შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას იწყებს

შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას იწყებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - "არა ძალადობას!" იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. უწყების განმარტებით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული კამპანიის პრეზენტაციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მისი მოადგილე ლევან იზორია, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პარლამენტის წევრები, აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, INL-ის უფროსი ტრეისი ნიუველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"სტუმრებისთვის კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის "ძალადობა დასჯადია" ჩვენება გაიმართა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში სატელევიზიო ეთერში განთავსდება. რგოლის მიზანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: "112" ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა. "კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს-ს აკადემიის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შსს-ს თანამშრომლებს, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ. სპეციალურად გადამზადებული უბნის ინსპექტორები კონფლიქტური ოჯახების პერიოდულ კონტროლს, ანალიზს და შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ", - აცხადებენ სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

მათივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორები საქართველოს მასშტაბით შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება. შეხვედრებს გამართავს შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან: შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე და ფსიქოლოგი თამარ გოგოტიშვილი.

კამპანიაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, ოჯახში ძალადობის თემაზე გამოცხადდება კონკურსები ჟურნალისტებისთვის - საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარზე და მოქალაქეებისთვის - საუკეთესო სლოგანზე, ლოგოსა და ფოტოსურათზე. კონკურსებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და საჩუქრებით შსს-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMAN-სგან.

კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართება "ბრავო რეკორდსში" ჩაწერილი კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერისა და სიმღერაზე "არტ პალასის" მიერ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა. სიმღერას ქართველი მომღერლები ასრულებენ. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ თემას მიეძღვნება თოქ-შოუები და რადიოგადაცემები, დაგეგმილია ქუჩის სხვადასხვა აქცია და აქტივობები სოციალურ ქსელში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია