ჯარისთვის თავის არიდების სტუდენტური ხრიკი თუ თსუ-ს მექანიზმი ფულის კეთებისთვის - ახალი რეგულაცია და გამოხმაურებები

ჯარისთვის თავის არიდების სტუდენტური ხრიკი თუ თსუ-ს მექანიზმი ფულის კეთებისთვის - ახალი რეგულაცია და გამოხმაურებები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთი სემესტრის წინ მიდგომა შეცვალა. სტუდენტებს, რომლებსაც ერთი სემესტრის გარდა, კიდევ დაემატებათ სხვა სემესტრ(ებ)ი, ისინი კრედიტზე მიბმულ თანხას არ გადაიხდიან, მათ სრულად მოუწევთ სემესტრული ღირებულების თანხის, 1125 ლარის გადახდა. შეგახსენებთ, რომ კრედიტის ღირებულება ორმოც ლარს შეადგენს.

Ambebi.ge დაინტერესდა, რატომ შემოიღო უნივერსიტეტმა ასეთი რეგულაცია და რას ფიქრობენ ამაზე სტუდენტები. უნივერსიტეტის პოზიციაზე ჩვენთან თსუ-ს ხარისხის კონტროლის უფროსმა თამარ ვეფხვაძემ ისაუბრა:

"უპირველეს ყოვლისა, ეს ძალიან აქტუალური შეკითხვაა და უნივერსიტეტისთვის ძალიან მტკივნეულიც. ამ ცვლილების შეტანა ადვილი არ გახლდათ, თუმცა ეს ყველაფერი ობიექტურმა გარემოებამ გვაიძულა. საქმე ის არის, რომ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს თუ ჩახედავთ, იქ ნახავთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელშეწყობა აქვთ სტუდენტებს აკადემიური პროცესის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, თუ ერთხელ ვერ შეძლებს სტუდენტი გაიაროს საგანი, მას აქვს საშუალება მეორედ და მესამედ აირჩიოს იგივე დისციპლინა, რაც საშუალებას აძლევს გარკვეულ შედეგზე გავიდეს.

ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი ალბათობით, სტუდენტები შეგნებულად იტოვებენ სამჯერ ერთ საგანს, იმისთვის, რომ შემდეგ შიდა მობილობის წესით ისარგებლონ და ფაკულტეტი შეიცვალონ. წარმოიდგინეთ, რომ სტუდენტი მოგზაურობს ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე და მას არ ემუქრება სტატუსის შეწყვეტის საშიშროება და ასე დაუსრულებლად.

ვაჟები უფრო დაწინაურდნენ ამ სტატისტიკაში, სპეციალურად სარგებლობენ ამ რეგულაციით იმისთვის, რომ არმიაში გაწვევას დახვდნენ სტუდენტის სტატუსით. შესაბამისად, ჩვენ შემოვიტანეთ მარეგულირებელი წესი, მეორე და შემდეგ დამატებით სემესტრებზე, სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სრულად სემესტრის ღირებულება. რვა სემესტრია ბაკალავრიატში სწავლა, თუ სტუდენტს დასჭირდა პირველი დამატებითი სემესტრი, რაც შეიძლება მოხდეს ობიექტური გარემოებების გამო, იგი იხდის მხოლოდ კრედიტზე მიბმულ თანხას, ხოლო მას შემდეგ, თუ დაჭირდა მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე და ასე უსასრულოდ, უნივერსიტეტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს ისეთ სტუდენტს, რომელსაც სწავლა არ უნდა და კარი გაუხსნას ახალ სტუდენტს. საავტორიზაციო კვოტა უნივერსიტეტს მოჭრილად მინიჭებული აქვს და ეს არის ხუთწლიანი სტაბილური მოცემულობა. შესაბამისად, თუ ასეთი სტუდენტი დაიკავებს ვაკანსიას, ახალ, მოტივირებულ სტუდენტს კარს ვერ გავუხსნით. იმისთვის, რომ გაგვეზარდა მოტივაცია ასეთი ტიპის სტუდენტებისთვის, გონივრულად გამოეყენებინათ თავისი დროითი რესურსი, შემოვიტანეთ ასეთი რეგულაცია, რომელიც, ვიმედოვნებთ, გაჭრის და მეთორმეტე სემესტრში მაინც დაამთავრებს ზოგიერთი სტუდენტი სწავლას", - განაცხადა თამარ ვეფხვაძემ.

ცხადია, ყველა სტუდენტის ჩაწერას ეს სტატია ვერ დაიტევდა, ამიტომ, შევარჩიეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელმაც არჩევნების გზით, სტუდენტური თვითმმართველობის ორი წარმომადგენელი დაამარცხა. სტუდენტებმა ლევან ლორთქიფანიძეს ნდობა სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოუცხადეს და მის აზრს სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე სტუდენტების დიდი ნაწილი იზიარებს:

"ძალიან არასწორი და უსამართლო მიდგომაა. დანაშაულია სტუდენტს გადაახდევინო იმაზე მრავალჯერ მეტი საფასური, რაც კრედიტთა კონკრეტული რაოდენობა ღირს. არ ვიცი უნივერსიტეტმა მსგავსი რეგულაცია რატომ შემოიტანა, მაგრამ ორ ვერსიაზე შეიძლება საუბარი:

1. მსგავსი რეგულაციის დაწესება, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის აზრით, აიძულებს სტუდენტს, რომ მან თავი აარიდოს დამატებით სემესტრში სწავლას. მაშასადამე, ამგვარი საფასურის დაწესებით სტუდენტს დამატებით მოტივაციას უქმნიან ზუსტ ვადაში დაამთავროს სასწავლებელი. ეს რეპრესიული მიდგომაა;

2. უნივერსიტეტი არის უკიდურესად ღარიბი დაწესებულება. შესაბამისად, ცდილობს ნებისმიერი ფორმით მოიპოვოს დამატებითი ფინანსური რესურსები. ამიტომ უარს არ ამბობს სტუდენტებისგან ნებისმიერი ფორმით ზედმეტი თანხის მოპოვებაზე. სენატის მომავალ სხდომაზე აღნიშნული საკითხის შესახებ სიტყვით გამოსვლას ვგეგმავ და აუცილებლად მოვუწოდებ საუნივერსიტეტო საზოგადოებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებისკენ", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია