როგორ აიგო ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდები - ძველი და ახალი ხიდების უცნობი დეტალები

როგორ აიგო ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდები - ძველი და ახალი ხიდების უცნობი დეტალები

ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდი თბილისში ერთმანეთის გვერდი-გვერდ არის აგებული, ოღონდ, მათ შორის სხვაობა ის არის, რომ ერთი საკმოდ ძველი და ისტორიულია, მეორე კი სრულიად ახალი, რამდენიმე წლის წინ აშენდა... და კიდევ, ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ საფეხმავლოა.  

მოკლედ, ვაგრძელებთ თემას თბილისის ხიდებზე. გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ალექსანდრე ბოშიშვილი:

ბარათაშვილის ხიდი

- დედაქალაქში ხიდი არაგვის ერისთავმაც ააგო. როგორც პლატონ იოსელიანი წერდა: "არაგვის ხიდი აშენებულია XVII საუკუნის დამდეგს, არაგვის მრისხანე ერისთავის, ნუგზარის მიერ...", მაგრამ ამ ხიდმა დიდხანს ვერ იარსება. დანგრევის შემდეგ, მისი ბურჯები მდინარის ნაპირებზე დიდხანს ჩანდა და მათი ნაწილი, XX საუკუნის დასაწყისში, ახალი ხიდის მშენებლობისას აუფეთქებიათ.

ხიდი არაგვის ერისთავმა კი ააგო, მაგრამ ის მუხრანბატონების სახლების მახლობლად იყო განლაგებული, ქუჩასაც მუხრანის ქუჩას ეძახდნენ და მას "მუხრანის ხიდი" დაერქვა. კარგა ხანს ასეც იყო ცნობილი, მაშინაც კი, როცა იქ ხიდი აღარ არსებობდა, ადგილს მაინც "მუხრანის ხიდს" ეძახდნენ. XIX საუკუნის პრესაშიც ასე მოიხსენიებოდა...

XIX საუკუნეში, ამ ადგილას, მტკვარზე საბორნე გადასასვლელი მოქმედებდა. მას "მუხრანის ხიდის ბორანი" ერქვა. მტკვარი ბორანს ხშირად, თითქმის ყოველ წელს, იტაცებდა. ბორანი კი კერძო პირებზე იჯარით იყო გადაცემული...

- ცხადია, ეს მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა...

- დიახ და უმეტესად ავლაბრისა და ჩუღურეთის მოსახლეობა ამ ადგილას ხიდის აგებას ითხოვდა. ამიტომაც დადგა საკითხი და ქალაქის მმართველობა იძულებული გახდა, ხიდი აეგოთ. ამის შესახებ დადგენილება 1881 წელს მიიღეს, 1882 წელს ინჟინერმა უმანსკიმ ქალაქს ხიდის პროექტი წარუდგინა, მაგრამ სიძვირის გამო დაიწუნეს და პროექტის შედგენა ინჟინერ ლორმანს დაევალა, რომლის პროექტის ღირებულება უმანსკის პროექტის ღირებულების თითქმის ნახევარი იყო. თითქოს ხიდის აშენებას ხელს აღარაფერი უშლიდა, მაგრამ ახლა მტკვრის მარცხენა ნაპირზე მცხოვრები მოქალაქე ახნაზაროვი არ თმობდა მის კუთვნილებაში არსებულ მიწას, ეს პროცესი 1892 წლამდე გაგრძელდა, სანამ სანკტ-პეტერბურგიდან მისი მამულის იძულებითი შესყიდვის შესახებ არ იქნა ნებართვა მიღებული. პირველადი მოთხოვნილება 10 ათასი მანეთი 30 ათასამდე აიყვანა, და შემდეგ მაინც უარი განაცხადა გაყიდვაზე, მიღებული ნებართვის მიღების შემდეგ, თბილისის მმართველობამ სპეციალური კომისია დაადგინა, რომელმაც ახნაზაროვის ქონება მტკიცე ფასებში შეაფასა და ამის მიხედვით გაისტუმრა მეპატრონე.

- საბოლოოდ, რა პროექტი შეიმუშავეს ხიდის ასაგებად?

- კიდევ რამდენიმე პროექტი შეიმუშავეს, საბოლოოდ, კი 1911 წელს, შედუღებისა და ხიდების მშენებლობაში ცნობილი მეცნიერის და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პატონის პროექტზე შეჩერდა არჩევანი. ხუთ თვეში აიგო ლითონის ერთმალიანი ხიდი. ლითონის ხიდის მალი შეკიდული იყო ურთიერთდაკავშირებულ ლითონის კონსტრუქციებზე, ხიდის ფენილი მოწყობილი ხის ძელებით გახლდათ. მშენებლობისას ააფეთქეს ძველი ხიდის ბურჯები. სახელწოდება "მუხრანის ხიდი" ახალ აშენებულ ხიდზე მემკვიდრეობით გადავიდა.

დღევანდელი ხიდი კი, რომელიც უკვე ბარათაშვილის სახელით არის ცნობილი, შედარებით გვიან, 1965 წელს აშენდა (არქიტექტორები - ყავლაშვილი, ქურთიშვილი; ინჟინერი - ქარცივაძე), რადგან ძველი ხიდი სივიწროვის გამო ვეღარ აუდიოდა სატრანსპორტო საშუალებების გამტარიანობას. ბოლოს აგებული ხიდი სამმალიანი, ორიარუსიანი და ორბურჯიანია. სიგრძე - 160 მ-ია, სიგანე - 26 მეტრი. ზედა იარუსზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობა, არის ლამპიონებით განათებული. 2006 წელს ხიდზე მოქანდაკე - გია ჯაფარიძის ქანდაკებების სკულპტურული კომპოზიცია - "პაემანი" დაიდგა.

ხიდის ქვედა იარუსზე ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარებია მოწყობილი, რომელთა შორის განლაგებული იყო კაფე, საგამოფენო დარბაზი, კლუბი და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები.

მშვიდობის ხიდი

ამ ხიდის შესახებ ინფორმაცია ადვილად შეიძლება მოიძიოს დაინტერესებულმა პირმა, რადგან სულ ახლახან არის აშენებული. იგი მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის, მდინარე მტკვარზე საფეხმავლო ხიდი გახლავთ.

ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს ერთმანეთთან აკავშირებს. იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის პროექტით არის აგებული, ხოლო განათების დიზაინერია - ფილიპ მარტინო.

მშვიდობის ხიდი ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით, 2009-2010 წლებში აშენდა. ოფიციალურად კი 2010 წლის 6 მაისს გაიხსნა. მისი კარკასი ლითონის კონსტრუქციაა, ხოლო შემავსებელი - მინის პანელები, რომლებიც მთლიანობაში 150 კვ.მ ფართობის მქონე ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ოთხ მძლავრ ფოლადის სვეტს ეფუძნება, ხოლო ბილიკი კარკასზე ბოგირებით არის ჩამოკიდებული. ხიდის საერთო სიგრძე 156 მეტრია. მასზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II-ის ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ, სანაპირო ხეივნებიდან კიბეების მეშვეობით. ღამით იგი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც 50 000-მდე ნათურა უზრუნველყოფს. ხიდი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს, რაც ძველი თბილისის მოცემულ ტერიტორაზე, გარკვეულწილად სიახლეა.

- ჰო, მაგრამ ამ ხიდმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი წარმოქმნა...

- ხიდის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი არსებობს, ცნობილია პროფესიული წრეებიდან ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები, როგორც ურბანისტულ-არქიტექტურული კუთხით, ასევე საპროექტო-სამშენებლო პროცესის გამჭვირვალობის და მასში საზოგადოების მონაწილეობის კუთხით, და სხვა. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ის მისაღებია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე დაგაინტერესებთ| თბილისის ყველაზე ძველი და მრავალჯერ დანგრეული ხიდი და მისი საოცარი ისტორია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია