"რამე თუ არ მოიფიქრეს, ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია" - საცობის მსხვერპლი ცნობილი ქალბატონები

"რამე თუ არ მოიფიქრეს, ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია" - საცობის მსხვერპლი ცნობილი ქალბატონები

ბოლო დროს ჩვენს ქალაქში საცობი ძალიან ბობოქრობს. ადამიანებს საათობით უწევთ ქუჩაში გაჩერება, რაც დროის უაზრო კარგვა და ზედმეტი გაღიზიანებაა.

გამოუვალი მდგომარეობა ზოგადად არ არსებობს და ალბათ, ამ ჯადოსური საცობისგანაც შეიძლება თავის დაღწევა, მაგრამ ამაზე როგორ ჩანს, ჯერ სერიოზულად არავინ ფიქრობს, ან ფიქრობს და ვერ აგვარებს.

ბოლო დროს სააკაძის მოედანი იქცა საცობის ეპიცენტრად. აქაც რომ გაეკეთებინათ ერთი ესტაკადა, იქნებ ცოტა საშველი მაინც გვქონოდა?

ხშირად საცობს წვიმასაც აბრალებენ, არაკვალიფიციურ მძღოლებს, გაუმართავ ავტომანქანებს, გზას და კიდევ ქალ მძღოლებს, რომლებიც მართლაც მომრავლდნენ.

Ambebi.ge ამჯერად საკმაოდ გამოცდილ მძღოლ ქალბატონებს შეეხმიანა და ამ მწვავე თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება სთხოვა.

ლალი მოროშკინა:

- გუშინ დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ვიყავი საცობის მსხვერპლი. ეს იყო დრო, ზუსტად გამეანალიზებინა, რაშია საქმე. როგორც გამოცდილმა მძღოლმა შემიძლია ვთქვა, რომ თუ მანქანა ოდნავ მაინც გაუმართავია, საცობის მაგვარ სიტუაციაში, სადაც ხშირად გიწევს მუხრუჭის გამოყენება, ის მწყობრიდან გამოდის. მაგალითად, სააკაძის მოედანთან, მინიმუმ 30 კაპოტახდილი მანქანა მაინც იდგა, რაც კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას.

საცობი ჩემი დაკვირვებით, განპირობებულია სატრანსპორტო საშუალებების მოზღვავებითაც, ეს არ ეხება გზების გაუმართაობას, არც წვიმით გამოწვეული პრობლემაა, საქმე გვაქვს უმეტესად, გამოუცდელ მძღოლებთან. ამასთან, საჭესთან ქალბატონები მომრავლდნენ, ასევე ბევრი ასაკში შესული, მაპატიონ და მოხუცი მძღოლია, რომელთაც საჭესთან რეაქციები შენელებული აქვთ. წვიმიან ამინდში კი განსაკუთრებით უჭირთ სიტუაციასთან გამკლავება.

- მიგაჩნია, რომ ეს მაინც უპირველესად გაუმართავი მანქანების ბრალი?

- კი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებს არ გააჩნიათ კულტურა. საცობი მარტივად დაიძლეოდა, ერთმანეთის დათმობის კულტურა რომ არსებობდეს. აქ ამბავი იმაზეა, გზაზე ვინ ვის გადაუსწრებს. გუშინ საცობში სკოლებიდან გამოსული ბავშვების მიკროავტობუსები იყვნენ გაჭედილები. მათ რომ ვუყურებდი, ტირილი მინდოდა, ამდენი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა ტრანსპორტში და ელოდებოდა, როდის გაიხსნებოდა გზა. სააკაძის მოედანზე ერთი ორი ასეთი მანქანა კი გავატარე, რამდენიმემ სპეციალურად გადაუხერგა.

ასეთ დროს პანიკა არ მახასიათებს, რადგან რაც არ უნდა ინერვიულო, ვითარებას ვერ განმუხტავ და მეც ცოტა განვიტვირთე, გუშინდელ საცობს იუმორითაც შევხედე... ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში სკოლის ავტობუსებს მაინც უნდა აცილებდეს საპატრულო პოლიცია. სამწუხაროა ასევე, რომ "სასწრაფოს'' მანქანების გატარების კულტურაც არ არსებობს. მოკლედ, შორს ვართ ფაქტებისა და მოვლენების კულტურული აღქმისგან, თუნდაც საცობის, რომელიც ცივილიზაციის თანმდევია.

ნინა წკრიალაშვილი:

- გარეთ გასვლა აღარ მინდა, დილიდანვე პიკი საათია. რამე თუ არ მოიფიქრეს, ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია. ამას წინათ სააკაშვილი ერთ-ერთ ჩართვაში რაღაც რჩევას აძლევდა ბატონ ნარმანიას და იქნებ მონახონ ის მასალა. ვცადოთ, შესაძლოა, ქუჩები განიტვირთოს? ჭკვიანი კაცია, სწორი გეგმა ექნება.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ბევრი მანქანა და არასწორი მარშრუტი მგონია და კიდევ ის, რომ ყველა სამსახური არ უნდა მთავრდებოდეს ერთი და იმავე დროს. ზოგი უნდა მთავრდებოდეს 6 საათზე, ზოგი - 7-ზეც და კიდევ შეიძლება რამის მოფიქრება. ასევე სინათლეც უნდა იყოს სტაბილურად, რომ შუქნიშანი არ იყოს გათიშული...

ნინო გაჩეჩილაძე:

- საცობზე რა უნდა ვთქვა? ნერვები აღარ მყოფნის. ამ ყველაფრის გადამკიდემ, ლამის ფეხით ვიარო... ასევე მფრინავ "მანქანაზეც" ვოცნებობ, - ეს იუმორით რომ გიპასუხოთ, ასეა.

ახლა სერიოზულად რომ ვთქვა, ალბათ, თბილისის მერიამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, თორემ თბილისი მალე საცობებით მოსკოვს გაასწრებს.

გუშინ საღამოს მეც აღმოვჩნდი ამ საშინელების ტყვე. "რუსთავი 2"-ში მივდიოდი და გადაღებაზე დამაგვიანდა...

- ამბობენ, რომ მოძრაობას ქალები აფერხებენ და ეს ქაოსი სწორედ ამიტომ ხდება...

- კი, მართალია, სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობამ მანქანის ტარება არ იცის. ხშირად შემხვედრია ქალი მძღოლი, რომლებიც ტარების აზრზე არ არის და მუდმივად ავარიულ სიტუაციას ქმნის...

- წვიმა აფერხებს მოძრაობას, თუ დაბალი კვალიფიკაციის მძღოლები?

- არა მგონია, წვიმის ბრალი იყოს. უბრალოდ, წვიმაში უფრო ნელა მოძრაობ, რომ მანქანა არ მოგიცურდეს. მოძრაობას უვიცი მძღოლები აფერხებენ...

ლიზა ვადაჭკორია:

- ზუფხულში ბარსელონაში ვიყავი, სადაც ტურისტები მოსახლეობაზე მეტია. ზღვა ხალხი დადის, მაგრამ საცობები იქ არ არის. იცით, რატომ? უძველესი ქალაქის მიწისქვეშ უზარმაზარი პარკინგებია გაკეთებული და შესაბამისად, ქუჩაში მდგარ მანქანას ვერ დაინახავ...

ჩვენთან ახალ კორპუსებს რომ აშენებენ და მიწისქვეშა პარკინგები არ არის გაკეთებული, ეს ვის გაუგია?!

თან, ცენტრში არ უნდა შენდებოდეს მაღალსართულიანი შენობები. თითოეულს პარკინგი უნდა ჰქონდეს და ქუჩაში პარკინგი აიკრძალოს. უნდა დაემატოს ესტაკადები...

მოკლედ, მერიას ბევრი სამუშაო აქვს, თუ სურვილი ექნებათ, გამოსავალიც მოიძებნება. ევროპის მაგალითი უნდა ავიღოთ და ყველაფერი მოგვარდება...

ლიკა ყაზბეგი:

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ვისაც ევალება გზებისა და ტრანსპორტის რეგულირება, სათანადოდ ვერ ასრულებს მოვალეობას. ამ სამსახურის არაპროფესიონალიზმის გამოა, რომ ქალაქში ასეთი საცობებია და ალბათ მანქანების რაოდენობაც მომრავლდა. ეს არის რეალობა.

გუშინ საცობში ვაკეში მოვყევი და ძალიან დიდხანს მივდიოდი დანიშნულების ადგილამდე.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია