ვინ იყო სურამელი კაცი, ვისაც სიკვდილი კენჭისყრით ერგო

ვინ იყო სურამელი კაცი, ვისაც სიკვდილი კენჭისყრით ერგო

კომკავშირის ხაშურის რაიკომში ჩვეულებრივი, რიგითი სამუშაო დღე მთავრდებოდა, როდესაც პირველი მდივნის კაბინეტში უშიშროების ხაშურის განყოფილების უფროსი, კუკური ცქიტიშვილი შევიდა და სულ ათიოდე წუთი დაჰყო მდივანთან. მისი წასვლის შემდეგ კი, იმავე კაბინეტში საორგანიზაციო საქმეთა განყოფილების უფროსი, ოთარ ხაჩიძე იხმეს.

- ხვალ, დილის 8 საათზე, ჩვენი აქტივისტი ათი კაცი მაინც, საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკასთან უნდა იყოს, - მიიღო მან დავალება. რისთვის და რატომ, ეს არ იცოდა არც მდივანმა და მით უმეტეს, არც - საორგანიზაციო განყოფილების გამგემ. როგორც შემდეგ გაირკვა, არც ხაშურის სუკ-ის შეფმა იცოდა, რისთვის იყვნენ საჭირო აქტივისტები. ოპერაცია, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ, ძალზე მაღალ ინსტანციებში, საქართველოს გარეთ დაიგეგმა, გრიფი "სრულიად საიდუმლოც" დაედო და მისი ძირითადი არსის შესახებ ალბათ ორმა-სამმა კაცმა თუ იცოდა.

კომკავშირელები დილის 7 საათზე, საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკასთან შეიკრიბნენ. რამდენიმე წუთში ფაბრიკასთან ოთხი "იკარუსის" მარკის ავტობუსი გაჩერდა. კომკავშირელები სწრაფად აიყვანეს ავტობუსებში და მთლიანად შეიარაღებული ჯარისკაცების გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ავტობუსები სწრაფად დაიძრნენ, ხაშურს გასცდნენ და გეზი სურამისკენ აიღეს. სურამის ე.წ. გადასასვლელ ხიდთან ორი "იკარუსი" მაღლიდან, ე.წ. "ახალი გზიდან" შევიდა დაბაში, ორმა კი სურამში - ციხის გადასახვევთან დაამუხრუჭა.

ავტობუსებიდან ისეთი სისწრაფით გადმოცვივდნენ ჯარისკაცები და ისე სწრაფად დაიკავეს ებრაელებით დასახლებული უბნის ყველა მისასვლელი თუ პატარა ჩიხი, რომ როგორც ჩანდა, რუკები თუ გეზმაჩვენებლები წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი და რეპეტიციაც - გავლილი. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა და უბანი მთლიანად ჩაიკეტა. საინტერესო დეტალი: უბანში შესვლის მსურველებს, ოპერაციის მსვლელობისას, დაუბრკოლებლივ შეეძლოთ გადაელახათ ჯარისკაცების კორდონი თუ პოსტები და ნებისმიერ სახლში შესულიყვნენ; აი, გამოსვლით კი ძეხორციელი ვერ გამოაღწევდა იქიდან. რაც შეეხება ჯარისკაცებს, ისინი თბილისში დისლოცირებული, მე-8 პოლკის მოსამსახურენი იყვნენ. ეს პოლკი კი, მოგეხსენებათ, "კაგებეს" დაქვემდებარებაში იყო.

ე.წ. "აბლავა" ამ უბანში არაერთხელ მომხდარა, მაგრამ როგორც წესი, ასე ვთქვათ, საჩვენებელ ხასიათს ატარებდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ვითომდა მაშინდელი ხელისუფლება სპეკულაციას ებრძოდა. სინამდვილეში კი ამ გზით შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების მსხვილი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექებოდა. ორივე მხარე - ერთი მხრივ, ხელისუფლება, მეორე მხრივ კი, ებრაელთა სათემო, მკაცრად იცავდა დადგენილ წესებს. ყოველთვიურად მოლაპარაკებული და დადგენილი "სტავკა" საჭირო მისამართზე მიდიოდა.

ამიტომაც იყო, რომ ჩვეულებრივი "რიგითი აბლავების" შესახებ წინასწარ იცოდა ყველამ და უბანიც, ასე ვთქვათ, მომზადებული ხვდებოდა "ხიფათს". ეს ოპერაცია კი, გასაიდუმლოებული იყო და მის შესახებ ალბათ მხოლოდ საქართველოს სუკ-ის მაშინდელმა შეფმა და მისმა ერთი-ორმა მოადგილემ იცოდა.

მაშ, ასე, ოპერაციის პირველი ნაწილი წარმატებით განხორციელდა. ვერც ერთმა ოჯახმა, ვერც ერთმა კაცმა ვერაფრის გადამალვა თუ კონსპირირება ვერ მოასწრო. პირდაპირ ხელისგულზე გადაშლილი დახვდათ ყველაფერი. საინტერესოა, რომ მთავარი "დარტყმა" დაახლოებით 10-15 ოჯახზე განხორციელდა, სადაც ტოტალური ჩხრეკა დაიწყო. უბნის დანარჩენი მოსახლეობის ბინებში კი, შედარებით "მსუბუქი" დათვალიერებები ხდებოდა. ძირითადი და საქმეში გაწაფული ძალები სწორედ იმ ოჯახებში შეიჭრა. როგორც გამოჩნდა, მათ შესანიშნავად იცოდნენ კონკრეტული მისამართები და ყოველგვარი კითხვების გარეშე შევარდნენ ამ სახლებში. ყველაფერს ჩხრეკდნენ - სხვენებს, სარდაფებს, საკუჭნაოებს, ტუალეტებსაც კი. ბევრგან იატაკის ფიცრებიც კი აყარეს.

კედლებშიც ეძებდნენ საიდუმლო საცავებს. თითოეულ სახლში მინიმუმ ხუთი კაცი დაძრწოდა და თავდაყირა აყენებდა ყველაფერს. რაც შეეხება კომკავშირელებს, ისინი ბინებს არც გააკარეს. მათ თავიდანვე მკაცრად აუკრძალეს ვინმესთან კონტაქტი და ჩხრეკის დასრულებამდე ქუჩაში აცდევინეს. ბოლოს კი, რაღაც ფურცლებზე მოაწერინეს ხელი.

ჩვენ რამდენიმე მათგანი მოვიძიეთ. დღემდე არც იციან, რაზე მოაწერეს ხელი. როგორც ჩანს, "კაგებეს" დავალებული ჰქონდა, ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიეცა და გარკვეული ოქმები ამისთვის შედგა, თუმცა შემდეგ ეს ოქმები თვალით აღარავის უნახავს. არადა, თვითმხილველთა გადმოცემით, სახლებიდან უამრავი რამ გამოზიდეს. იმდენი უცხოური საქონელი დაგროვდა, რომ წინასწარ მომზადებული სპეციალური ტომრები საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ პირდაპირ ყრიდნენ ავტომობილებში. ასევე დაილუქა ძალიან დიდი რაოდენობით მსხვილი ასიგნაციები, ძვირფასეულობა და ოქრო. საერთო ჯამში, ასეულათასობით მანეთის საქონელსა და ძვირფასეულობას მიაგნეს.

დღეს შეუძლებელია კონკრეტული ციფრის დადგენა, რადგან "კაგებეს" არქივები ამის შესახებ არაფერს იუწყება და რომც შეძლოს კაცმა ამ არქივების ჩხრეკა, ვეჭვობთ, რამეს მიაგნოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგარი ოქმები არც არქივისთვის იყო გამიზნული და არც სასამართლოებისთვის. თუ დღევანდელ კურსს შევუსაბამებთ, მაშინდელი ასეულათასები დღეს უკვე მილიონებია და მაშინდელი კორუფციის ჭაობში ჩაფლული რომელი ჩინოვნიკი გაუშვებდა ხელიდან ასეთ ლუკმას?! მით უმეტეს, რომ არც გამკითხავი იყო ვინმე. რომელი ინსტანცია გაუბედავდა და მოსკოვში "კაგებეს" გენერლებს ჩხრეკისას ამოღებულ ძვირფასეულობას მოსთხოვდა?

მაინც რა იყო ასეთი საიდუმლო ოპერაციის მიზეზი? რა მოხდა ისეთი, რამაც დაარღვია მაშინდელი ერთგვარი შინა განაწესი - "მე გიხდი იმაში, რომ შენ "არ დაინახო", რასაც ვაკეთებ". როგორც ჩანს, საქმე იმაზე შორს წავიდა, ვიდრე ჩვეულებრივი ვაჭრობა ან, როგორც სოციალისტური კანონები ითვალისწინებდა, სპეკულაცია იყო და ისეთი ნივთი (თუ ნივთები) წამოტივტივდა, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სქემაში ჯდებოდა. ამიტომაც ჩაერია საქმეში "კაგებე", ხოლო მილიცია გვერდზე გააჩოჩა.

წაიკითხეთ სრულად gzapress.ge -ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია