"კლავიატურის ლომების" მიერ ტალახში ამოსვრილი ცნობილების რეაქცია და ფსიქოლოგის შეფასება

"კლავიატურის ლომების" მიერ ტალახში ამოსვრილი ცნობილების რეაქცია და ფსიქოლოგის შეფასება

საკმარისია, ამა თუ იმ საიტზე, ცნობილ ადამიანებზე მომზადებული სტატია თუ ინტერვიუ განთავსდეს (მეტადრე, "ამბები.გე"-ზე), მკითხველი კომენტარების ნაწილში მაშინვე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს. უმეტეს შემთხვევაში, ეს კომენტარები ნეგატიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნება ლანძღვა-გინებისა და დისკრედიტაციის ობიექტი ხდება...

აი, თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მათგანი:

ნიკა ქავთარაძის ინტერვიუს ქვეშ მიწერილი კომენტარი:

"შენ რომ ცოტათი აზროვნებდე, მიხვდებოდი, როგორ ზიზღს იწვევ უმეტეს ადამიანებში. ცოტა ხანს მოეფარე თვალს გირჩევ

ეთო"

***

"ნეტავ იმას, ვინც შენ გისმენს და რამედ მიაჩნიხარ, შენ ნაცარჩამოუბერტყავო, ნეტავ, ვინ გგონია შენი თავი?

ნატა"

ნინა წკრიალაშვილის ინტერვიუს ქვეშ დატოვებული კომენტარები:

"ნუთუ ვინმეს აინტერესებს წკრიალაშვილის აზრები?

გია"

***

"ეეეე, წკრიალაშვილო! შენ ცოტა ხომ არ გაჟრიალებს???????

თემური"

***

"ამათ მეტი ქალბატონები არ არსებობენ? დაეტიონ სახლში, ნორმალურ ქალბატონებზე გაამახვილეთ ყურადღება!"

***

"წკრიალაშვილი და ჯაზი? ღმერთო შენ გვიშველე! როდემდეეეეეეეეეე?

შორენა"

კომენტარები თამუნა მუსერიძის ინტერვიუს შემდეგ:

"ან ერთხელ რა გასათხოვარი იყო?

მესამედ ხომ საერთოდ!

ქიუ"

***

"მართლა ბნელო, ვერ გაგირკვევია, "კაზანტიპი" რომ სიბნელე და გარყვნილებაა, იქ გულაობენ, ნარკოტიკები და მოგულავე ქალები. უკრაინაში დიდი ნეგატივია ამ ყველაფრის მიმართ. შე ბნელო, რას იჩემებ, რომ განათლებული ხარ...

ნატო"

***

"ჩვენ რა დანაშაული გვაქვს, ამათი სიფათების ყურება გვიწევს დაუსრულებლად????

აფერუმს!!!"

ამის შემდეგ დავუკავშირდით თავად იმ ადამიანებს, ვისაც საიტზე კომენტარების გრაფაში ასე ამკობენ. საინტერესოა, რას ფიქრობენ და განიცდიან, როდესაც საკუთარ თავზე ინკოგნიტო ადამიანებისგან ასეთ ფრაზებს კითხულობენ.

ნინა წკრიალაშვილი:

- კიდევ მლანძღავენ? სიმართლე გითხრათ, მასალის ქვემოთ მიწერილ კომენტარებს არც კი ვკითხულობ, იმდენად არ მაინტერესებს. რაღაცებს ხანდახან სხვები მეუბნებიან ხოლმე და არც ეგ მაინტერესებს...

მაგრად "გამიტყდება" მაგ კატეგორიას რომ მოვეწონო, რომლებიც ყველას ლანძღავს პროფესიის, სქესისა და წარმომავლობის მიუხედავად...

გულწრფელად ვამბობ, არ მაინტერესებს და თან, მაგრად მეცოდებიან მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის მიღმა რომ აქვთ სუბლიმაციის შანსი... დიახ, ეს მათი მხრიდან არის სუბლიმაცია და თუ ამით იცლებიან, დაე, დაიცალონ ჩემზე უარყოფითი კომენტარების წერით. წარმატებას ვუსურვებ ყველას და ისეთ საინტერესო და დატვირთულ ცხოვრებას, როგორიც მე მაქვს... მეტი საქმე არ მაქვს, ნერვები მაგაზე მოვიშალო.

ნიკა ქავთარაძე:

- რას ვფიქრობ, რას განვიცდი? ვფიქრობ იმაზე, საიდან ადამიანებს ამდენი ჩემთვის უცხო ემოცია. თუმცა შეიძლება მეც ვარ "ბრაზიანი," მაგრამ ამის გამოხატვას ვერიდები - სხვებს დისკომფორტი რომ არ შევუქმნა.

ძირითადად, ის კომენტარები ინტერვიუს არანაირად არ უკავშირდება ხოლმე. უბრალოდ ილანძღებიან.

ჩემში რა აღიზიანებთ? არ ვიცი, უამრავი მეგობარი მყავს - სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, სქესის - ყოველ მათგანს მოსწონს ჩემთან ურთიერთობა, საუბარი, გართობა. მეეჭვება ისინი ასე მწარედ ცდებოდნენ (მეგობრებს ვგულისხმობ). ალბათ ჩემი თავისუფლების ხარისხია ის, რის გამოც ერთ ნაწილს ვუყვარვარ და მეორეს ვაღიზიანებ.

- ის მეორე ნაწილი რა კატეგორიაა?

- დარწმუნებული ვარ, ის ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილია, თუმცა ძალიან საინტერესო თავიანთი სამყაროსადმი დამოკიდებულებით. ალბათ, რეალურ ცხოვრებაში უფრო ლაღები არიან.

- თავად ხომ არ გაგიკეთებია ოდესმე მსგავსი რამ?

- არა, მე არ ვმალავ ვინაობას. მეტსაც გეტყვით, რაზეც აზრის გამოხატვა მინდა, საკუთარ მოსაზრებას - ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე ვწერ.

- რა განაპირობებს შენ მიმართ ინტერნესაზოგადოების აგრესიასა და გაღიზიანებას?

თამუნა მუსერიძე:

- ის, რომ ეს ადამიანები ჩვენზე ჭორაობენ, თავისთავად ჩვენი ბრალია. თუ ადამიანს მიზეზს არ მისცემ, შენზე არ ილაპარაკებს... რატომ არ ლაპარაკობენ ექიმებზე, მასწავლებლებზე, დამლაგებლებზე? იმიტომ, რომ ისინი ისეთი დოზით არ ჩანან ეკრანზე და მასობრივად ადამიანებს არ აღიზიანებენ.

ერთი მხრივ, თვითონ ვახდენთ პროვოცირებას. თუ გამოჩენა არ გვინდა და შემდგომ ჩვენი პიროვნებების განხილვა, ნუ გამოვჩნდებით. ვინ გვექაჩება?!

- ისე მელაპარაკები, თითქოს აღსარებას მაბარებდე...

- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მეორე მომენტიც არის. იმ კომენტარებს ბევრი ისეთი ადამიანი წერს, რომელიც ასჯერ იმაზე უარესს სჩადის, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად აღებული, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებს, რომ თვითონ კარგად გამოჩნდეს და ვითომ შენს უარყოფით თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. არადა, ვერც ერთი მათგანი ვერ წერს თავის ნამდვილ სახელს და გვარს იმიტომ, რომ შენთან დაპირისპირების ეშინია. თან იცის, რომ მართალი არ არის.

მარინა კაჭარავა, ფიქოლოგ-ფიზიოლოგი:

- ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლებია, პოლიტიკურად რთული სიტუაციაა (ომები, გადატრიალებები, გაუთავებელი მიტინგები, სოციალური სიდუხჭირე, უთანასწორობა, უსამართლობის განცდა). რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანებს დაგროვებული ჰქონდეთ დიდი აგრესია. ამასთან, მათ ამ აგრესიის გამოხატვისა და განმუხტვის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. საუბედუროდ, არც ბრაზის, აგრესიის, ემოციის მართვა. ამიტომაც არის, რომ ამდენმა დაგროვებულმა უარყოფითმა მუხტმა გამოსავალი ერთმანეთის მიუღებლობაში ჰპოვა. არ შეგვიძლია მივიღოთ განსხვავებული ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს. არათუ მივიღოთ, მისი გადაკეთება გვსურს, არათუ გადაკეთება, მასზე ძალადობა გვინდა, მისი ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა. ამასთან, ისტორიულად საოცრად კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე ხალხი ვართ...

კომუნიკაცია არ არის მხოლოდ გამარჯობის თქმა, ან მოკითხვა: - როგორ ხარ? კომუნიკაციაა უპირველესად, ადამიანის მიღება ისეთად, როგორიც არის. ადამიანი ისე უნდა მიიღო, პირობა არ წაუყენო. ეს ეხება მშობლებსა და შვილებს, და-ძმას, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს. მიღება კომუნიკაციის ერთ-ერთი "ოქროს წესია". ასევე მნიშვნელოვანია ემპათიის უნარი, რომელიც ადამიანებში ასევე ნაწილობრივ დაკარგულია.

- რას გულისხმობთ?

- ემპათია თავის სხვის ადგილას დაყენებაა, დაინახო მისი გაჭირვება, იგრძნო მისი მდგომარეობა. შეეცადო, მისი თვალით შეხედო სამყაროს. პიროვნება თუ ასე მოიქცევა, აგრესიული სხვა ადამიანის მიმართ ვეღარ იქნება. მას მეტი ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის უნარი ექნება.

- როგორც ჩანს, ადამიანს ადამიანის შეწყნარება ყველაზე მეტად უჭირს?

- დიახ და განსაკუთრებულად ამა თუ იმ პიროვნების უპირობო მიღება. დიახ, გვიჭირს ემპათია, რადგანაც გვაქვს ან სიმპათია, ან ანტიპათია. ემპათია კი სხვა რამ გახლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომწონხართ, ან არ მომწონხართ, რაც მაინც შეფასებითი დამოკიდებულებაა. ემპათია ნიშნავს იმას, რომ მე მესმის თქვენი!

- ალბათ, შეფასებითი დამოკიდებულება ზოგადად ადამიანებს შორის ურთიერთობას აფუჭებს.

- დიახ, მართალი ბრძანდებით. თანაგანცდა ზოგადად ურთიერთობაში აუცილებელია... სოციალური ქსელი იმის საშუალებას იძლევა, რომ დავინახოთ, თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები ლანძღვითა და უშვერი სიტყვებით აგრესიას, რითაც ასე ვთქვათ, გულს იფხანენ... იმას, რასაც ვერ ახერხებენ ცხოვრებაში, შეუძლიათ, სოციალური ქსელის საშუალებით მოახერხონ. ვირტუალური სამყარო ამის საშუალებას იძლევა, - ადამიანს ნიღბავს და ოცნების ასრულების საშუალებასაც აძლევს. ჰოდა, ის იქ არის საოცრად აგრესიული, გულწრფელიც და მთელი მისი უარყოფითი დამოკიდებულებით შეუძლია, ადამიანი ტალახში ამოსვაროს...

ეს ადამიანები სოციალურ ქსელში ცდილობენ, ფსევდონიმით წარდგნენ, ან შეცვლილი სახელითა და გვარით იმის გამო, რომ შემდგომ არ მოეკითხოთ. მოგეხსენებათ, ასეთი აღვირახსნილი აგრესია არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს და როგორც წესი, აგრესია აგრესიას იწვევს. მაგრამ ამ უკუკავშირის არ არსებობის გამო ისინი ცალმხრივად ეწევიან ამ ლანძღვა-გინებას, დისკრედიტაციას. ასე რომ, ბევრი კარგი და სამაგალითო ადამიანი სოციალურ ქსელში ისეთი გალანძღული, შეურაცხმყოფელი "ეპითეტებით" შემკულია, რომ გავოცებულვარ...

ეს ყველაფერი კი ხდება იმიტომ, რომ ესა თუ ის ადამიანი ვიღაცის ჩარჩოსა და ღირებულებათა სისტემაში არ ჯდება, ამიტომ შეუძლია, შეურაცხყოფა მიაყენოს... ბევრი რამ არ მომწონს და ბევრის ქცევა არ მსიამოვნებს, მაგრამ არ მაქვს უფლება, ადამიანს რამეზე მივუთითო. პედაგოგის რანგშიც კი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს ადამიანი, ანუ უნდა იცოდეს, როგორ ასწავლოს. სწავლება კი ხდება არა დირექტივებით, მენტორული ტონით, ლანძღვა-გინებითა და მუშტი-კრივით, არამედ ჩემი მეორე პიროვნებისადმი დამოკიდებულებით.

სამწუხაროდ, სხვებს ვაკრიტიკებთ მთელი გულითა და დიდი ძალისხმევით და ჩვენ მიმართ მომართული კრიტიკა არ მოგვწონს. იმიტომ, რომ კრიტიკა თავის თავში შეიცავს განკითხვას. ჩვენ ვაძლევთ თავს უფლებას, ვლანძღოთ, ვაკრიტიკოთ, ვაგინოთ სხვა, რაც არ არის ქცევის, ან მოვლენის ანალიზი, რაც მისაღებია, მაგრამ აქ ლაპარაკია უპირობო ლანძღვა-გინებაზე, თავსლაფისა და ერთმანეთისთვის ტალახის შესხმაზე... ამ მოვლენაზე საუბარი ნამდვილად საჭიროა და არ მიმაჩნია, რომ მასზე მხოლოდ სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ, ამ საკითხზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს. აზრის შეფუთვას დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ამ პოზიციას, ფსიქოლოგიაში "სენდვიჩს" უწოდებენ: "პლუსი, მინუსი, პლუსი".

- ეს რას ნიშნავს?

- ვთქვათ, მე მაქვს რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება თქვენი ქცევისადმი, თქვენი პიროვნებისადმი, შეფასებისას ჯერ ის პოზიტიური უნდა აღვნიშნო და მერე ვთქვა ნეგატივი და საუბარი ისევ პოზიტივით დავასრულო... 

ლალი ფაცია

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია