ცნობილი ადამიანების მიერ შვილებისთვის დატოვებული წერილები და ანდერძები

ცნობილი ადამიანების მიერ შვილებისთვის დატოვებული წერილები და ანდერძები

მამათა და შვილთა ბრძოლა მარადიული თემაა - წინა თაობას არასდროს მოსწონს ახალი თაობის ნამოქმედარი. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც, თუმცა მამები, თავის სათქმელს ყოველთვის მაინც ამბობენ და შვილებს ზოგჯერ ანდერძად, ზოგჯერ დარიგებად, შეგონებად უტოვებენ, რომელშიც მოცემულია მთელი ცხოვრების სამოქმედო პროგრამა, თუ გნებავთ, კანონიც კი.

Ambebi.ge ასეთ ოთხ "წერილ-ანდერძს" გთავაზობთ, რომლებიც მსოფლიო კლასიკოსებს ეკუთვნით და საკუთარი შვილებისადმია მიწერილი.

კონსტანტინე გამსახურდია - "წერილი ვაჟისადმი":

"მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: "ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს". ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.

შენი მამიკო. 1955 წელი".

პ.ს. ქართველი კაცი, მითუმეტეს ქართველი მეცნიერი, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს თავის ერს და სამშობლოს, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან, უნდა იღწვოდეს მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ათასნაირ "ჭეშმარიტებას!" მაშინ ხარ ბრძენკაციც და მხოლოდ ამას ჰქვია ერისკაცობაც, სხვას კი არაფერს!

ჩარლი ჩაპლინის წერილი ქალიშვილისადმი:

"ჩემო გოგონა!

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან,… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებოდი! ხან მძინარი მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: "გამშორდი!" მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: "ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ, ჩარლის რომ ეძახდნენ?"

ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით, მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება, ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: "ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?" შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა, იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია. ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკიანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარისა ხარ - ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა, მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ, რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: "მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!"

დიახ, შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს. როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს - შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის ჩირაღდნების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს…

ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ. არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს - ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ, გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი, ამ დემონის მაცდური ძალა,…ჯერალდინა, დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა, ჩემო გოგონა, - ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის, ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…სამუშაო ძნელი გაქვს. ვიცი სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე.…

ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი.

მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს ჯერალდინა, მე მინდა, რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.

ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა, მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, - ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.

ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა, გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე - იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი"

ლევ ტოლსტოის წერილი შვილებს - "ვიდრე დაქორწინდებოდეთ":

"ჩემო ძვირფასო მეგობარო ილია, შენ მიერ ტანიასთვის მიწერილი წერილი უკვე მოვიდა. ვხედავ, თანდათან უახლოვდები დასახულ მიზანს. მსურს ორივეს მოგწეროთ - ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს ეტყვი ჩემი შეხედულების შესახებ. ჩემთვის ეს დიდი შესაძლებლობაა, რომელსაც სიამოვნებით და ამავდროულად შიშით ვუყურებ. ასე ვფიქრობ: თუ ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის ქორწინდება, ამისგან კარგი არაფერი გამოვა. აქციო ქორწინება ძირითად მიზნად ისე, რომ სხვა ყველაფერი გვერდზე გადადო - ასეთ შემთხვევაში, ქორწინება როგორც კავშირი მასთან, ვინც გიყვარს, დიდი შეცდომა იქნება. ეს ძალზე ნათელია, თუ დაუფიქრდები. მიზანი ქორწინებაა? კარგი დაქორწინდი, მაგრამ შემდეგ? თუ სხვა მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში, ორჯერ რთული გახდება შენთვის რომ იპოვო.

როგორც წესი, ადამიანები ქორწინდებიან და ივიწყებენ ამის შესახებ. მათ ხომ მშვენიერი მოვლენები ელოდებათ წინ: ცოლქმრობა, ბავშვები... ეს მოვლენები თითქოსდა აყალიბებენ კიდეც ცხოვრებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საშიში ილუზიაა.

მშობლები რომლებიც, ყოველ დღეს, მხოლოდ ბავშვების აღზრდაში ატარებენ და სხვა მიზანი არ გააჩნიათ, საკუთარი ცხოვრების არსის შეცნობას გვერდზე დებენ და სასჯელი, რომელიც მათ საბოლოოდ ეწვევათ, არის ის, რომ არ იციან რისთვის ცხოვრობენ. ისინი გვერდზე დებენ ამ კითხვას, მაგრამ ვერსაც გაექცევიან, რადგან მოუწევთ აღზარდონ შვილები, წინ გაუძღვნენ, მაგრამ ვერაფერ ღირებულს ვერ ასწავლიან. ამის შემდეგ ისინი საკუთარ ღირსებებს კარგავენ და ბედნიერებას, რომელიც მათ ქონაზეა დამოკიდებული და მხოლოდ მოსაშენებელ ნახირს ემსგავსებიან.

ამიტომაც ვთვლი, რომ ადამიანებმა, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, რადგან ფიქრობენ, რომ უკვე მზად არიან ამისთვის, უფრო მეტად უნდა აიძულონ თავი, ნათლად გაერკვნენ საკუთარ აზრებში. იმისათვის, რომ გაერკვე, საჭიროა, განიხილო ის ვითარება და პირობები, რომელშიც გიწევს და გიწევდა ცხოვრება. განსაზღვრე, რას მიიჩნევ მნიშვნელოვნად ცხოვრებაში და რას - არა. გაიგე რისი გწამს, რას მიიჩნევ მუდმივ და შეუცვლელ ჭეშმარიტებად და რით ხელმძღვანელობ ცხოვრებაში. და არა მხოლოდ აღმოაჩინე, არამედ დაალაგე კიდეც გონებაში და ეცადე პრაქტიკაში გაატარო. ისწავლე როგორ გამოიყენო პრაქტიკულად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ვიდრე არ გამოცდი, ვერ შეძლებ თქვა გრწამს თუ არა.

ვიცი შენი რწმენის შესახებ და ეს რწმენა, ან შენს საქციელში მისი ყოველი გამოვლინება, უფრო ნათლად ვიდრე ოდესმე, უნდა ჩამოაყალიბო გონებაში და პრაქტიკული გზით განაწრთო.

შენი რწმენა ისაა, რომ შენი კეთილდღეობა შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთაც უყვარხარ და გიყვარს. ამის მისაღწევად, მაქვს სამი სტრატეგია, რომელსაც მუდმივად ვიყენებ. მათი პრაქტიკაში გატარება არასდროს არის საკმარისი და ახლა ეს შენ აუცილებლად გჭირდება.

პირველი, იმისათვის, რომ შეძლო ადამიანების სიყვარული და მათგანაც დაიმსახურო, აუცილებლად უნდა მიეჩვიო, რომ რაც შეიძლება ნაკლებს ელოდე მათგან - ეს ძალზე რთული რამაა. თუ ბევრს ველი მათგან და ამის გამო, ხშირად მიცრუვდება იმედი, საბოლოოდ იძულებული ვარ, უფრო საყვედურებით ავივსო მათ მიმართ, ვიდრე მიყვარდეს.

მეორე, იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები საქციელით და არა სიტყვებით, აუცილებლად უნდა აკეთო ის, რასაც მათთვის სარგებელი მოაქვს. ამასაც მძიმე შრომა სჭირდება, განსაკუთრებით შენს ასაკში, როდესაც ამის სწავლა ადამიანის ბუნებრივი მოვალეობაა.

მესამე, იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები და მათაც უყვარდე, აუცილებელია ისწავლო თანაგრძნობა, მორჩილება და რთულ ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობა - მათთან ისე მოქცევის ხელოვნება, რომ არ აწყენინო. ეს ყველაზე რთული სამუშაოა, რომელიც არ უნდა შეწყვიტო იმ წუთიდან როცა გაიღვიძებ, წუთამდე როცა ისევ ძილს მისცემ თავს. ამასთან, ის ყველაზე სასიამოვნო საქმეა, რადგან დღიდან დღემდე იზეიმებ შენი ზრდისა და განვითარების წარმატებას და საბოლოოდ მიიღებ დამატებით ჯილდოს, რომელსაც თავდაპირველად ვერ შეამჩნევ, მაგრამ ძალზე სასიამოვნო გახდება მომავალში - ეს იქნება სიყვარული სხვა ადამიანთა მხრიდან.

ასე რომ, ჩემო მეგობარო ილია, გირჩევთ ორთავეს, იცხოვრეთ და იფიქრეთ იმდენად გულწრფელად, რამდენადაც შეგიძლიათ, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ აღმოაჩინოთ ნამდვილად ერთ გზაზე მიდიხართ თუ არა და ჭკვიანურია თუ არა, რომ დღეს ერთმანეთს ხელები ჩაკიდეთ? და თუ გულწრფელები ხართ, მომავლისთვისაც მზად ხართ.

თქვენი ცხოვრების მიზანი ქორწინებისგან სიამოვნების მიღება კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იღვწოდეთ, რათა სიყვარული და ნდობა დანერგოთ დედამიწაზე. ქორწინების მიზანია, ადამიანები ერთმანეთს დაეხმარონ ამ მიზნის მიღწევაში.

ყველაზე დიდი დანაშაული და ეგოიზმი ისაა, როცა ადამიანები მხოლოდ იმისთვის არიან ერთად, რომ ცხოვრებით ისიამოვნონ. და ყველაზე ღირსეული მოწოდება ამ სამყაროში იმათ აქვთ, ვინც იმისთვის ცოცხლობს, რომ უფალს ემსახუროს ამ სამყაროში კარგი საქმის კეთებით.

ნუ აურევ ერთმანეთში მცირედსა და რეალურს. რატომაც არ უნდა აირჩიოს ადამიანმა ყველაზე დიდი მიზანი?! მაშინ როცა ყველაზე დიდ მიზანს აირჩევ, უნდა მთელი გულით მისდიო მას. ნუ აირჩევ მცირე მიზნებს, უბრალოდ მათ არაფრისკენ მივყავართ. დავიღალე წერით, თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი. გკოცნი."

მიხეილ ჯავახიშვილის ანდერძი

მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის შვილს - ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა - "ჩვენი დროის ათი მცნება".

"ჩვენი დროის ათი მცნება

1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.

3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.

10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი - შრომა, მეორე - შრომა და მესამე - შრომა.

შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი"

ლალი ფაცია

მომზადებულია სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია