მკვლელობა, ცემა, გაუპატიურება... - საგანგაშო მონაცემები და მოქალაქეთა პროტესტი პარლამენტთან

მკვლელობა, ცემა, გაუპატიურება... - საგანგაშო მონაცემები და მოქალაქეთა პროტესტი პარლამენტთან

შეწყდეს საქართველოში ქალების მკვლელობა, ცემა, გაუპატიურება, - ასე გამოეხმაურნენ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს საქართველოში. პარლამენტის შენობის წინ ქალებმა მამაკაცების მხრიდან ძალადობა დაგმეს. სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქციის მონაწილეებმა მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში 24 ქალი მოკლეს და ამ რიცხვს 25-ე აღარ უნდა შეემატოს.

დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა 21 წლის გიტა უჩავას ახლობლებიც. გიტა უჩავამ 14 სექტემბერს, ვარკეთილში 80 აბი ნოშპა დალია და თავი მოიკლა. ოჯახის წევრები უჩავას ქმარს ცოლის მუდმივ ცემაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სწორედ ქმრის ზეწოლას ვერ გაუძლო უჩავამ და თვითმკვლელობა გადაწყვიტა.

"არაფრით არ გავჩერდები თუ ზომებს არ მიიღებენ. მკვლელებს გარეთ რა უნდათ?! ქურდებს იჭერენ იმიტომ, რომ ქურდს შია და მოიპარა, გარემოვაჭრეებს აჯარიმებენ და პროდუქტს ართმევენ და ცოლის მკვლელები ქუჩაში უნდა დაიარებოდნენ?!", - აცხადებენ გიტა უჩავას ოჯახის წევრები.

რაც შეეხება აქციის სხვა მონაწილეებს, მათი პოზიცია ასეთია: "ჩვენ ვითხოვთ პირველ რიგში ხელისუფლებისგან, რომ პრევენციული ზომები გაატარონ. მოვუწოდებთ ხელისუფლების სამივე შტოს, ყველა ზომა მიიღოს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. მოვითხოვთ, რომ ქალები დაცული იყვნენ ძალადობისგან. ჩვენი ადრესატი არის სახელმწიფო და თითოეული ადამიანი. მარტო სახელმწიფო ვერ შეძლებს ამ ძალადობის შეჩერებას. ძალადობის აღმოფხვრაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის აქციას შეურთდნენ დეპუტატებიც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობა და უმცირესობა ერთიანია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, ყველას, ვისაც ქალზე უძალადია, ეს მისი უძლურების გამოხატულებაა. უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა პრობლემაა საქართველოში და ასეთი საზოგადოებრივი აქტივობები ძალიან კარგია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით კი, ქართული კანონმდებლობა ძალადობის აღმოფხვრისთვის ცუდი არ არის, თუმცა არც საკმარისია.

"უნდა გავითვალისწინოთ ევროპული გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ ყველა დონეზე ამ საკითხის განხილვისთვის. მხოლოდ კანონმდებლობა პრობლემას ვერ მოხსნის", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მათ შეიმუშავეს პეტიციაც, რომლითაც საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს სხვადასხვა რეკომენდაციებს აძლევენ. კერძოდ, პეტიციაში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული თანასწორობისა და არაძალადობრივი კულტურის დანერგვის მიზნით, გენდერული თანასწორობა გახდეს სკოლამდელი და სასკოლო განათლების შემადგენელი ნაწილი. ასევე ოჯახში ძალადობის დანაშაულის პრევენციის მიზნით, ჩამოყალიბდეს მულტიდისციპლინარული ჯგუფები, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, უბნის ინსპექტორისა და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც იმუშავებენ პრობლემურ ოჯახებთან. უზრუნველყოფილი იქნას ქალთა მიმართ ძალადობის ყოველ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება, უზრუნველყოფილი იქნას ქალთა თანასწორობა დასაქმების სფეროში, აღმოიფხვრას დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო შრომით ურთიერთობებში. გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში სათანადოდ გადამზადდნენ საჯარო მოხელეები, მათ შორის პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს მოხელეები.

აქციის მონაწილეების თქმით, არაძალადობრივი კულტურისა და გენდერული თანასწორობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში თანამდებობის პირებმა და საჯარო მოხელეებმა პირადი მაგალითების მეშვეობით უნდა შეიტანონ წვლილი. ამ პეტიციას დღეს აქციის მონაწილეებმა მოაწერეს ხელი და მას უკვე პარლამენტში, მთავრობაში და უზენაეს სასამართლოში გადააგზავნიან.

დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია "არა ძალადობას!" დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

"გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი მეთერთმეტე დაოჯახებული ქალი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. რესპონდენტთაგან 34.7% ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 35.9%-ის თქმით, მათი მეუღლეები აკონტროლებენ მათ საქმიანობას. ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 78% თვლის, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემად უნდა დარჩეს და ოჯახის ფარგლებშივე მოგვარდეს. შესაბამისად, რესპონდენტების მხოლოდ 1,2%-ს მიუმართავს სახელმწიფო უწყებებისთვის (პოლიცია, საავადმყოფო, სასამართლო) ძალადობის შემთხვევაში.

ლექსო ნაბახტეველი

იხილეთ ფოტოგალერეა: ცნობილი ადამიანები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია