ეს საგანგაშოა! - ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეთა სტატისტიკა არ არსებობს

ეს საგანგაშოა! - ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეთა სტატისტიკა არ არსებობს

ზუგდიდში, სოფელ ქვემო კახათში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - შვილმა წამებით 70 წლის მამა მოკლა. მკვლელი ახალი დაბრუნებული იყო ფსიქიატრიული საავადმყოფოდან... \ახლახან სამტრედიის რაიონში 4 წლის ბავშვი ნათესავმა ბალიშით გაგუდა. დაკავებულის მეზობლები ამბობენ, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები საკუთარი შვილის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო... საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტრაგედიები არ მოხდებოდა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ცხოვრებას ვინმე რომ აკონტროლებდეს. სპეციალისტების თქმით, ისინი თავისუფლად დადიან ქუჩაში, ცხოვრობენ ან მუშაობენ ჩვეულებრივ გარემოში, სადაც მათი თავდასხმისგან არავინ არის დაზღვეული. "კვირის პალიტრა" შეეცადა, დაედგინა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მონიტორინგისა და მათი ქცევის მოსალოდნელი შედეგების რა პრევენციული მექანიზმები არსებობს. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის ასეთი ადამიანების რაოდენობაც კი არ არის ზუსტად ცნობილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი", რომელმაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა, სპეციალურ ანგარიშში აცხადებს, რომ 2011 წლის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირდა ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობების მქონე 67 736 და შიზოფრენიის მქონე 12 083 ადამიანი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მონაცემები არ ასახავს რეალობას და მსოფლიოს მოსახლეობაში შიზოფრენიის სიხშირის (პრევალენტობის) გათვალისწინებით, საქართველოში ამ სენით დაავადებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ უნდა აღემატებოდეს. ამ მოსაზრებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტიც ეთანხმება. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ბაზა მხოლოდ ამბულატორიულ აღრიცხვაზე მყოფი პაციენტების ხარჯზე შეიქმნა. ბაზაში არ არიან დაფიქსირებული ის ადამიანები, ვინც ფსიქიკური აშლილობის ან აფექტური მდგომარეობის გამო სტაციონარში ერთჯერადად მოათავსეს, არადა, წესისამებრ, სტაციონარიდან გამოწერილი პაციენტი უნდა დადგეს აღრიცხვაზე ამბულატორიულ დისპანსერში. ჯანდაცვის დეპარტამენტში ეჭვობენ, რომ ეს წესი, სავარაუდოდ, პაციენტის მოთხოვნით ირღვევა - ადამიანებს რცხვენიათ ამბულატორიაში მისვლა და როგორც თვითონ ამბობენ, "გიჟად შერაცხვა".

სპეციალისტთა თქმით, ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეთა არაზუსტი სტატისტიკის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ სოციალური სტიგმა მიიჩნევა. ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს გიჟებად მოიხსენიებენ, ამიტომაც ასეთი ადამიანები ან მათი ნათესავები, იმის შიშით, რომ საზოგადოებაში "თავი არ მოეჭრათ", სამკურნალო დაწესებულებებს გაურბიან და ხშირად ოჯახურ გარემოში არჩევენ მკურნალობას. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია, როცა ბავშვს აქვს ფსიქიკური აშლილობა. საქმე იქამდე მიდის, რომ კარის მეზობლებმაც კი არ იციან დაავადებული მოზარდის არსებობა, რომელიც მშობლებს გარეთაც არ გამოჰყავთ. "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა" გაახმაურა შემთხვევა, როცა მამას საწოლზე ჯაჭვით ჰყავდა დაბმული გოგონა, ვიდრე მეზობლებმა არ გაიგეს და საპატრულო პოლიციას არ უხმეს ჯაჭვით დაბმული ბავშვის დასახმარებლად.

ნესტან ლონდარიძე, "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" იურისტი: - "ადამიანის უფლებათა ცენტრის ხანგრძლივი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უფლებები ირღვევა ორი მიმართულებით: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი არღვევს მსხვერპლთა უფლებებს და ირღვევა ამ პირების, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა, უფლებები. მოკლედ, საგანგაშო მდგომარეობაა.

ქუჩაში ბედის ანაბარად დარჩენილი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების უმრავლესობა მეურვის მსხვერპლია.

მეურვედ მათ ნათესავი ენიშნებათ, მაგრამ ამ მოვალეობას ბევრი გაურბის. ვინც თანხმდება, სამწუხაროდ, ხშირად ბოროტად სარგებლობს მეურვეობის ქვეშ მყოფთა მდგომარეობით, უსახლკაროდ ტოვებს, შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰყავთ და სამუდამოდ უარს ამბობენ მათზე. არადა, ეს ადამიანები საავადმყოფოში ხომ ვერ დარჩებიან?

ნებისმიერ ფსიქიკურ დაავადებას აქვს რემისიის პერიოდი, როცა პაციენტი უნდა გაეწეროს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, გარეთ გამოსული კი აღმოაჩენს, რომ მეურვემ გაძარცვა და იძულებულია, ქუჩაში ათიოს ღამე. ამიტომ მეურვეობის ინსტიტუტი უნდა შეიცვალოს, რაც გაზრდის სამეურვეო პირთა უფლებებს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია