, მგზავრები და გამტაცებლებიც, თუმცა გამტაცებლების უმეტესობა სასამართლოს წინაშე წარსდგა. გამტაცებლებს შორის, ბრალდებულის სკამზე მღვდელი თეოდორე ჩიხლაძეც იჯდა. ისიც, როგორც ყველა, ტერორიზმის ბრალდებით. ყველა მათგანს სიკვდილი მიესაჯა, გარდა ორსული გოგონასი, რომელიც თვითმფრინავის გამტაცებელთა შორის იყო. თავად თეოდორე ჩიხლაძესაც, რომელიც საერთოდ არ ყოფილა იმ დროს ბორტზე, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა.

1932 წელს მღვდელი გიორგი მალანია ჯვრით ხელში ყაზბეგში, მდინარისკენ წავიდა წყლის საკურთხებლად. ეს ამბავი მაშინვე რაიკომს აცნობეს, მამა გიორგი კი ნელა მიდიოდა, იქნებ გზაში ვინმე შემომიერთდესო, თუმცა ჩეკისტების შიშით შეერთებას ვერავინ ბედავდა. ნეტარწამებულს უკან წამოსვლა აღარ აცადეს, ცოლ-შვილს აღარ ანახეს და ისე გაუყენეს შუა აზიისკენ გზას. ამბობენ, ამ დროს მამა გიორგი ბევრს ლოცულობდა, ცოდვები ყველას მიუტევა და ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლოვო. ის ტაშკენტის ციხის სასაფლაოზე დაკრძალეს...

1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ჩეკისტებმა კავთისხეველებსაც მიაკითხეს დასახვრეტად. ეს რომ გაიგო მამა პანტელეიმონ გედევანიშვილ, ჯვარი აიღო და განწირულების ჯგუფს დაედევნა. როდესაც ადგილზე მისულა, ჯერ პატიმრები დახვრეტილი არ ჰყავდათ. მან ბადრაგს სთხოვა, ესენი გაუშვით და მე დამხვრიტეთ, ამათი საქმე მიწის მოვლა-პატრონობა არისო. ბოლშევიკებმა არცერთი არ გაუშვეს, პირიქით, ერთი სიკვდილმისჯილი მამა პანტელეიმონის სახითაც დაემატა. როდესაც დახვრეტას იწყებდნენ, მამა პანტელეიმონმა ჯალათებს თხოვა, ამ საცოდავი ხალხის სიკვდილს ნუ მაყურებინებთ, ჯერ მე მომკალითო და ეს ბოლო თხოვნა შეუსრულეს კიდეც...

ძმები - ანდრია და პეტრე კარბელაშვილები 1924 წელს დახვრიტეს - მათ ქართული გალობა ჩაიწერეს და გადაარჩინეს კარბელაანთ კილო;

ნესტორ კონტრიძე, მღვდელი, მგალობელი, დასავლური გალობის უბადლო მცოდნე და გადამრჩენელი წამებისას შემოაკვდათ;

მელიტონ კელენჯერიძე, დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი. მართლმადიდებლური მრწამსისა და აქტიური თეოლოგიური საქმიანობის გამო საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი და შევიწროებული;

და სხვები...

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

"სამი შვილი მყავს და ცოლი - აღარ..." - რას ჰყვება წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნებული "ყიფო" პირადსა და "საქართველოს ვარსკვლავზე"

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

პური, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, რძე, თევზეული და ტკბილეული გაძვირდა